Facebook Twitter

საქმე №ას-1095-1031-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ასევე შეგებებული სარჩელი აღძრა გ. დ-მა ნ. ფ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. დ-ს ნ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 23 945 აშშ დოლარის გადახდა; გ. დ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2015 წლის 6 ივნისს. შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 7 ივნისს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2015 წლის 15 ივნისს. აპელანტმა კი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეავსო (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა) 2015 წლის 16 ივნისს. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ 2015 წლის 6 ივნისს ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ბ.მ. ამხანაგობის თავმჯდომარეს, ქ. ჯ-ს. აღნიშნული გარემოება დასტურდება კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით: კერძოდ, კორესპონდენციის ჯ-ე ჩაბარების ბარათში აღნიშნულია, რომ ქ. ჯ-მა, ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩაიბარა გზავნილი 2015 წლის 6 ივნისს, თუმცა გზავნილში ქ. ჯ-ს არ მიუთითებია, რომ იგი საადვოკატო ბიუროს თანამშრომელია. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი არ არის არც საადვოკატო ბიუროს თანამშრომელი და არც მისი ოჯახის წევრი.

9. საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. ჯ-ის მიერ გაცემულია ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან საფოსტო გზავნილი მიიღო 2015 წლის 6 ივნისს, იმ დღეს მოულოდნელად წავიდა რაიონში და დაბრუნდა 15 ივნისს. იმავე დღეს, 15 ივნისს მან საფოსტო გზავნილები გადასცა ბიუროს იურისტს ჯემალ ხუზაურაშვილს, როგორც 15 ივნისს მიღებული.

10. საადვოკატო ბიუროს იურისტის, ჯემალ ხუზაურაშვილის ახსნა-განმარტებით კი დგინდება, რომ მას ქ. ჯ-მა 2015 წლის 15 ივნისს ჩააბარა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინება, რომელიც იმავე დღეს ჯ. ხ-მა გადასცა ადვოკატ ნ. გ-ეს.

11. საჩივრის ავტორი აქვე მიუთითებს კერძო საჩივარზე დართულ, საადვოკატო ბიურო „ა-ას“ მიერ გაცემულ ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საადვოკატო ბიურო „ათენაში“ ქ. ჯ-ი არ მუშაობს და არც 2015 წლის 6 ივნისისთვის მუშაობდა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას, ისევე როგორც მის კანონიერ წარმომადგენელს, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. იმ პირობებში კი, როდესაც ადვოკატს, ნათელა გოდერიძეს გზავნილი ჩაბარდა 2015 წლის 15 ივნისს, 16 ივნისს ხარვეზის შევსება არ შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს მიერ დანიშნული 7 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევად. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე გ. დ-ის ან ნ. გ-ის ნაცვლად ხელს აწერს ქ. ჯ-ი, რომელიც ადრესატთან თავის დამოკიდებულებაზე არ უთითებს და აღნიშნული არც სხვა რაიმე მტკიცებულებით დასტურდება. ამდენად, მისთვის განჩინების ჩაბარება ვერ ჩაითვლება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15.საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტ გ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 957.8 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა სასამართლოში (იხ. ტ. 5. ს.ფ. 2-3).

16.დადგენილია ასევე, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თბილისი, ბ-ის ქ. ..., გაეგზავნა აპელანტს, გ. დ-ს. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დასტურით კი ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კორესპოდენცია ჩაბარდა ქ. ჯ-ს (ორგანიზაციის წარმომადგენელს). იქვე კომენტარის სახით მითითებულია, რომ აღნიშნული პიროვნება არის „საადვოკატო ა-ას თანამშრომელი“ (იხ. ტ. 5. ს.ფ. 5).

17.საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.

18.საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ გ. დ-ის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ნ. გ-ე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2013 წლის 29 ივნისს გ. დ-ის მიერ მის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულების საფუძველზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 243). დადგენილია ასევე, რომ როგორც შეგებებულ სარჩელში, ასევე სააპელაციო საჩივარში გ. დ-ის ძირითად საკონტაქტო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ბ-ის ქ. ... (იხ. ტ. 2. ს.ფ. 1; ტ. 4. ს.ფ. 94). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გ. დ-ის წარმომადგენლის, ნ. გ-ის ძირითად საკონტაქტო მისამართად სააპელაციო საჩივარში, ისევე როგორც შეგებებულ სარჩელში ასევე მითითებულია ქ. თბილისი, ბ-ის ქ. ..., ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ ნ. გ-ე არის ამხანაგობა საადვოკატო ბიურო „ა-ას“ ადვოკატი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 1; ტ. 4. ს.ფ. 94).

20. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში არსებულ უწყების ჩაბარების დამადასტურებელ გზავნილს, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 10 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე თბილისში, ბ-ის ქ. ...-ში ნ. გ-ის გაგზავნილი შეტყობინება მაშინაც ჩაიბარა ქ. ჯ-მა (იხ. ტ. 3. ს.ფ. 331-332). აღნიშნული პირის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარების ნამდვილობა კი სადავოდ არ გაუხდია არც შეგებებული სარჩელის ავტორს (გ. დ-ს) და არც მის წარმომადგენელს (ნ. გ-ეს), რომელიც 2015 წლის 10 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა (იხ. ტ. 4. ს.ფ. 1).

21.ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების (შეგებებული სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის, სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილის, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილის) საფუძველზე, იქმნება პრეზუმფცია, რომ ქ. ჯ-ი (რომელმაც ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინება) იყო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან ჩაბარების დასტურში მითითებულია, რომ ქ. ჯ-ი არის საადვოკატო ბიურო „ა-ს“ თანამშრომელი და მან მოცემულ საქმეზე ერთხელ უკვე ჩაიბარა სასამართლოს შეტყობინება.

22.თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე დართულ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებმაც შესაძლებელია გააქარწყლონ ზემოაღნიშნული პრეზუმფცია. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-ის ქ. #..., მთაწმინდის გზის“ თავმჯდომარის, ქ. ჯ-ის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაცემულ ცნობასა (იხ. ტ. 5. ს.ფ. 61) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2015 წლის 26 მაისის საერთო კრების ოქმს, რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ ქ.ჯ-ი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-ის ქ. #..., მთაწმინდის გზის“ თავმჯდომარეს (იხ. ტ. 5. ს.ფ. 68), ასევე, ამხანაგობა-საადვოკატო ბიურო „ა-ას“ თავმჯდომარის, ც. ა-ის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს გაცემულ ცნობას (იხ. ტ. 5. ს.ფ. 65).

23.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება გ. დ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდეს საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად, რომლის დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, აქარწყლებს თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლო უწყების უფლებამოსილი პირისადმი ჩაბარების პრეზუმფციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე გ. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე