საქმე №ას-893-843-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. თ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ-ე (მოპასუხე)
მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში), ასევე, მისი წინმსწრები (მათ შორის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ) განჩინებების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. თ-იამ (შემდგომში _ მოსარჩელე/კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ხ-ის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა შემდეგი: მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე 2008 წლის 21 აგვისტოს დაბადებული ქ. ხ-ისა და 2010 წლის 15 თებერვალს დაბადებული ნ. ხ-ის პასპორტის აღებისა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, საზღვარგარეთ ნებისმიერ სახელმწიფოში წაყვანის უფლების მინიჭება; ქ. ხ-ისა და ნ. ხ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 500-500 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება (2014 წლის 14 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე); არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნის ნაწილში არ ცნო, ვინაიდან არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებლობა, ამასთან, განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხელს არ შეუშლის მოსარჩელეს ამ უფლების განხორციელებაში; ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე სარჩელეს ნაწილობრივ _ 100-100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაეთანხმა და განმარტა, რომ თავს არ არიდებს შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას, თუმცა არ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავლები, ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან და ამ ეტაპზე ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით თანხის გადახდას; შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო.
2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტებით, არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა და ამ კუთხით მოპასუხის მხრიდან ბავშვების უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა არ იკვეთებოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხეს 2008 წლის 21 აგვისტოსა და 2010 წლის 15 თებერვალს დაბადებული შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 140-140 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2014 წლის 14 ივლისიდან) ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; არასრულწლოვანთა საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი.
3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში გაუქმება, ასევე, 2015 წლის 19 მარტის განჩინების, გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების გაუქმება და ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, ასევე, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 180-180 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2014 წლის 14 ივლისიდან) შვილების სრულწლოვანებამდე.
5.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. თ-იას კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: 2008 წლის 21 აგვისტოს დაბადებული ქ. ხ-ე და 2010 წლის 15 თებერვალს დაბადებული ნ. ხ-ე.
6.2. არასრულწლოვნები იზრდებიან დედასთან. 13.03.2015წ. გადაწყვეტილებით (რა ნაწილშიც იგი შესულია კანონიერ ძალაში) ბავშვების საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.
6.3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი. იგი 2008 წლამდე მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვები შეეძინა, დასაქმებული აღარ ყოფილა. 2014 წლის 31 აგვისტოდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს დახმარებას 156 ლარის ოდენობით.
6.4. ქ. ხ-ე სწავლობს ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში, ხოლო ნ. ხ-ე არის ქ.თბილისის №6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი 2014 წლის სექტემბრიდან.
6.5. არასრულწლოვნებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას.
6.6. ქ.თბილისში, თ-ის ქუჩა №...ში მდებარე №... ბინა მოპასუხის საკუთრებაა, ქ.თბილისში, თ-ის დასახლებაში (X- მ/რ, კვარტალი 1, კორპუსი ..., სართული 2, ბინა №...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ. ზ-ის სახელზე, ხოლო 11.02.2013წ. სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარად რეგისტრირებულია მოპასუხე. 01.07.2014წ. მდგომარეობით, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული იყო მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი SEAT TOLEDO, სახელმწიფო ნომრით ..., გამოშვების წელი 1995. ამჟამად ვ. ხ-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე: მარკა, მოდელი - მიცუშისი მონტერო სპორტი, ფერი რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2003, სანომრე ნიშანი ..., რეგისტრირებულია გ. ბ-ის სახელზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების გამო საჯარიმო თანხები გადახდილია დროულად. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება, რომ საქმის მასალებით აღნიშნული ავტომანქანის მოპასუხის მიერ ფლობა და ამ უკანასკნელის მიერ საჯარიმო თანხის გადახდა არ დასტურდებოდა, ასეთად ვერ განიხილებოდა მოსარჩელის მიერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემური მართვის სამმართველოდან წარმოდგენილი ცნობა, რომელზეც არ იყო მითითებული საჯარიმო თანხის გადამხდელის ვინაობა.
6.7. მოპასუხის სახელზე „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად, 2012 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით შემოსავალი არ ფიქსირდებოდა. ასევე, მოპასუხეს 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით შემოსავალი არ უფიქსირდებოდა.
6.8. მოპასუხე შრომისუნარიანია. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მისი დასაქმებისა და ხელფასის სახით სტაბილური შემოსავლის არსებობის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას (ან არარეგისტრირებულ სამეწარმეო საქმიანობას).
6.9. მოპასუხე და თ. თ-ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან 2014 წლის იანვრიდან, ცხოვრობენ ერთ ოჯახად. თ. თ-ი არ არის დასაქმებული.
6.10. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი არაგონივრული იყო, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ, მინიმალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად პალატამ მიიჩნია ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 180 ლარის დაკისრება.
6.11. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლებით, მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაზე, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, 27-ე მუხლზე და განმარტა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლისა. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
6.12. აპელანტი მოითხოვდა გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუმადგომლობები: მოსამართლის აცილების, მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებლებათა გამოთხოვის თაობაზე. ამასთან, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებას ზემოაღნიშნული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძვლებთან დაკავშირებით, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მათი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. კასატორის მოთხოვნა:
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, მოსამართლის აცილებაზე, მოწმეთა დაკითხვაზე, მტკიცებულებათა წარდგენასა და საქმიდან დოკუმენტების ამოღების შესახებ საოქმო განჩინებები, ასევე, გადაწყვეტილების დაუყოვლებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
7.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
7.1.1. სარჩელთან ერთად წარდგენილ იქნა ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, როგორც მოსარჩელის დასაქმების, ისე ავტომობილის ყოლისა და მაღალი შემოსავლის ქონის ფაქტს, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, არასწორად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებათა საქმიდან ამოღებით სასამართლომ ხელი შეუწყო შრომისუნარიან მშობელს, დამალოს რეალური შემოსავალი, ხოლო შვილებს წაერთვათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ სათანადო მატერიალური შესაძლებლობა, აღიზარდონ ჯანმრთელი და სრულყოფილი ადამიანები. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს მაღალი შემოსავალი. სასამართლომ დაკითხა მხოლოდ ის მოწმეები, რომლებიც აღნშნულის საპირისპირო გარემოებას ადასტურებდნენ.
7.1.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, რადგანაც პირის ქონებრივი მდგომაროება, შეიძლება დადასტურდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერით, გარდა აღნიშნულისა, ფაქტობრივი მფლობელობისას, როდესაც იგი გაფორმებული არ არის, შეიძლება ეს გარემოებაც იქნეს მხედველობაში მიღებული. საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით არასწორად არ გაიზიარა ვიდეომასალა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე მიუთითებდა ჩანაწერის ფარულად მომზადებაზე. სააპელაციო სასამართლომ, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა არა ბავშვის მატერიალური მდგომაროებით, არამედ, მამის ინტერესებით. სასამართლოს ჰქონდა არა მხოლოდ მოპასუხის შემოსავლების, არამედ მის მიერ ამ შემოსავლების დამალვის ფაქტის დადგენის შესაძლებლობა. პალატამ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ინდ.მეწარმედაა რეგისტრირებული, თუმცა ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, თითქოს მას გააჩნია რაიმე შემოსავალი.
7.1.3. სააპელაციო პალატამ მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, უდავო გარემოებად მიიჩნია ის, რომ მოპასუხე არ იყო დასაქმებული, ამ კუთხით სასამართლო მსჯელობს შიდა თუ საერთაშორის სამართლის ნორმებზე, თუმცა არასწორად მიიჩნევს, რომ მშობლის ვალდებულება შვილის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაა, ამასთანავე, სასამართლო მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქმიდან არ იქნებოდა ამოღებული მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მქცევის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად, ხოლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხე არ არის დასაქმებული, მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ასევე არ ჰყავს ავტომობილი, დაუსაქმებელია ასევე მისი მეუღლე ფაქტობრივი ქორწინებიდან, მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, ასევე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძვლეზე სარგებლობის უფლება აქვს მოპოვებული სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ბინაზე. მშობლის (მამის) მატერიალური მდგომარეობისა და შვილების ინტერესების გათვალისწინებით, პალატამ დასაკისრებელი ყოველთვიური ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 180-180 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. პალატა დასაბუთებულ შედავებად ვერ განიხილავს კასატორის არგუმენტებს მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის, ფოტო და ვიდეო მასალებით მოპასუხის დასაქმების, მისი შემოსავლებისა და რეალური ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრის თაობაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი, განსაზღვრულია, რომ არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია და სასამართლომ ისინი ინდივიდუალურად და ერთობლივად უნდა შეაფასოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
1.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და მართებულად დაადგინა ალიმენტის ოდენობა, რამდენადაც ალიმენტი, როგორც სარჩო არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების თავისებურების მხედელობაში მიღებით უნდა გადაწყდეს, თუმცა მისი ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტვალდებული პირის ფინანსური შესაძლებელობანი, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება. ეს გარემოება, მოცემულ შემთხვევაში, მართებულად იქნა გადაწყვეტილი ქვემდგომი სასამართლოების მიერ.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო პირის პრეტენზიას იხილავს მისი მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის არგუმენტაციის დასაბუთებულობის გათვალისწინებით. მართალია, კასატორი სადავოდ ხდის საოქმო განჩინებებს, თუმცა მათ გაუქმების თაობაზე მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ: მოსამართლის აცილების საკითხი) მხარეს პრეტენზია საერთოდ არ წარუდგენია, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას, რომ წინმსწრები განჩინებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძლები არ არსებობს.
1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის განუხილველად დატოვების დასაბუთება:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის წესებს, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
2.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის განჩინების გაუქმებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მხარემ გაასაჩივრა ზემდგომ სასამართლოში, ხოლო სააპელაციო პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით მ.თ-იას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გზით, საქალაქო სასამართლოს განჩინება დარჩა ძალაში.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ნორმის მითითებული დათქმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინების კანონიერება, შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 399-ე, 372-ე, 187-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად, ხოლო, დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური