საქმე №ას-1170-1100-2015 25 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი, სს „ს-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის საგანში წილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოს (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ.II. ს.ფ.80) გ. ს-ისა და სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქ#...-ში მდებარე, მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული #... უძრავი ქონებიდან მოსარჩელის წილის 9/21-ით განსაზღვრის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ 2015 წლის 16 ივლისს ჩაიბარა ხელზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მეორე დღეს _ 2015 წლის 17 ივლისს და დასრულდა 2015 წლის 30 ივლისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ _ 2015 წლის 3 აგვისტოს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
კერძო საჩივერის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვის საკითხი წარმოადგენს.
1.3. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი გარემოებები:
1.3.1. მოსარჩელე საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა და 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა ამავე წლის 16 ივლისს;
1.3.2. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი, მართალია, 2015 წლის 30 ივლისსაა შედგენილი, თუმცა მხარემ სასამართლოში უშუალოდ წარადგინა 2015 წლის 3 აგვისტოს. ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყოს ფოსტის მეშვეობით არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპით და ამაზე არც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.
1.4. საკასაციო პალატა განმატავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ემყარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებებზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
1.5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის სწორი განმარტების გზით მართებულად დაადგინა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენის დასაწყისი და დასასრული, ასევე, ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა, რაც, ამავე კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უალტერნატივო წინაპირობას წარმოადგენდა.
1.6. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური