Facebook Twitter

საქმე №ას-1070-1009-2015 17 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – თ., ლ. და ზ. გ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ბ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე _ ო. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ს. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. გ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი მოპასუხე), ზ., თ. და ლ. გ-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გამავალი გზით სარგებლობის უფლების მინიჭება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინეს და განმარტეს, რომ სადავო მიწაზე სამანქანე გზა არ გადის და ასეთი არც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული, ამასთანავე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მიმსასვლელად არსებობს სხვა გზაც, რომლის თაობაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა და იმ დავის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა ეს გარემოება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ნება დაერთო, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) მისასვლელად ესარგებლა მოპასუხეების საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი გზით (ს/კ ...).

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ეკუთვნის ხელვაჩაურის რაიონი სოფელ მ-ში მდებარე 1656.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 79.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა, სადაც მოწყობილი აქვს თევზის მეურნეობა.

5.1.2. აპელანტებს ასევე ეკუთვნით ამავე მისამართზე მდებარე 1301.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

5.1.3. აპელანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის საჯარო გზასთან დაკავშირებული სამანქანე გზა და ის ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებას. დღეის მდგომარეობით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-ში არსებული აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს შიდა სასოფლო გზას. სადავო გზის ნაწილი _ 158,2 კვ.მ განთავსებულია მ. გ-ის (მეზობელი) კუთვნილ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთზე, 102.4 კვ.მ, ასევე, განთავსებულია მ. გ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) და 116.6 კვ.მ. _ ო., თ., ზ. და ლ. გ-ეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.07.2013.წ. დასკვნის თანახმად, სადავო გზა, ასევე, მის ირგვლივ არსებული შიდა სასოფლო გზები, დღეისათვის მოხრეშილია და ტექნიკური თვალსაზრისით წარმოადგენს ერთი და იმავე ტიპის გზებს. სადავო გზა იწყება მ. გ-ის საკუთრებაში არსებული (ს/კ ....) მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ საზღვართან, კვეთს #..., #... და #... ნაკვეთებს და მიდის სათევზე მეურნეობის შემოსაზღვრულ ტერიტორიამდე.

5.1.4. აპელანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გადის საჯარო გზასთან დაკავშირებული სამანქანე გზა, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ თევზის მეურნეობას. მოწინააღმდეგე მხარეს მის საკუთრებაში არსებულ მეურნეობასთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა არ გააჩნია. არსებული მდგომარეობით საჯარო გზასთან დაკავშირებული აღნიშნული სასოფლო-სამანქანე გზა გადაკეტილი (ჩახერგილი) აქვთ მოპასუხეებს, რის გამოც ვერ ხერხდება მისი სამანქანე გზად გამოყენება.

5.1.5. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს, მოპასუხეთა კუთვნილ ნაკვეთზე უნდა გამოყოფოდა აუცილებელი გზა. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 მარტის დასკვნით დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გარდა აპელანტების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი სადავო გზისა, მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული, სამანქანე გზა არ გააჩნდა. ამ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ. აღნიშნული არც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 25 იანვრის დასკვნიდან გამომდინარეობდა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი დროებითი დანიშნულების გზა გადიოდა „სხვის კუთვნილ მანდარინის ბაღში“, ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად მოსარჩელეს სხვისი ნაკვეთით უნდა ესარგებლა და ეს ნაკვეთი სწორედ აპელანტების კუთვნილი მიწა იყო. აპელანტებს სასამართლოსათვის არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენიათ, რომ დავის დაწყებამდე მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელად არსებობდა სხვა გზა, რომელიც თავად მოსარჩელემ დააზიანა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. კასატორებმა მიუთითეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 249-ე მუხლებზე, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე და განმარტეს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა/განმარტა კანონი. სასამართლომ იმსჯელა არსებულ ვითარებაზე, თუმცა შეფასება არ მიუცია იმისათვის, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს გააჩნდა გზა, რომელიც მან სათევზე მეურნეობის მშენებლობის გამო განხორციელებული აფეთქების შედეგად დააზიანა და ამ გზის აღდგენა შესაძლებელია მცირე სამუშაოების შესრულების შედეგად.

6.1.2. სასამართლოს შეფასება არ მიუცია მოპასუხეების მიერ წარდგენილი ფოტოსურათებისათვის, საიდანაც ნათლად ჩანს არსებული მდგომაროებით გაზის არსებობა. სამოქალაქო კოდექსი ადგენს აუცილებელი გზის გამოყენების შესაძლებლობას და იგი არ შეეხება შემთხვევას, თუ არსებული გზა მესაკუთრის ქმედებითაა გაუქმებული, ასეთ შემთხვევაში უნდა აღდგეს გაუქმებული გზა და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი (სუსგ #ას-102-100-2011).

6.1.3. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან მიმსასვლელი გზა არ არსებობს, ამ თვალსაზრისით სასამართლოს არ შეუფასებია მოპასუხეების მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ფოტოსურათები, სადაც მითითებულია, რომ სადავო ნაკვეთთან მიმსასვლელი გზა არსებობს და ის არ გადის მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე, ამასთანავე, არ იქნა შეფასებული ის გარემოებაც, რომ სადავო გზა საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ აპელანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის საჯარო გზასთან დაკავშირებული სამანქანე გზა და ის ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებას. დღეის მდგომარეობით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-ში არსებული აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს შიდა სასოფლო გზას. სადავო გზის ნაწილი _ 158,2 კვ.მ განთავსებულია მ. გ-ის (მეზობელი) კუთვნილ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთზე, 102.4 კვ.მ, ასევე, განთავსებულია მ. გ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) და 116.6 კვ.მ. _ მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....). ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.07.2013.წ. დასკვნის თანახმად, სადავო გზა, ასევე, მის ირგვლივ არსებული შიდა სასოფლო გზები, დღეისათვის მოხრეშილია და ტექნიკური თვალსაზრისით წარმოადგენს ერთი და იმავე ტიპის გზებს. სადავო გზა იწყება მ. გ-ის საკუთრებაში არსებული #.... მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ საზღვართან, კვეთს #..., #... და #... ნაკვეთებს და მიდის სათევზე მეურნეობის შემოსაზღვრულ ტერიტორიამდე. აპელანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გადის საჯარო გზასთან დაკავშირებული სამანქანე გზა, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ თევზის მეურნეობას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი გზის არსებობა, რომელიც ს. ბ-ის ქმედებით არის გაუქმებული, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნათა შეფასების ნაწილში შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი ექსპერტიზის დასკვნის კვლევის სტანდარტს, რაც შეეხება ფოტომასალებს, პალატა განმარტავს, რომ იგი, იურიდიული ძალის თვალსაზრისით, არ შეიძლება საექსპერტო კვლევის გამაბათილებელ მტკიცებულებად იქნას მიჩეული. მართალია, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს იმის დასაბუთებას, თუ რა საფუძვლით უარყო სააპელაციო სასამართლომ ფოტომასალები, თუმცა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული მტკიცებულებების საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლიობაში შეფასება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე გავლენას ვერ იქონიებს.

1.5. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები: №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული განმარტებებისაგან, მათ შორის კასატორთა მიერ მითითებული გადაწყვეტილებისაგან, რამდენადაც მათ ვერ გააქარწყლეს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ჯ. ქ-ის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ., ლ. და ზ. გ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: თ. გ-ეს (პ/#...), ლ. გ-ესა (პ/#...) და ზ. გ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ჯ. ქ-ის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური