Facebook Twitter

საქმე №ას-1098-1034-2015 22 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ბ-ე (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. შ-ე, შ. შ-ის უფლებამონაცვლე პ. შ-ე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...", ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ..." (მოწინააღმდეგე მხარეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. და შ. შ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობების „ი. ...“-სა და ი. ...“-ის მიმართ და მოითხოვეს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, საცხოვრებელი ფართისა და ავტოფარეხის გადაცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დ. და შ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რაზეც დ. და შ. შ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს.

4. მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით დ. შ-ის და შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და სარჩელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის მიმართ მოთხოვნების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ. და შ. შ-ი აღიარებულ იქნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის პირველი კატეგორიის მენაშენეებად, რომელთაც შესრულებული აქვთ ვალდებულება – ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ვ-ას გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით კორპუსში დ. შ-ეს ანაზღაურებული აქვს 114.40 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ-ეს – 100 კვ.მ სამოთახიანი ბინის ღირებულება, დ. შ-ის და შ. შ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივნისის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. 2014 წლის 17 ივლისს რ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით რ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ფიზიკურ პირებს დ. და შ. შ-ს და ამხანაგობას შორის დავაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებულია აღიარებითი მოთხოვნა მოსარჩელეების მიერ ამხანაგობის წინაშე ორი ბინის ღირებულების გადახდის ვალდებულების შესრულების აღიარების თაობაზე.

10. ამის შემდეგ, დ. შ-ემ აღძრა მიკუთვნებითი სარჩელი ამხანაგობების და დამფუძნებელ წევრთა წინააღმდეგ, რაზეც მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. V, ს.ფ. 144). გადაწყვეტილებით დ. შ-ის სარჩელი ლ. ლ-ის, ლ. მ-ას და ლ. დ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო პალატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მართალია, მოპასუხე ლ. მ-ა, ლ. დ-ე და ლ. ლ-ი არ მონაწილეობდნენ მხარედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის #2ბ/4323-11 გადაწყვეტილებით განხილულ დავაში, მაგრამ ისინი ვერ აქარწყლებენ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.12.2013წ. გადაწყვეტილება, 3.2.7. პუნქტი); ანუ, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მითითებული ამხანაგობის წევრები პირადად არ მონაწილობდნენ თავდაპირველ სარჩელში მოპასუხის სახით (თავდაპირველ სარჩელში მოპასუხეები იყვნენ ამხანაგობა „ი. ...“ და ამხანაგობა „ი. ...“), შემდგომი საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროს სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მიიჩნია პრეიუდიციულად მათ მიმართ და თავიდან იმსჯელა მტკიცების საგანში შემავალ სადავო გარემოებაზე (რომ დ. შ-ეს სრულად აქვს შესრულებული 114,40 კვ.მ ფართის ღირებულების გადახდის ვალდებულება). პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და კანონიერ ძალაში შესული არ არის.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შ. შ-ის უფლებამონაცვლე პ. შ-ის მიერ აღძრულ სარჩელში (თანხის დაკისრების თაობაზე) მოპასუხე ფიზიკურ პირთა შორის ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებულია რ. ბ-ე (ტ.V, ს.ფ.143-177). მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები და სასამართლო განჩინებითაც მოხდა მტკიცებულებათა გამოთხოვა. მაგალითად, 2014 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ერთ-ერთი მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მოსარჩელეს დაევალა დაზუსტებულ სარჩელზე თანდართული განკარგულების და კრების ოქმების დედნის წარმოდგენა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შესაბამისად, რ. ბ-ე უფლებამოსილია საქმეში, სადაც ის დასახელებულია ერთ-ერთ მოპასუხედ, სხვა მოპასუხეთა მსგავსად დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით სრულად უზრუნველყოს თავისი მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უფლებების რეალიზაცია კანონით დადგენილი წესის დაცვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

12. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ მას ამხანაგობის სხვა წევრებთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდა და არც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა შ-ის საქმის თაობაზე, სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოება სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ბ-ის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

14. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებულ დაკვნას იმის თაობაზე, რომ რადგან დღეისათვის პ. შ-ეს აღძრული აქვს სარჩელი ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიმართ, სადაც მოპასუხედ დასახელებულია რ. ბ-ე, არსებობდა რ. ბ-ის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ რ. ბ-ის უფლებებს ზიანს აყენებს ასევე სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც იგი ასევე არ ყოფილა მხარედ მოწვეული. საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პ. შ-ე არ აღძრავდა სარჩელს ისმებოდა კითხვა - ექნებოდა თუ არა სასამართლოს იგივე საფუძველი უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლებაზე. სადავო გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებთა საყოველთაო დეკლარაციის მე-6 მუხლი - სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არ მიიჩნია პრეიუდიციად, არ ნიშნავს პირისათვის პროცესში მონაწილეობის უფლების მოსპობას, თუნდაც მონაწილეობა სხვა პროცესში არ გამორიცხავს პირის შესაძლებლობას დაიცვას უფლებები მის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა პროცესში, სადაც საპროცესო უფლებების განხორციელება მხარის უფლებაა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესში, სადაც მოსარჩელეა შ. შ-ის უფლებამონაცვლე პ. შ-ე, მტკიცებულებად წარმოდგენილია ის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ფაქტი დ. და შ. შ-ის მიერ ამხანაგობის წინაშე ორი ბინის ღირებულების გადახდის ვალდებულების შესრულების აღიარების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლო ვერ მიიღებს აღნიშნულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, რადგან ეს ფაქტი ერთხელ უკვე დაადგინა სასამართლომ და თუ იგივე ფაქტი სხვაგვარად იქნება დადგენილი, გამოდის, რომ ერთ ან მეორე შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ პრაქტიკულად მოუსპო მხარეს სასამართლოსთვის მიმართვის სასამართლოსთვის მიმართვისა და საკუთარი უფლებების დაცვის კონსტიტუციით აღიარებული უფლება. აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება ასევე 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

19. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში. კერძოდ, ამ ნორმის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

20. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი, რ. ბ-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც ამხანაგობა „ი. ...“-ის დამფუძნებელი წევრი, აღნიშნული საქმის განხილვაზე არ იყო მოწვეული მხარის სტატუსით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება უშუალო გავლენას ახდენდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე.

21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით დ. შ-სა და შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ისა და ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და სარჩელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის მიმართ მოთხოვნების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ. და შ. შ-ი აღიარებულ იქნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის პირველი კატეგორიის მენაშენეებად, რომელთაც შესრულებული აქვთ ვალდებულება – ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ვ-ას გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით კორპუსში დ. შ-ეს ანაზღაურებული აქვს 114.40 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ-ეს – 100 კვ.მ სამოთახიანი ბინის ღირებულება, დ. შ-ის და შ. შ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 3. ს.ფ. 506-519). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი არის რ. ბ-ე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 46-51), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ამხანაგობა „ი. ...“-ის პირველი კატეგორიის მენაშენეს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც მოითხოვს რ. ბ-ე, უშუალოდ ეხება მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და იგი არ იყო მოწვეული მხარის სტატუსით საქმის განხილვაზე. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 28 ივნისს მიღებულ განჩინებას ამხანაგობა „ი. ...“-ისა და ამხანაგობა „ი. ...“-ის მიმართ დ. და შ. შ-ის მიერ აღძრული სარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ დ. და შ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა: ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ვ-ას გამზირს შორის, ამიერკავკასიის მუზეუმის დასავლეთის საცხოვრებელი მშენებარე სახლის მე-2 და მე-3 სართულზე განთავსებულ ფართს და მოპასუხეებს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-სა და ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ს აეკრძალათ პირველი კატეგორიის მენაშენეთათვის განთავსებულ ფართში, კერძოდ, მე-2 და მე-3 სართულზე განთავსებული ბინების განაწილება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 70). აღნიშნულ განჩინებაზე 2005 წლის 26 ივლისს კერძო საჩივარი შეიტანეს რ. ბ-ემ და ბ. ბ-მა (ტ. 1. ს.ფ. 73). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 აგვისტოს განჩინებით რ. ბ-სა და ბ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის განჩინება და მოეხსნა ყადაღა რ. ბ-სა და ბ. ბ-ის საკუთრებას მდებარე, ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ვ-ას გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით III სადარბაზო, სართული III (მშენებარე) ბინა #27, წილობრივი მონაცემი 178.3 (იხ. ტ. 1. ს.ფ. 113-114).

24. აღნიშნული დოკუმენტებით დგინდება, რომ დ. და შ. შ-სა და ბინათმშენებლობის ამხანაგობებს „ი. ...“-ს და „ი. ...“-ს შორის ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ვ-ას გამზირს შორის, ამიერკავკასიის მუზეუმის დასავლეთით მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული ფართების თაობაზე მიმდინარე სამოქალაქო დავის შესახებ რ. ბ-ე ინფორმირებული იყო ჯერ კიდევ 2005 წლის 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე და აღნიშნული საქმის წარმოების შესახებ მისთვის ცნობილი არ გამხდარა შ. შ-ის მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ისა და ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. ...“-ის წევრების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ჩაბარების შემდეგ. ამრიგად, მას შეეძლო მოეთხოვა დავაში შესაბამისი საპროცესო სტატუსით ჩაბმა ჯერ კიდევ 2005 წელს - საქმის განხილვის საწყის ეტაპზე, ისევე როგორც სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული უფლება კი რ. ბ-ეს არ გამოუყენებია.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

26. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება რ. ბ-ის მიერ ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავაზე ინფორმირების ფაქტი ჯერ კიდევ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას გასაჩივრებული განჩინებით (გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) შეეზღუდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის კანონით გარანტირებული უფლება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ არ არსებობდა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესუალური საფუძველი.

27. საკასაციო სასასასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ შ. შ-ის უფლებამონაცვლე პ. შ-ის მიერ რ. ბ-ის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე დავაში რ. ბ-ე უფლებამოსილია, სხვა მოპასუხეთა მსგავსად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს თავისი მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უფლებების რეალიზაცია.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ბ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე