Facebook Twitter

№ას-576-547-2015 15 დეკემბერი, .2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „გ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ლ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს ,,გ-ამ’’ სარჩელი აღძრა სს,,თ. ლ-ის’’ მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 9 აგვისტოს სს,,თ. ლ-სა’’ და შპს ,,ა. 1’’-ს შორის გაფორმდა ლ-ის ხელშეკრულება. იმავე დღეს სს ,,გ-ამ’’ სს ,,თ. ლ-ის’’ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული თავდებობა ლ-ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამავე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა სს ,,გ-ას’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა № ...-ში.

3. მოსარჩელის მითითებით, ლიზინგის თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2012 წლის 25 დეკემბერს წესების დარღვევით შედგა აუქციონი და გაიყიდა სს ,,გ-ას’’ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აუქციონის ჩატარების ოქმი და განკარგულება ბათილია და უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა დაუბრუნდეს სს ,,გ-ას’.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს ,,გ-ას’’ 2012 წლის 23 აპრილის წერილით ეცნობა შპს ,,ა-ის’’ მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 2012 წლის 4 ივნისს გაგზავნილი წერილით დამატებით განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესრულებისათვის და განემარტა, რომ რეაგირების გარეშე დატოვებას მოჰყვებოდა ლ-ის ხელშეკრულების ავტომატური შეწყვეტა და გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელი შედეგების შესახებ. სს ,,თ. ლ-ის’’ სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონება იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ასევე დატვირთული იყო სს ,,ბ. ბ-ის’’ სასარგებლოდ. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა მოპასუხის, როგორც იპოთეკარის უფლება და ვინაიდან აღნიშნული ქონება წარმოადგენდა ერთადერთ უზრუნველყოფის საშუალებას, სს ,,თ. ლ-ი’’ იძულებული გახდა დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით ჩაეტარებინა აუქციონი, სადაც თავად გახდა ქონების შემძენი და პირველადი იპოთეკა გარდამავალ უფლებად გადმოვიდა სს ,,თ. ლ-ის’’ მიერ შეძენილ ქონებაზე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სს ,,თ. ლ-ი’’ იძულებული გახდა დაეფარა სს ,,გ-ას’’ დავალიანებები როგორც სს ,,ბ. ბ-ის’’, ასევე შემოსავლების სამსახურის წინაშე.

5. მოპასუხის განმარტებით, სს ,,თ. ლ-ის“ მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდა უზრუნველყოფის - იპოთეკის საგნიდან და არა თავდების ქონებიდან, რისი უფლებაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ჰქონდათ. იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეები ასევე შეთანხმდნენ იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,გ-ას’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,გ-ამ’’.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით სს ,,გ-ას’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10. საქმეში წარმოდგენილ იპოთეკის ხელშეკრულებაში (ტ.1. ს.ფ. 26) სს „გ-ას“ მისამართად აღნიშნულია ქ. თბილისი, ს-ის ქ. N.... ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ „ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით. შეტყობინება და საფოსტო გზავნილი მხარეს უნდა გადაეცეს დაზღვეული ფოსტის მეშვეობით გამგზავნისათვის ცნობილ ბოლო მისამართზე. იპოთეკარს შეუძლია შეტყობინების შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და სხვა)“.

11. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 14 დეკემბრის წერილითა და საფოსტო ქვითრით დასტურდება, რომ აღნიშნული წერილი (შეტყობინება აუქციონის შესახებ) სს „თ ბ ს ლ-ის“ მიერ გაიგზავნა სს „გ-ას“ მისამართზე, თბილისი, ს-ის N.... ქვითარზე არსებული 15 დეკემბრის მინაწერიდან ირკვევა: „აღნიშნულ მისამართზე არის კერძო სახლი. დავტოვე შეტყობინება“.

12. სს „თ ბ ს ლ-ის“ მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს განხორციელდა საჯარო შეტყობინება გაზეთში „სიტყვა და საქმე“ (ტ.1. ს.ფ. 88).

13. სს „გ-ას“ 2012 წლის 24 დეკემბრის N12/12–01 წერილიდან (ტ.1. ს.ფ. 38) ირკვევა, რომ ამ დღეს მისთვის ცნობილი იყო 25 დეკემბრის დაგეგმილი აუქციონის შესახებ.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სს „გ-ა“ იყო როგორც სოლიდარული თავდები, ისე იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე, აუქციონის ჩატარების შედეგად მასსა და კრედიტორს შორის წარმოიშვა იპოთეკის (და არა თავდებობის) სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები. შესაბამისად, თავდებობის სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე შესაგებელები კრედიტორის მიმართ მოცემულ შემთხვევისთვის არაა განკუთვნადი. მიუხედავად ამისა, პალატამ მაინც გაამახვილა ყურადღება თავდებობიდან გამომდინარე საკითხებზეც.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 902–ე მუხლის თანახმად, „1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. 2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს“.

16. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ თუ როდის ეცნობა და ეცნობა თუ არა სს „გ-ას“ შპს „ა 1“-ის დავალიანების ოდენობის შესახებ, ამ გარემოებაზე მსჯელობისას სს „თ ბ ს ლ-ი“ იშველიებს 2012 წლის 24 აპრილის წერილს (ტ.1. ს.ფ. 36) და 2012 წლის 4 ივნისის წერილს (ტ.1. ს.ფ. 37). აღსანიშნავია, რომ ორივე წერილში საუბარია დავალიანების შესახებ, მაგრამ არა საერთო დავალიანების, არამედ მიმდინარე დავალიანების შესახებ.

17. კონკრეტული საფოსტო გზავნილები, რომლებიც დაადასტურებდა ამ ორი წერილის სს “გ- ე“ ჩაბარებას არაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს უკანასკნელი თავისი სარჩელის მე-12 ფაქტობრივ გარემოებაში (ტ.1. ს.ფ. 6) ადასტურებს ამ წერილების მიღებას.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 292–ე მუხლის თანახმად, „უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება“.

19. აქედან გამომდინარე, პალატამ იმსჯელა იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ხომ არ ჰქონდა ადგილი ისეთ დარღვევას, რაც განაპირობებდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

20. სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის მე-2 ნაწილით „თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურთიერთობების მოშლის შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს“.

21. მხარეთა შორის 2011 წლის 15 აგვისტოს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მომხდარიყო მესაკუთრის ინფორმირება. ზემოაღნიშნული, 4.1 აბზაცში განვითარებული მსჯელობებიდან ირკვევა, რომ სულ მცირე 2012 წლის 24 დეკემბრისთვის სს „გ-ამ“ იცოდა აუქციონის შესახებ. ამდენად, მესაკუთრე ინფორმირებული იყო კრედიტორისაგან.

22. მიუხედავად ამისა, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა ზემოხსენებული ნორმები და მიუთითა, რომ ზოგადად, ამ ნორმების მიზანია, მესაკუთრემ (ისევე როგორც თავდებმა) არა მხოლოდ იცოდნენ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის შესახებ, არამედ რეალურად შეძლონ კიდეც კრედიტორის დაკმაყოფილება. ისეთ შემთხვევაში, როცა მესაკუთრეს (ან თავდებს) არ შეუძლია კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება მისი შეტყობინება აზრს კარგავს. ამდენად, როდესაც მესაკუთრე (ან თავდები) სადავოდ ხდის მისთვის შეტყობინების ჩაუბარებლობის საკითხს, იმავდროულად მან უნდა დაამტკიცოს, რომ მას რეალურად ძალუძდა პირადი მოვალის ვალდებულების შესრულებით აეცილებინა მისთვის არახელსაყრელი შედეგი (მაგალითად, აუქციონი). მოცემულ შემთხვევაში შპს ,,გ-ას’’ ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

23. ასევე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ აუქციონის ჩატარების კიდევ ერთ დარღვევაზე მიუთითებდა ის გარემოება, რომ მესაკუთრისათვის (აპელანტისათვის) სპეციალისტად შერჩეული პირის შესახებ არ უცნობებია იპოთეკარს.

24. პალატის მითითებით აპელანტი სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნაზე.

25. სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება’’.

26. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ანალიზის და ამ ხელშეკრულებით დადგენილი მხარეთა ნების ანალიზის შედეგად (2011 წლის 15 აგვისტოს №392-756-01 იპოთეკის ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტი), პალატამ მიიჩნია, რომ მესაკუთრე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით წინასწარ დაეთანხმა აუქციონის ჩატარების მიზნით იპოთეკარის მიერ შერჩეული პირის სპეციალისტად დანიშვნას. აღნიშნული პუნქტის თანახმად, იპოთეკარს არ ეკისრება ვალდებულება სპეციალისტად დანიშნული პირის სახელი და გვარი აცნობოს მესაკუთრეს. ხელშეკრულებაში წინასწარ გაცხადებული თანხმობა გულისხმობს იმას, რომ მესაკუთრე თანახმა იყო სპეციალისტად დანიშნულიყო ნებისმიერი პირი, ვისაც იპოთეკარი შეარჩევდა.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად პალატამ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებაზე, რომელიც წინ უსწრებდა გადაწყვეტილების გამოტანას.

28. აღნიშნული განჩინებით, სს ,,გ-ას’’ შუამდგომლობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N019488-2012/10/1 საექსპერტო დასკვნის საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა მთავარ სხდომაზე წარდგენის საპატიო მიზეზი.

29. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სს ,,გ-ას’’ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა 2012 წლის 25 დეკემბრის იმ აუქციონის ბათილობაზე, სადაც მოხდა სს ”გ-ას” იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია და გამარჯვებულად დასახელდა სს ,,თ. ლ-ი”. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარებული იყო აუქციონისათვის გათვალისწინებული წესების დარღვევით. ასევე მოსარჩელემ განმარტა, რომ აუქციონის ჩატარების ოქმი და განკარგულება იყო ბათილი და უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა დაბრუნებოდა სს ”გ-ას”.

30. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N019488-2012/10/1 დასკვნა, რომლის საქმეზე დართვასაც მოსარჩელე მოითხოვდა შუამდგომლობით, შეეხებოდა სს ,,თ. ლ-ის’’ საკუთრებაში არსებული საკონდიტრო დანადგარების ღირებულების დადგენას. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მათი ღირებულება შეადგენდა 388240 ლარს.

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აუქციონის პროცედურების კანონიერების შემოწმების ფარგლებში, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო და შეემოწმებინა ისეთი ფაქტები, ისეთი გარემოებები და ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არ იყო შემხებლობაში დავის საგანთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს ,,გ-ამ’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

33. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი, ისევე როგორც არ მოახდინა საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ობიექტური შეფასება და გამოკვლევა.

34. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე საქმეზე დგინდება საპროცესო ნორმების დარღვევა, რასაც რომ არ ჰქონოდა ადგილი, მსგავსი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ( სსსკ-ს 393-ე მუხლი).

35. კასატორის განმარტებით, 2012 წლის 23 აპრილის და 4 ივნისის წერილები კასატორს არ ჩაბარებია. შესაბამისად გაუგებარია, თუ რითი იხელმძღვანელა სასამრთლომ, როდესაც იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს, ვიდრე ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ( სსსკ 102-ე მუხლი, 105-ე მუხლი), ასევე უხეშად არის დარღვეული სსსკ-ის 102-ე მუხლი, რადგან დადგენილია, რომ სხვა სახის მტკიცებულებებით იმ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაადასტურებს მხარე, რა სახის მტკიცებულებებიც ესაჭიროება ამ ფაქტების მტკიცებას, შესაბამისად, თუ მოიპოვება წერილების ჩაბარების უწყისები, ეს უნდა იყოს ერთადერთი მტკიცებულება, რითაც უნდა დასტურდებოდეს კასატორზე რაიმეს ჩაბარება. ასევე კასატორის მითითებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ კასატორი ინფორმირებული იყო აუქციონის ჩატარების თარიღის შესახებ.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით სს ,,გ-ას’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

37. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „გ-ას" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „გ-ას" საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2015 წლის 5 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია, შესაბამისად შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% - 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს ,,გ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „გ-ას“ (ს/კ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% – 2400 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე