საქმე №ას-1007-951-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2006 წლის 1 სექტემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად, ასევე, მოსარჩელის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება იმ საფუძლით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სესხის თანხა არ გადასცემია. ვინაიდან სესხი არ გადაცემულა, იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, არ არსებობს და უნდა გაუქმდეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავების ფარგლებში განმარტა, რომ ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა დადებული, განაჩენი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, არ გამოდგება სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩოვრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხისაგან 1 წლის ვადით ისესხა 7 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ.ქუთაისში, ა-ის ქ#...ში.
5.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ა. ა-სა და ხ. ო-ეს მსჯავრი დაედოთ ჩადენილი დანაშაულისათვის. ა. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა.
5.1.3. გაზიარებულ იქნა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები არის წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს განაჩენში მითითებული ფაქტები, თუმცა, პალატამ აღნიშნა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ქ. ა-ი არ მონაწილეობდა და განაჩენით მის მიმართ არც ერთი ფაქტი არ დადგენილა, მეტიც, განაჩენით დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულება მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო, თუმცა შემდეგ, მ. მ-ის კუთვნილი თანხა ა. ა-მა მიითვისა. სწორედ ამის გამო იქნა ცნობილი ამ საქმეში დაზარალებულად მოსარჩელე და ა. ა-ს მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებაც კი დაეკისრა.
5.1.4. სასამართლოს განმარტებით, ზიანი არის ის ქონებრივი ანდა არაქონებრივი დანაკლისი, რომელსაც უფლებამოსილი პირი განიცდის ვალდებული პირის არამართლზომიერი ქმედებით. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულება ნამდვილი რომ არ ყოფილიყო და მას აპელანტის ვალდებულება რომ არ წარმოეშვა, იგი ვერანაირ დანაკლისს განიცდიდა და ა. ა-ს მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება არ დაეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლისა და 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული გარიგება ნამდვილი იყო და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა.
5.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან ამ ფაქტზე აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ მიუთითებია და არც მიუთითებლობის საპატიო მიზეზი განუმარტავს.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 393-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 50-ე, 153-ე, 54-ე და 288-ე მუხლები. საქმის მასალებით დგინდება, რომ სესხის გარიგებას ადგილი არ ჰქონია, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული განაჩენითა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებით. მოსარჩელეს არ მიუღია თანხა და არ წარმოშობილა სესხი და იპოთეკა, შესაბამისად, გაფორმებული ხელშეკრულებაც ბათილია (სკ-ის 54-ე მუხლი).
6.1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი წერილობითი მტკიცებულებაა, რომელიც შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. განაჩენით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ა. ა-თან უნდა დაედო სესხის ხელშეკრულება ფიქტიურად, ფაქტიურად კი, გარიგება დაიდო ა.ა-ის შვილთან, სესხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ ის გარემოება, რომ განაჩენი დამდგარია სხვა პირის მიმართ არ შეიძლება მასში მოხსენიებული ფაქტების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
6.1.3. კასატორმა მიუთითა განაჩენის სამოტივაციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ სადავო გარიგება არ არსებობს თანხის გადაუხდელობის გამო. გასათვალისწინებელია ასევე უფლების ბოროტად გამოყენების ინსტიტუტიც, მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად სწორედ, თანხის გადაუცემლობის გამო იქნა ცნობილი. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს დასკვნა თანხის _ 7 000 აშშ დოლარის გადაცემის, ხელშეკრულების რეალურად დადებისა და იპოთეკით სესხის უზრუნველყოფის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხის თანხა არ გადაუცია, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პრეტენზიათა წინააღმდეგ პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება რეალურ გარიგებათა რიგს მიეკუთვნება და სამართლებრივ შედეგებს თანხის გადაცემის მომენტიდან წარმოშობს, ანუ სესხი დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს მსესხებელს. სესხის გადაცემის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმიდან გამოდინარე, ყოველთვის გამსესხებელს ეკისრება, თუმცა სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადებისას მოქმედებს პრეზუმფცია (ვარაუდი), რომ მსესხებელმა თანხა მიიღო. ამ ვარაუდს მეტად განამყარებს შემთხვევა, როდესაც სესხი უზრუნველყოფილია სანივთო უფლებით (სკ-ის 286-ე მუხლი). ამგვარი პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგეცაა ვარაუდი მიმართული.
1.5. სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულებაა, თუმცა იგი ამავე კოდექსის 105-ე მუხლით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებას ექვემდებარება, უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენის მხარეს არ წარმოადგენს მოპასუხე, შესაბამისად, მას, როგორც საპროცესო სუბიექტს, არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიღებული საპროცესო დოკუმენტი. ის გარემოება, რომ ამ დოკუმენტში ცალმხრივადაა შეფასებული გარემოებები ქ.ა-ის მიმართ, სესხის გადაცემის პრეზუმფციას ვერ გააქარწყლებს.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ-ის მიერ 2015 წლის 12 ოქტომბერს #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 841,30 ლარის 70% _ 588,91 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. მ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ-ის მიერ 2015 წლის 12 ოქტომბერს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 841,30 ლარის 70% _ 588,91 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური