Facebook Twitter

საქმე №ას-1118-1052-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოსარჩელე), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ქუთაისის განყოფილების პოლიციელი ბ. ბ-ი (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ნ. მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე განთავსებული 27 კვ.მ #... სავაჭრო ფართის გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს 06.09.2012წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ-ი გამოსახლდა ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე, ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი გამოთავისუფლებულ მდგომაროებაში ჩაბარდა მოსარჩელეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

4. განმცხადებლის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ქუთაისის განყოფილების პოლიციელმა ბ.ბ-მა და მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, კერძოდ, აღსასრულებელი გადაწყვეტილება გულისხმობდა თუ არა იმას, რომ ნ. მ-ი უნდა გამოსახლებულიყო ნ. მ-ის ფართიდან, მიუხედავად იმისა, რა ფართს შეადგენდა სადავო ობიექტი. განცხადების თანახმად, 2015 წლის 3 აგვისტოს მხარეთა დასწრებით განხორციელდა ფართის ადგილზე დათვალიერება და მოვალემ წარადგინა ფართის აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმადაც იგი წარმოადგენს 23 კვ. მეტრს, ამასთან, გვერდით მდებარე ობიექტებიდან 27 კვ.მ ფართის მქონე ობიექტი არ ფიქსირდება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის პირობა: ნ. მ-ი გამოსახლებულ იქნეს ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ნ. მ-ეს - განიმარტა შემდეგი სახით: „ნ. მ-ი გამოსახლებულ იქნას ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ნ. მ-ეს“.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ან სასამართლო აღმასრულებელი ზუსტად ვერ ადგენენ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ამასთან, განმარტებით, არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დაუშვებელია, განმარტებით მოხდეს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია.

5.1.2. პალატამ მიუთთა 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ იგი შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცლები. აღსრულების პოლიციის პოლიციელის განმარტებით, ბუნდოვანება იმაში მდგომარეობდა, რომ სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ნ. მ-ი გამოსახლებულ იქნა ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. მ-ეს, 2015 წლის 3 აგვისტოს მხარეთა თანდასწრებით განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და მოვალე ნ. მ-ის მიერ წარდგენილი ფართის აზომვითი ნახაზით დადგინდა, რომ იგი წარმოადგენდა 23 კვ. მეტრს, ამდენად, ნ. მ-ის სარგებლობაში იყო 23 კვ.მ და არა 27 კვ.მ ფართის მქონე სავაჭრო ობიექტი, ამასთან, გვერდით მდებარე ობიექტებიდან 27 კვ.მ ფართის მქონე ობიექტი არ ფიქსირდებოდა. გადაწყვეტილების ბუნდოვანება მდგომარეობდა სავაჭრო ობიექტის ფართის ოდენობაში, განმცხადებელმა ითხოვა იმის განმარტება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დათქმა, რომ ნ. მ-ი უნდა გამოსახლდეს ნ. მ-ის ფართიდან ნიშნავდა თუ არა იმას, რომ გამოსახლება უნდა განხორცილელებულიყო, მიუხედავად იმისა, რა ფართს შეადგენს სადაო ობიექტი.

5.1.3. აღსრულების პოლიციის განცხადება, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საფუძვლიანი იყო. სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით უდავოდ დადგინდა, რომ ნ. მ-ი აუცილებლად უნდა გამოსახლებულიყო ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩაბარებოდა ნ. მ-ეს და არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ რა ფართს, ანუ რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენს ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სავაჭრო ფართი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, გულისხმობდა ნ. მ-ის გამოსახლებას ნ. მ-ის ფართიდან, მიუხედავად იმისა, რა ფართს შეადგენს სადავო ობიექტი.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სიტყვები: „27 კვ. მეტრი“, აღნიშნულით პალატამ შეცვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და საკმარისია მიღებული განჩინების გასაუქმებლად.

გარდა აღნიშნულისა, მიღებული განჩინების შედეგად, უფრო ბუნდოვანი გახდა აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რამდენადაც სადავო ფართის მონაცემები და მოპასუხის მიერ დაკავებული ფართი არ ემთხვევა ერთმანეთს, შედეგად გართულდა მისი იდენტიფიცირება. საჯარო რეესტრში ნ.მ-ის სახელზე რეგისტრირებული ფართი კვლავ 27 კვ. მეტრს შეადგენს და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამ მითითების ამოღებით არაფერი იცვლება. უძრავი ქონების იდენტიფიცირებისათვის გადამწყვეტია საკადასტრო კოდი და კერძო საჩივრის ავტორის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი გაუქმებული არ არის, რის თაობაზეც მიმდინარეობს დავა, შესაბამისად, გამორიცხულია სადავო ფართიდან მისი გამოსახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. საჯარო რეესტრის 2012 წლის 30 ივლისის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე ნ. მ-ე წარმოადგენს ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე განთავსებული №...ით რეგისტრირებული 27კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს (საკადასტრო კოდი №..., საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 14.10.2006წ, ქ.ჭიათურა, ნოტარიუსი ზ. ც-ე);

1.2.2. მოპასუხე ნ. მ-ი წარმოადგენს ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე განთავსებული №...ით რეგისტრირებული 25კვ.მ სავაჭრო ფართის მესაკუთრეს (საკადასტრო კოდი №..., საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 22.08.2009წ. ქ.ჭიათურა, ნოტარიუსი ზ. ც-ე).

1.2.3. ნ.მ-ის 29.03.12 წლის №... განცხადების პასუხად საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროს 2012 წლის 29 მარტის №... წერილში აღნიშნულია შემდეგი: „მოგახსენებთ, რომ თქვენს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭიათურა, ნ-ის ქუჩა, მშენებარე სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე 27 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რიგითი ნომრით 1-, განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი 17.10.2006წ. საკადასტრო კოდი: ... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება №..., დამოწმების თარიღი: 14.10.2006, ნოტარიუსი ზ. ც-ე. (ამონაწერი თან ერთვის). რაც შეეხება უძრავი ქონების რეგისტრაციას ნ. მ-ის სახელზე, აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება განხორციელდა 2009 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეესტრის №..., ნოტარიუსი ზ.ც-ე. უძრავი ქონების საგანს წარმოადგენდა ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე სამსართულიანი მშენებარე შენობის პირველ სართულზე 25კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი №...ში. შემდგომ ჩვენს მიერ გაირკვა, რომ №... რიგითი ნომერი რეგისტრირებული იყო 2006 წელს თქვენ, ნ. მ-ის სახელზე. ყოველივე ამის შემდეგ შედგა ნოტარიული წესით დამოწმებული შეთანხმება, ნ.მ-ზე მიყიდული არასაცხოვრებელი ფართი იყო არა ..., არამედ რიგითი ნომრით ..., აღნიშნული ცვლილება მოქალაქე ნ. მ-მა წარმოადგინა სარეგისტრაციო სამსახურში, მას სიტყვიერად განემარტა, რომ რათა კვლავ არ მომხდარიყო გაორება თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ნახაზი, სადაც მითითებული იქნებოდა რიგითი ნომრები, მესაკუთრეების ჩვენებით, რაც დღემდე არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად ვერ განხორციელდა ცვლილება ნ.მ-ის რეგისტრაციაში და მისი უძრავი ქონების რიგით ნომრად კვლავ დაფიქსირებულია №...“. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. მ-ის საკუთრებაში იმყოფება №... ფართი, ხოლო ნ. მ-ის საკუთრებაში იმყოფება №... ფართი, მაგრამ საჯარო რეესტრში ამ ცვლილების დარეგისტრირება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ნ. მ-ის მიერ არ იყო წარდგენილი ნახაზი, სადაც მითითებული იქნებოდა რიგითი ნომრები. რეესტრის მონაცემები არსებული ნ. მ-ზე №... ფართის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით უზუსტო იყო. ნ. მ-ი ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ №... ფართს უკანონოდ ფლობდა, ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების უზუსტობას თავად ეს სამსახური ადასტურებდა.

1.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 ივლისის №... წერილში აღინიშნა, რომ: ა) მოქალაქე ა. დ-ის სახელზე ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე განთავსებული 25კვ.მ არაცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაციას 2009 წლის 1 ივნისს საფუძვლად დაედო ნოტარიუსის მიერ 2009 წლის 25 აპრილს შედგენილი №... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო უძრავი ქონების რიგითი ნომერი ... ბ) მოქალაქე ნ. მ-ზე მშენებარე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე №...ში 25კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2009 წლის 22 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომრით ..., ნოტარიუსი ზ.ც-ე. გ) რაც შეეხებოდა მოქალაქე ნ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში განხორცილებულ ცვლილების რეგისტრაციას, 2009 წლის 22 ოქტომბერს მოქალაქე ა. დ-ემ და მ. ყ-ემ სარეგისტრაციო სამსახურში წარმოადგინეს შეთანხმება რეესტრის რეგისტრაციის №..., სადაც მიუთითებენ, რომ „მ. ყ-ემ ა. დ-ეს მივყიდე საცხოვრებელი ფართი ქ.ჭიათურაში, ნ-ის ქ№...ში 25 კვ.მ, შემდეგ ხელშეკრულებაში ორივე მხარის თანხმობით ნომერი შევასწორეთ ... ...ით, ამჟამად ნ-ის ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე მოხდა ფართების გადანომრვა და ა. დ-ის სახელზე მიყიდული ფართი არის არა ... და ..., არამედ ... ნომერი, რასაც ორივე მხარე ვადასტურებთ ხელის წერით, გთხოვთ ეს განცხადება დაურთოთ ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებას და იყოს მისი ნაწილი“, რის შემდეგაც მოქალაქე ნ. მ-მა მოგვმართა რათა ცვლილება შეეტანა მის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, მ-ს ჩვენს მიერ მიეცა ზეპირი განმარტება გამომდინარე შეთანხმების შინაარსიდან, რათა კვლავ არ მოხდარიყო გაორება. თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სავაჭრო რიგით პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრელი ფართების გეგმა-ნახაზი, სადაც მითითებული იქნებოდა ფართების რიგითი ნომრები მესაკუთრეების ჩვენებით, აღნიშნულის წარმოდგენას კი ვითხოვდით თავდაპირველი მესაკუთრისაგან, რაც დღემდე არ არის წარმოდგენილი შესაბამისად არ განხორციელებულა ცვლილება ნ.მ-ის რეგისტრაციაში და მისი უძრავი ქონების რიგითი ნომრად №...ისა კვლავ დაფიქსრებულია 1-. სანოტარო აქტის რეესტრის რეგისტრაციის №....

1.2.5. 2012 წლის 6 აგვისტოს №... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (დამოუკიდებელი ექსპერტი დ.რ-ე), უდავოდ დაადგინა ის ფაქტი, რომ ნ. მ-ე იყო №1- ფართის მესაკუთრე.

1.2.6. ნ. მასახარაშვილი უკანონოდ ფლობდა ნ. მ-ის საკუთრებაში რიცხულ №1- ფართს.

1.3. გადაწყვეტილების განმარტების საკითხის დაყენება განაპირობა იმან, რომ სადავო ფართის ფაქტობრივ და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არსებობდა სხვაობა. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთის მიმართვის საფუძველზე განიხილავს გადაწყვეტილების განმარტების საკითხს და მას დადებითად გადაწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული ცხადად, იმგვარად, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდეს მხარისათვის მინიჭებული უფლების ფარგლები, შინაარსი, რეალიზაციის წესი და სხვა. კანონმდებლის აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობს მართლმსაჯულების აქტის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფარგლების სავალდებულო ძალიდან და ორიენტირებულია სასამართლო წესით რეალიზებული უფლების გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში აღსრულების ინტერესზე.

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ფართის მონაცემების მიუთითებლობით სასამართლომ დაარღვია კანონი, ამასთანავე სადავოა მოპასუხის სარეგისტრაციო მონაცემები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ შეუცვლია გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი, რაიმე ახალი უფლება-მოვალეობები მხარეებს არ წარმოშობიათ, რაც შეეხება მხარის მითითებას სარეგისტრაციო ჩანაწერების თაობაზე მიმდინარე დავის შესახებ, ეს გავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა არ ხდება, არამედ, ნორმა ემსახურება მართლმსაჯულების მიზნის რეალურ ხელშეწყობას.

1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური