Facebook Twitter

საქმე №ას-869-819-2-15 11 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და ნ. რ-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2-15 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე მფლობელობის დადგენა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე/კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ნ. რ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, რ-ის ქ#...ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე (14,45 კვ.მ 1-3 ოთახზე; 10,90 კვ.მ 1-4 ოთახზე; 26,27 კვ.მ 1-2 ოთახზე; 13,86 კვ.მ 1-1 ოთახზე; 13,64 კვ.მ „ა“ აივანსა და 4,57 კვ.მ ღია „ა/“ აივანზე) მოსარჩელის მფლობელობის დადგენა, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, სამეზობლო მიჯნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და სახლის მითითებული ფართით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების ფლობის უფლება არ გააჩნია, მის წინაპრებს, როგორც სარჩელშია მითითებული, ბინა არ შეუძენიათ, რის გამოც ტექ.ბიუროსა და საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ჩანაწერი, მოსარჩელის მამას სადავო სახლში არ უცხოვრია, რადგანაც იგი დაშორებული იყო მეუღლეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2-14 წლის 2- ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა მოსარჩელის მფლობელობა ქ.ქუთაისში, რ-ის ქ#...ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე _ სახლის გამოყოფილ ნაწილზე 14,45 კვ.მ 1-3 ოთახზე; 10,90 კვ.მ 1-4 ოთახზე; 26,27 კვ.მ 1-2 ოთახზე; 13,86 კვ.მ 1-1 ოთახზე; 13,64 კვ.მ „ა“ აივანსა და 4,57 კვ.მ ღია „ა/“ აივანზე და მითითებულ ფართზე მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელის სარგებლობის ხელშეშლა, ხოლო ეზოს გამყოფი მიჯნის აღმართვის მოპასუხეებისათვის დავალდებულების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2-15 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. და ნ. რ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ ქუთაისში, რ-ის ქუჩა #...ში მდებარე სახლთმფლობელობაზე მფლობელობის ფაქტის დადგენის, ამ ფართის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა უძრავი ნივთის გარკვეულ ნაწილებზე მისი მფლობელობის ფაქტის დადგენას, ამ ფართების გამოთხოვას მოპასუხეთა მფლობელობიდან, მომავალში ამ ფართებით მოსარჩელისათვის სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვასა და სასაზღვრო მიჯნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოპასუხეთათვის დავალებას. სადავო სახლთმფლობელობა, ტექნიკური აღიცხვის ბიუროში რეგისტრირებული იყო ე. გ-იას საკუთრებად და მოდავე მხარეები არ იყვნენ ე. გ-იას მემკვიდრეები. თუმცა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე.

5.1.2. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ „იურიდიულ ინტერესში“ იგულისხმებოდა მოსარჩელის არა ყოველგვარი სუბიექტური ინტერესი, არამედ, მატერიალური სამართლის ნორმებით გათვალისწინებული, ნამდვილი, ობიექტური ინტერესი, რომლის რეალიზებაც აღიარებითი სარჩელის აღძვრის გარეშე შეუძლებელია. სასარჩელო მოთხოვნების შინაარსის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, მთავარი მათ შორის იყო სწორედ მფლობელობის ფაქტის დადგენა, რადგან მხოლოდ ამ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში იყო შესაძლებელი დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მითითებულ ნაწილში კი, სარჩელი აღიარებითი იყო: მოსარჩელე ითხოვდა სადავო სახლთმფლობელობაზე გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის - მფლობელობა-სარგებლობის არსებობის ფაქტის დადგენას, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, დაესაბუთებინა იურიდიული ინტერესის არსებობა აღნიშნული მოთხოვნისადმი.

5.1.3. მოსარჩელის მითითებით, სახლთმფლობელობა მისმა ბებიამ - ნ. რ-ემ შეიძინა 1940 წელს ე. გ-იასაგან, რის შემდეგაც მასში ცხოვრობდნენ ნ. რ-ე და მისი ქალიშვილები: რ. რ-ე (თ. ვ-ის დედა) მეუღლესთან - გ. ვ-ესა და შვილთან - თ. ვ-ესთან ერთად, ასევე - ნ. რ-ის მეორე ქალიშვილი ჯ. რ-ე შვილთან - ნ. რ-თან ერთად, რომლის მეუღლეა ნ. რ-ი და შვილი _ ნ. რ-ი. ამდენად, მოსარჩელემ, ფაქტიურად, მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების არსებობაზე სადავო სახლთმფლობელობის მიმართ. მხარეებმა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაადასტურეს, რომ საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო საქმე, სადაც იგივე მხარეები, მითითებული კანონის საფუძველზე, უკვე დავობდნენ სახლთმფლობელობაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ წინამდებარე სარჩელისადმი მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ არსებობდა, მხარეებს საკუთარი უფლებების არსებობა სადავო სახლთმფლობელობისადმი, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებითა და მათი დამტკიცებით უნდა დაედასტურებინათ იმ დავაში, რომელიც მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელეს შეეძლო, აღეძრა მიკუთვნებითი სარჩელი და, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, უკვე განაცხადა კიდეც დამოუკიდებელი პრეტენზია სადავო სახლთმფლობელობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავაში.

5.1.4. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე და განმარტა, რომ კეთილსინდისიერ მფლობელად კანონმდებელი მიიჩნევს პირს, რომელიც მართლზომიერად, ე.ი ნივთის მესაკუთრესთან კანონით დადგენილი წესით დადებული გარიგების საფუძველზე ფლობს ან/და ნივთი პირის მფლობელობაში აღმოჩნდება საქმიანი ურთიერთობების ფარგლებში, იმ პირობებში, რომ პირს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ურთიერთობის არსებული დეფექტები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სახლთმფლობელობის მესაკუთრე ე. გ-ია იყო, რომლისგანაც რაიმე სანივთო თუ ვალდებულებით-სამართლებრივი უფლების მოპოვების გარემოება თ. ვ-ეს უნდა ემტკიცებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებულ დავაში. მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში, ეს ფაქტები დამტკიცებული არ იყო, შესაბამისად, მოსარჩელე, ამ ეტაპზე, ვერ მიიჩნეოდა სადავო სახლთმფლობელობის კეთილსინდისიერ მფლობელად და იგი ვერ ისარგებლებდა სამოქალაქო კოდექსის 160-ე-161-ე მუხლებით გათვალსიწინებული დაცვის უფლებებით. ამავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაზღვრო მიჯნის აღმართვა-აღდგენის საკითხზე შეიძლება იდავონ მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადავო სახლთმფლობელობის მესაკუთრენი არ იყვნენ, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი ამ ნაწილში.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე მითითებულ ნორმასთან დაკავშირებით (#ას-1279-1221-2-13; #ას-240-225-2-14) და აღნიშნა, რომ მოცემულ დავასთან მიმართებით მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი გააჩნია, რამდენადაც, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მისი სამართლებრივი მდგომაროება შეიცვლება. სასამართლომ იმსჯელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი აღიარებითი სარჩელის დაშვებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

6.1.2. სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რამდენადაც მასში არ არის ნახსენები გარემოებები, რომლებიც ასახულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. მოპასუხეები სააპელაციო სასამართლოში სადავოდ ხდიდნენ არა მოსარჩელის მიერ ფართის ფლობას, არამედ, ფართების ოდენობას, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მათ შესაგებელიც კი არ შეუტანიათ, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია.

6.1.3. კასატორი სადავო მისამართზე მცხოვრები ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო მემკვიდრეობით, ნივთი დაახლოებით 75 წლის წინაა შეძენილი და მესაკუთრის მემკვიდრე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეედავებოდა მოსარჩელეს უფლებაში. კასტორი მარტოხელაა, არასოდეს ჰყოლია ოჯახი, შესაბამისად, მოპასუხეები ავიწროებენ მას და წინამდებარე სარჩელი იყო მფლობელობის დაცვის ერთადერთი საშუალება. ქონება გამიჯნული იყო, ასევე ცალ-ცალკე აბონენტებად იყვნენ რეგისტრირებული მხარეები, მოპასუხე ცდილობდა, ქონების დასაკუთრებას, რის თაობაზეც მხარეებმა მოახსენეს სააპელაციო სასამართლოს. სწორედ მოპასუხემ მოშალა ეზოს გამყოფი მავთულხლართი, რომელიც ჯართში ჩაბარების მიზნით გადასცა კასატორს, რის გამოც ითხოვდა მხარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

6.1.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე-156-ე მუხლები, ასევე, შესაგებლის შეუტანლობის გამო არასწორად არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რა დროსაც სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნეოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, მხარეთა მფლობელობიდან გამომდინარე, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში იხილება დავა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ფარგლებში და სწორედ იმ გადაწყვეტილებით აღმოიფხვრება მოსარჩელის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებელი (პასუხი) არ წარუდგენია, თუმცა სასამართლო მხეველობაში იღებს აპელანტის იურიდიულ ინტერესს აღიარებითი სარჩელის მიმართ (სსსკ-ის 180-ე მუხლი), იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს განმარტებებს ამ თვალსაზრისით და მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლს, რომლის თანახმაად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამდენად, ვინაიდან იკვეთებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საპროცესო წინაპირობა _ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

1.5. საკასაციო პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განმარტოს მფლობელობის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნება. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლით მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არა მართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის დისპოზიციაში მოცემულია კეთილსინდისიერი მფლობელის განმარტება, რომლის არსის დადგენისათვის აუცილებელია მართლზომიერი (არამართლზომიერი) მფლობელობისა და კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების განმარტება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე-164-ე მუხლები). კანონი გამიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე-161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-524-493-2-12, 4 ოქტომბერი, 2-12 წელი). მითითებული განმარტებისა და იმ გარემოების გათვალისიწინებით, რომ სასამართლოს წარმოებაშია დავა ამავე მხარეებს შორის მფლობელობიდან ნაწარმოები საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მფლობელობის საფუძვლების სწორედ იმ დავის ფარგლებში დადგენა შეიძლება გახდეს თ.ვ-ის უფლების რეალურად დაცვის წინაპირობა.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური