Facebook Twitter

საქმე №ას-1088-1025-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. ვ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის სასამართლო პროცესზე მოპასუხემ სარჩელი ცნო.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შემცირდა 2013 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუს ვ. ნ-ის მიერ კრედიტორ ე. მ-ზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სააღსრულებო თანხის მოცულობა და აღსასრულებელ მოცულობად განისაზღვრა 19635.20 აშშ დოლარი.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-ემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით ნ. ვ-ის წარმომადგენლის მ. ა-ის განცხადება სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 18 სექტემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტს ნ. ვ-ეს გაეგზავნა უწყება 2015 წლის 13 ივლისს და ჩაბარდა 2015 წლის 1 აგვისტოს. პალატამ განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენლის, მ. ა-ის განცხადება ვერ გახდებოდა სხდომის გადადების საფუძველი, ვინაიდან პირადად აპელანტის, ნ. ვ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, მ. ა-ის განცხადება სხდომის გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ვ-ემ.

8. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ნ. ვ-ის სარჩელი მოპასუხე ე. მ-ის მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა: შემცირდა 2013 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუს ვ. ნ-ის მიერ კრედიტორ ე. მ-ე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სააღსრულებო თანხის მოცულობა და აღსასრულებელ მოცულობად განისაზღვრა 19635.20 აშშ დოლარი.

10. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა მოსარჩელე ნ. ვ-ის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას.

11. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ნ. ვ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ე. მ-ე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელ მოცულობად 19 000 აშშ დოლარის განსაზღვრას, რაც მის სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

13. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. ამდენად, პირი სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ვ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის 17 სექტემბერს სასამართლოს ეცნობა 18 სექტემბერს, 14:00 საათზე სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მხარის გამოუცხადებლობა არ მიიჩნია საპატიოდ და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აპელანტს არ მისცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება სადავო საკითხთან დაკავშირებით.

16. ამასთან, საჩივრის ავტორის განცხადებით, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ 635.20 აშშ დოლარით ზედმეტი თანხა დააკისრა მოსარჩელეს, რაც სადავო გახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

20.საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. აღნიშნული ნორმის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება.

21.მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ვ-ემ ე. მ-ის მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუს ვ. ნ-ის მიერ კრედიტორ ე. მ-ე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სააღსრულებო თანხის 19635.20 აშშ დოლარამდე შემცირება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 1-12).

22.დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ე. მ-მა ცნო სარჩელი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 86-87; სხდომის ოქმი 14:29:04), ხოლო ამავე სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შემცირდა 2013 წლის 4 დეკემბერს ნოტარიუს ვ. ნ-ის მიერ კრედიტორ ე. მ-ე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სააღსრულებო თანხის მოცულობა და აღსასრულებელ მოცულობად განისაზღვრა 19635.20 აშშ დოლარი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 86-87).

23.პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის სიტყვიერ განმარტებას, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სააღსრულებო თანხის მოცულობის 19000 აშშ დოლარამდე შემცირება, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე. აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული. საქმეში არსებული არცერთი სხდომის ოქმით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ შეცვალა (გაადიდა ან შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა თავად მოგებულმა მხარემ (ნ. ვ-ემ), არ არსებობს მისი დაშვების კანონისმიერი საფუძველი.

24.რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას აპელანტის წარმომადგენლის სააპელაციო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გამოიკვეთა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის კანონისმიერი პირობა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე მაშინაც კი, თუ საქმის მასალებით გამოიკვეთება სააპელაციო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლები.

25.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე