Facebook Twitter

№ ას-560-531-2015 10 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. დ-ე (მოსარჩელე), კ. ა-ი, ა. ა-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015წლის 7 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობიდან წარმოშობილი ურთიერთობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. დ-ემ სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კ. ა-სა და ა. ა-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების გადახდის, მფლობელობის უფლების შეწყვეტისა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. ი. დ-ე და შპს ,,ც-ას’’ დირექტორი რ. დ-ე 1993 წელს შეთანხმდნენ, რომ ი. დ-ე ქ. ბათუმში, მ-ის ქ. № ...-ში მდებარე შპს ,,ც-ას’’ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარებდა კაპიტალურ რემონტს და სანაცვლოდ მიიღებდა აღნიშნული შენობა-ნაგებობის 2/5 წილს საკუთრებაში. მოსარჩელემ შეასრულა აღნიშნული შეთანხმება და ჩაუტარა რემონტი როგორც შპს ,,ც-ას’’ ფართს, ისე შეთანხმებით მისთვის მიკუთვნებულ ფართს, რისთვისაც დახარჯა დაახლოებით 33 ათასი დოლარი. რემონტის დასრულების შემდგომ, ი. დ-ე შეუდგა მისთვის შეთანხმებით მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის ნაწილის ფლობას, თუმცა სამართლებრივად აღნიშნული შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ რჩებოდა შპს ,,ც-ა’’.

3. 1997 წლის 07 ოქტომბერს შპს ,,ც-სა’’ და ი. დ-ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ი. დ-ე გაჩუქდა ქ. ბათუმში, მ-ის ქ. №...-ში მდებარე შპს ,,ც-ას’’ საკუთრებაში არსებული შენობის 2/5 ნაწილი. ი. დ-ის მიერ მოხდა ნაჩუქარი ქონების აღრიცხვა საჯარო რეესტრში.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შპს ,,ც-ა’’ და ი. დ-ე იყვნენ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეები. კერძოდ: ქ. ბათუმში, მე-ის ქ. №...-ში მდებარე სახლმფლობელობაში ლიტერ ,,ა’’-ს საერთო ფართობის 193,26 კმ-ს ½ წილის მესაკუთრე იყო შპს ,,ც-ა’’, ხოლო დარჩენილი ½ წილის მესაკუთრე - ი. დ-ე.

5. 2010 წლის 17 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა ზემოხსენებულ ქონებაზე საზიარო უფლება და მოხდა აღნიშნული ქონების რეალურად გაყოფა შპს ,,ც-სა’’ და ი. დ-ეს შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2008 წლის 13 მაისის № 899/5 დასკვნის ვარიანტი ,,ა’’ დანართის შესაბამისად.

6. ზემოაღნიშნული ფართის ი. დ-ის მიერ რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის საკუთრებაში არსებული 96,63 კვ.მ ფართიდან 19,03 კვ.მ-ს ფლობდა და დღემდე ფლობს კ. ა-ის ოჯახი. მოსარჩელემ ა-ებს მოსთხოვა უკანონო ხელშეშლის შეწყვეტა, რაზეც მიიღო უარი. ი. დ-ემ 2012 წლის 24 იანვარს მიმართა პოლიციის შესაბამის განყოფილებას ნივთზე უკანონო მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა მითითებული ფართიდან პოლიციის მიერ ა-ების გამოსახლება არ მომხდარა.

7. მოსარჩელის განმარტებით, მან კ. ა-ს მოსთხოვა ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორდერი), რაზეც მიიღო უარი. ა-მა ასევე უარი განაცხადეს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნაზე.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, ვინაიდან იგი ვერ ახორციელებდა მის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობასა და განკარგვას, ერთადერთი გზა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ა-ის ოჯახის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა იყო.

9. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, იგი საკომპენსაციო თანხებს გასცემს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აღნიშნულის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ი. დ-ის მიერ ორჯერ იქნა სარჩელი შეტანილი, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო. საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული აქტი -ორდერი, რომლის საფუძველზეც მოხდა მოსარგებლე ა-ის შესახლება სადავო საცხოვრებელ სადგომში. სასამართლოს არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული ორდერის დედნის წარმოდგენა მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდა.

10. მოპასუხის განმარტებით, საბინაო კოდექსის ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ორდერით მოქალაქის შესახლება ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ან საბინაო ფონდის საკუთრებაში არსებულ სახლებში და არა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სახლებში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

11. მოპასუხე კარინა და ა. ა-მა უარი განაცხადეს სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე (იხ. ს. ფ. 63-73), მათ არ წარუდგენიათ შესაგებელი, ასევე უარი განაცხადეს სასამართლო უწყების ჩაბარებაზე (იხ. ს.ფ. 80-83).

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კ. ა-ის და ა. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 770 ლარის გადახდა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის (19.03 კვ.მ.) საბაზრო ღირებულების სანაცვლოდ; დადგინდა, რომ კ. და ა. ა-ს შეუწყდეთ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, მ-ის № ... (დაკავებული ფართი 19.03 კვ.მ.) მფლობელობის უფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების მიღების შემდეგ და დაეკისროთ ვალდებულება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცენ ნივთი ი. დ-ეს.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

16. ქ. ბათუმში, მ-ის (ყოფ. ე-ის) ქ. №...-ში მდებარე 96.63 კვ.მ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №... ეკუთვნის ი. დ-ეს.

17. ამ ქონებას, ა. მ-ის სახელზე ბათუმის საქალაქო საბჭოს მშრომელ დეპუტატთა აღმასკომის კომუნალური განყოფილების საბინაო სამმართველოს მიერ 1968 წლის 12 სექტემბერს გაცემული №506 ორდერის საფუძველზე, ფლობენ ა. მ-ის შვილები, კ. და ა. ა-ი.

18. კ. ა-ი და ა. ა-ი არიან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მოსარგებლეები“.

19. სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაეხადა კ. ა-სა და ა. ა-ის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება.

20. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ანჟელა მურადიანი მოსარჩელის კუთვნილ ბინაში შესახლებული არ ყოფილა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

21. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია. ეს კი ნიშნავდა, რომ ორდერი გაიცემოდა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების, ე.ი. ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

22. ა. მ-ის სახელზე გაცემული ორდერით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მისი გაცემის საფუძველი გახდა ბათუმის საქალაქო აღმასკომის 1968 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. ამის შესაბამისად, ანჟელა მურადიანმა სადავო ბინის მფლობელობა მოიპოვა სწორედ ადმინისტრაციული აქტით.

23. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კ. ა-სა და ა. ა-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტით გადაცემული ფართის ფარგლებში. სხვა საფუძვლით აპელანტს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძვლები.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

25. კასატორის აზრით, სადავო ადმინისტრაციული აქტი (ორდერი) არ უნდა იქნეს მიჩნეული იმ სახის ადმინისტრაციულ აქტად, რომელსაც ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონი ითვალისწინებს. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დოკუმენტის ასლი, რომელიც არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ი. დ-ის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტის თარგმანი კი არ არის სათანადო წესით დამოწმებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოცემული მტკიცებულება მაინც დასაშვებად სცნო და მასზე დააყრდნო სასამართლო დასკვნები და შეფასებები.

26. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ აქტად მიჩნეულ დოკუმენტსა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფართები არ ემთხვევა ერთმანეთს, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კ. ა-სა და ა. ა-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტით გადაცემული ფართის ფარგლებში,

27. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და განმარტავს, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილად მიაჩნია საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად ფლობის ფაქტი, ადმინისტრაციული აქტით მოსარგებლისათვის საცხოვრებელ სადგომზე მოპოვებული უფლება უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ საცხოვრებელ ფართზე, რომელიც უშუალოდ მითითებულია ადმინისტრაციულ აქტში და არა საცხოვრებელი ფართის გამოყენებისათვის აუცილებელ დამხმარე ფართზე.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-552-521-2011, #ას-942-885-2012, #ას-148-141-2013).

34. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე