საქმე №ას-1114-1048-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს. ბ-ის" წარმომადგენელი ა. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ე, მ. თ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების გა.ხლება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს. ბ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-სა და მ. თ-ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა".
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სს „ს. ბ-ის" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელს, ა. კ-ს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა 2015 წლის 28 ივლისს (ს. ფ. 148). შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2015 წლის 29 ივლისს და ამოიწურა 2015 წლის 11 აგვისტოს. სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 12 აგვისტოს, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
7. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძვლები.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ს. ბ-ის" წარმომადგენელმა ა. კ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტთ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
10. კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებაზე და აღნიშნავს, რომ აგვისტოს თვეში იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, 2015 წლის 8 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში“ გადიოდა სამკურნალო პროცედურებს, რადგან ჰქონდა მწვავე ვირუსული ინფექცია, სამკურნალო პროცედურები მოიცავდა მკაცრ წოლით რეჟიმს და ინტენსიურ გამოკვლევებს საავადმყოფოში, შესაბამისად, 12 აგვისტომდე ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა და სააპელაციო საჩივრის ვადის დაცვით წარდგენა.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენლის ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
15. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თა.ხმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს, 2015 წლის 28 ივლისს და პირადად ჩაიბარა აღნიშნული დაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 148), შესაბამისად 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა მისთვის დაიწყო 2015 წლის 29 ივლისიდან და დასრულდა 2015 წლის 11 აგვისტოს. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სს „ს. ბ-ს“ ამოეწურა 2015 წლის 11 აგვისტოს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 12 აგვისტოს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 215-ე მუხლების შესაბამისად გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
22. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებდა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენლის, ა. კ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
24. კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს გასაჩივრების ვადის ამოწურვის დროისათვის ჯანმრთელობის გაუარესებაზე და კერძო საჩივარს ურთავს საქართველოს საპატრიარქო ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 16 ოქტომბრით. აღნიშნულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ა. კ-მა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამბულატორიას მიმართა 2015 წლის 8 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 198).
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა სს „ს. ბ-ის“ დაიწყო 2015 წლის 29 ივლისიდან და დასრულდა 2015 წლის 11 აგვისტოს, ხოლო კერძო საჩივარზე დართული ცნობით დასტურდება, რომ სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენლის ა. კ-ის ჯანმრთელობა მდგომარეობა გაუარესდა 2015 წლის 7 ოქტომბერს (ამავე წლის 8 ოქტომბერს მან მიმართა ამბულატორიას) (იხ. ს.ფ. 198). ამრიგად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოსაზრება ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
26. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებშიც, კი თუ დადასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელს, ა. კ-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარედგინა საპროცესო ვადის დაცვით, აღნიშნული გარემოება მაინც ვერ გახდებოდა მის მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - სს „ს. ბ-ი“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს ორგანიზაციის თანამშრომელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული თა.მშრომლის მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო ობიექტური (საპატიო) მიზეზებით, აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავდა სს „ს. ბ-ის“ მიერ საკუთარი უფლებების სხვა თანამშრომლის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენლის, ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე