№ ას-612-579-2015 1 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, კ-ის ქ. №.../ფ-ის №...-ის მიმდებარედ არსებული 2 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) და 5 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) პირდაპირი განკარგვის ფორმით. იჯარის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 14 წელი, ყოველწლიური იჯარის ოდენობად კი 175 ლარი.
3. მოსარჩელის მითითებით, საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო თანაბარწილად 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის უკანასკნელი დღისა. 2011 წლის 9 დეკემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა. ამ დროისათვის მოპასუხეს გადასახდელი აქვს დავალიანება 6,71 ლარი, საიჯარო ქირის გადახდის პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლო 166 ლარი და ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან, ანუ 2011 წლის 9 დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი საიჯარო ქირის გადახდის საბოლოო აღსრულებამდე.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეესაბამება სინამდვილეს და მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მისთვის მოსარჩელეს არ უცნობებია დავალიანების არსებობის შესახებ, რისი ვალდებულებაც საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას ჰქონდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის თხოვნის საფუძველზე მოსარჩელის თანამშრომლის მიერ შემოწმებულ იქნა დავალიანების არსებობის საკითხი და აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა.
5. პირველი ინსტნაციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. გ-მა წარადგინა 2010 წლის 25 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6,71 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (იხ. ტ. 1. ს. ფ. 97-99).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ. თბილისის მერიას უარი ეთქვა 6.71 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ნ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 5 ლარის გადახდა; ქ. თბილისის მერიას უარი ეთქვა 161 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბერის ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისის მერიასა და ნ. გ-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 14 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, კ-ის ქ. N7/ფალიაშვილის 70-ის მიმდებარედ არსებული 2 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) და 5 კვ. მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...)
11. ყოველწლიური იჯარის ღირებულება განისაზღვრა 175 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო - ვადაგაცილებისათვის გადასახდელი თანხის 0,1%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით.
12. ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების NQN15577 თანახმად, ნ. გ-ის განცხადების საფუძველზე, შეწყდა 2010 წლის 25 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება.
13. 2011 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, ნ. გ-ის მიერ ქ. თბილისის მერიასთან 2010 წლის 25 ნოემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირა 175 ლარი გადახდილია, თუმცა მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ. გ-ის დავალიანება შეადგენდს 6,71 ლარს.
14. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. გ-ის მიერ სს „ლიბერთი ბანკში“ 2013 წლის 5 ნოემბერს გადახდილია თანხა 6 ლარი, ხოლო 2014 წლის 17 აპრილს - 2 ლარი. საბანკო ქვითრებზე გადახდის დანიშნულებაში კი მითითებულია - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული მიწის იჯარა (ტ.1. ს.ფ. 97-99).
15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნ. გ-ს ქ. თბილისის მერიასთან სხვა სახის ხელშეკრულებებიც აქვს გაფორმებული, არ დგინდება თუ რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა მოპასუხემ ზემოთ მითითებული თანხის გადახდისას.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 5.11.2013წ. და 17.04.2014წ. გადახდის ქვითრებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მიერ გადახდილია ქ. თბილისის მერიასთან 2010 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 6,71 ლარი. აღნიშნულს ადასტურებდა თავად გადახდის ქვითრებში თანხის გადახდის დანიშნულებაში გაკეთებული აღნიშვნა. ამასთან, მითითებული ქვითრებით გადახდილი თანხის ოდენობა შეესაბამებოდა იმ დავალიანების ოდენობას, რომელიც გააჩნდა მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
17. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად იქნა შემცირებული მინიმალურ ოდენობამდე.
18. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე და 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებს შეფასების გაკეთებას და მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო არის დაუსაბუთებელი და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გაიზარდოს სარჩელით მოთხოვნილ ოდენობამდე, არ არის საკმარისი ამ გარემოების გაზიარებისათვის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის სარჩელით მოთხოვნილ ოდენობამდე გაზრდის თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. თბილისის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
20. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ნ. გ-ის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 1000 ლარზე მეტი. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქ. თბილისის მერიის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში დააკმაყოფილა მხოლოდ 5 ლარის ოდენობით. კასატორის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითება საკმარისი არ არის პირგასამტეხლოს შესამცირებლად, რადგან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა ეს შემცირება უნდა იყოს დასაბუთებული და გონივრული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს შემცირება არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლომ 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში გონივრული თანხით შეამციროს იგი. კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 166 ლარი გამომდინარეობდა არა დარჩენილი დავალიანების - 6,71 ლარის გადაუხდელობის გამო, არამედ საიჯარო ქირის 87,50 ლარის დაგვიანებით გადახდის გამო, რომლის გადახდაც მოწინააღმდეგე მხარეს უწევდა 2011 წლის 5 მაისამდე და გადახდილი იქნა 6 თვის დაგვიანებით, 2011 წლის ნოემბერში. სწორედ აღნიშნული თანხის გადახდის ვადის დარღვევის გამო დაეკისრა მხარეს პირგასამტეხლო 166 ლარი, რომელიც სრულებით არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ თანხას 87,50 ლართან მიმართებაში.
21. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2011 წლის 9 დეკემბრიდან დარჩენილი დავალიანების საბოლოო გადახდამდე დარიცხულ მზარდ პირგასამტეხლოზე. ანუ იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო წარმოდგენილი ქვითრების თანახმად, დადგენილად მიიჩნევდა ნ. გ-ის მიერ დარჩენილი 6,71 ლარის გადახდას, უნდა ემსჯელა გადახდამდე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არათუ შეამცირა აღნიშნული პირგასამტეხლო, არამედ საერთოდ არ დააკმაყოფილა იგი და არც კი უმსჯელია მის დაკისრებაზე.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე