Facebook Twitter

№ას-846-796-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „მ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015წლის 25 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს ,,მ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,მ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სს ,,მ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 519 496 ლარის გადახდა.

4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის, ხ. ბ-ის შუმადგომლობა დაკმაყოფილდა, საქმე ჩაითვალა მომზადებულად და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 28 იანვარს 13:00 საათზე (ტ. I, ს.ფ. 176-179).

10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხ. ბ-ს 2015 წლის 18 იანვარს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2014 წლის 15 დეკემბერს (ტ. I, ს.ფ. 181).

11. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მითითება, რომ სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილებული არ ყოფილა 2015 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომის თაობაზე. პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვის მიზნით დანიშნულ მოსამზადებელ სხდომებში მოპასუხის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ხ. ბ-ი, კონკრეტულ შემთხვევაში აღარ არსებობდა დამატებით მისთვის სასამართლოს მისამართის და სარჩელის დავის საგნის მითითების აუცილებლობა, თავის მხრივ, 2014 წლის 15 დეკემბრის ხელწერილი შეიცავს მითითებას მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

12. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 28 იანვარს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 -78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

13. სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნულ სასამართლო პროცესზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამასთან, ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისთვის წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 2015 წლის 28 იანვარს დილიდან აღენიშნებოდა თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი, არტერიული წნევის ცვლილება. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 28 იანვარს, 10:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე ხ. ბ-მა განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმის შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ბ-ი 2015 წლის 28 იანვარს 10:13 საათიდან 11:20 საათამდე მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული საქმის განხილვაში, 12:15 საათის შემდეგ კი ხ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა მაღალი არტერიული წნევით და ალერგიით, რომ იგი იძულებული გახდა სამედიცინო დახმარება მიეღო სამედიცინო პუნქტში. მდგომარეობის უფრო დამძიმების გამო, ხ. ბ-მა დამტებითი სამედიცინო მომსახურება მიიღო სს „კურაციოში“. საჩივარზე დართულ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის“ 2015 წლის 9 თებერვლის წერილში/პასუხში აღნიშნულია, რომ ადმინისტარციის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელმა, ხ. ბ-მა მიმართა სამედიცინო პუნქტს 2015 წლის 28 იანვარს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩივილებით: თავის ტკივილი, გამონაყარი, არტ. წნევა 160/100 (დიაგნოზი: არტერიული ჰიპერტენზია, ალერგიული დერმატიტი), გაეწია პირველადი დახმარება და მიეცა შესაბამისი მედიკამენტები. ანალოგიური შინაარსისაა სამედიცინო დაწესებულება სს „კურაციოს“ ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული 2015 წლის 28 იანვარს გაცემული ფორმა NIV-100/ა, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის მიმართვის დროს ხ. ბ-ის არტერიული წნევა იყო 170/100, ავადმყოფობა ქრონიკული, მიმართვის დროს გამწვავებული. საქმეში წარმოდგენილი, სს „კურაციოს“ მიერ 2015 წლის 28 იანვარს გაცემული, საავადმყოფო ფურცელი 807535-ით ასევე დასმულია დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია I 10, ურტიკარია, l50,0 სამუშაოდან განთავისუფლების რიცხვებია 28.01.2015-29.01.2015წ (ტ. I, ს.ფ. 1971- 218).

14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ხ. ბ-ი 2015 წლის 28 იანვარს დილიდან უჩიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირედ გაუარესებას, მიუხედავად აღნიშნულისა, მან მონაწილეობა მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10:00 საათზე დანიშნულ სხდომაში, რის შემდეგაც დაბრუნდა სამსახურში. თუმცა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ დაახლოებით, 12:15 საათის პერიოდისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ავადმყოფობა თანდათან პროგრესირებდა, რის გამოც, ხ. ბ-ს მოუწია მიემართა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის“ და სამედიცინო კლინიკა „კურაციოსთვის“. მოვლენათა ამგვარი განვითარების პირობებში, როდესაც წარმომადგენელს ორი სამედიცინო დაწესებულებისთვის მოუწია მიმართვა დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც საავადმყოფო ფურცლის აღებით დასრულდა, პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში ავადმყოფობის სიმწვავის და დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა წარმომადგენლის მიერ სასამართლოს და მარწმუნებლის გაფრთხილება, თავის მხრივ მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სხვა პირისთვის მინიჭება და ახალი წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოცხადება.

15. სასამართლომ არ გაიზიარა სს „მ-ის“ წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხ. ბ-ის ავადმყოფობა და სასამართლო პროცესი დროში ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

16. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარის მხარეზეა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მის მიერ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაამტკიცა მის მიერ სადავოდ გამხადრი ფაქტობრივი გარემოება.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 233-ე, 241-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობებში ასახული დიაგნოზი მისი ქრონიკულობის და გამწვავების სტადიის გათვალისწინებით, იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისთვის მიეწოდებინა სასამართლოსთვის ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. ამრიგად, არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლები.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებზე სს ,,მ-მა’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

19. კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა დაახლოებით 12:15 სთ-ზე. გაურკვევლია, რის საფუძველზე გააკეთა სასამართლომ ასეთი დასკვნა, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება დროის რომელ მონაკვეთში გაუარესდა წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელ საათზე მიმართა მან სამკურნალო დაწესებულებას.

20. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ავადმყოფობის სიმწვავესთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე სამედიცინო ცნობებში არაფერია მითითებული და ამ ნაწილში სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია.

21. დაუსაბუთებელია პალატის მოსაზრება იმის შესახებაც, რომ დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა წარმომადგენლის მიერ სასამართლოსა და მარწმუნებლის გაფრთხილება, თავის მხრივ, მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭება და ახალი წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოცხადება.

22. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ხ. ბ-ი 2015 წლის 28 იანვარს, დილიდანვე შეუძლოდ გრძნობდა თავს. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების თანახმად, მისი ავადმყოფობა არის ქრონიკული მიმდინარეობის. ცნობებში არ არის მითითებული, რომ მას აღენიშნებოდა ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების ან გადაადგილების გაძნელება. უფრო მეტიც, იგი თვითონ გადაადგილდებოდა ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო დილიდანვე მიეღო ზომები და უზრუნველეყო მის ნაცვლად სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის გამოცხადება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა დაახლოებით 12:15 სთ-ზე, როცა ის ჯერ კიდევ იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ტერიოტორიაზე, გაურკვეველია სასამართლო სხდომაზე დარჩენილი 45 წუთის განმავლობაში რატომ იყო შეუძლებელი სასამართლოში სხვა წარმომადგენლის გამოცხადება იმ პირობებში, როდესაც გარდა ბ-ზე გაცემული მინდობილობისა, საქმეში წარმოდგენილია სხვა პირებზე გაცემული მინდობილობებიც. კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დარჩენილი დრო - 45 წთ. არ იყო საკმარისი იმისათვის, რათა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ეცნობებინა სასამართლოსათვის ავადმყოფობის შესახებ და ეთხოვა სხდომის გადადება.

23. საკასაციო საჩვრის ავტორის აზრით, არასწორი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ემთხვეოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ავადმყოფობა და სასამართლო პროცესი ერთმანეთს, სს „მ-ის“ სამტკიცებელია. სააპელაციო საჩივრის ავტორია თავდაცვის სამინისტრო, რომლის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ მის წარმომადგენელს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება. შესაბამისად, მას უნდა ემტკიცებინა, რომ წარმომადგენლის ავადმყოფობა და სასამართლო პროცესი დროში ემთხვეოდა ერთმანეთს. სამედიცინო ცნობებში კი სამედიცინო დაწესებულებებისათვის მიმართვის კონკრეტული დრო (საათი) არ არის მითითებული, რის შესახებაც სავსებით სწორად იქნა აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

24. კასატორის აზრით, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, სს ,, კურაციოს’’ მიერ გაცემულ საავადმყოფო ფურცელს ხელს აწერს მხოლოდ მკურნალი ექიმი ნ. გ-ი, იმავე დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას (ფორმა № 4-100) ხელს აწერს მკურნალი ექიმი გ-ი და მეორე პირი, რომლის თანამდებობა მითითებული არ არის. გარდა ამისა, კანონის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ასეთი მითითება კი მხარის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის. უფრო მეტიც, აღნიშნულ ცნობებში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ავადმყოფობა ატარებს ქრონიკულ ხასიათს, იგი წლების მანძილზე მკურნალობს მითითებული დიაგნოზით და დაავადების ხასიათიდან გამომდინარე მას დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა.

25. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს (და თვით სააპელაციო სასამართლოს) მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება № ას-519-754-08, 16-07-2008წ.; განჩინება № ას-460-701-08, 02-07-2008წ.; განჩინება № ას-480-720-08, 06.11.2008წ.; განჩინება № ას-667-997-07, 30.01.2008წ. და სხვა).

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება № ას-519-754-08, 16-07-2008წ.; განჩინება № ას-460-701-08, 02-07-2008წ.; განჩინება № ას-480-720-08, 06.11.2008წ.; განჩინება № ას-667-997-07, 30.01.2008წ. და სხვა).

33. ზემოაღნიშნულ საქმეებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთიუთებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

34. საქმეში წარმოდგენილი სს „კურაციოს“ მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლის შესაბამისად დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ხ. ბ-ი სამუშაოდან გათავისუფლდა 2015 წლის 28 იანვრიდან ამავე წლის 29 იანვრის ჩათვლით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 218), რაც ადასტურებს 28 იანვარს სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობას. ამავე დროს, სს „კურაციოს“ მიერ 2015 წლის 28 იანვარს გაცემულ სამედიცინო ცნობას - ფორმა #IV-100ა-ს ხელს აწერს როგორც მკურნალი ექიმი, ისე დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დგინდება ცნობის მე-19 პუნქტიდან, რომლის შესაბამისად, ცნობას მკურნალი ექიმის გარდა, ხელს აწერს მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე. ამავე დროს, აღნიშნული ცნობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულება სს „კურაციოს“ ბეჭდით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 217).

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

36. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

37. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% - 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „მ-ს“ (ს/კ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% – 2400 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე