Facebook Twitter

საქმე №ას-899-849-2015 7 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. წ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე), ზ. კ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, შეგებებულ სარჩელში _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1. ლ. კ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ-ასა (შემდგომში _ მოპასუხე) და დ. წ-ის (შემდგომში, შეგებებული სარჩელის ავტორი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა ზ.კ-ასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 35 000 აშშ დოლარის, სარგებლის _ 3 500 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 140 აშშ დოლარის, ასევე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 21 იანვრიდან გადაწყვეტყილების აღსრულებამდე 0,1%-ის დაკისრება; ქ.თბილისში, დ-ის მე-3 კვარტალში, 27-ე კორპუსში მდებარე #... ბინის დ. წ-ის საკუთრებად რეგისტრაცია და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მითითებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია.

1.2. დ. წ-მა სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ლ. კ-ასა და ზ. კ-ას მიმართ და მოპასუხეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იმ პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეების შეთანხმებით, იპოთეკის საგნის შემძენს ეკისრება მოთხოვნის სრულად დაფარვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნებს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. დ. წ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება იყო მოჩვენებითი, მიზნად არ ისახავდა იურიდიული შედეგის დადგომას, არამედ მისი დადების ერთადერთი მიზანი ქონების შემძენისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იყო.

2.2. ზ. კ-ამ სარჩელი ცნო.

2.3. შეგებებული სარჩელი არ ცნეს ლ. კ-ამ და ზ. კ-ამ, მიუთითეს ხელშეკრულების ნამდვილობაზე და განმარტეს, რომ შემძენისათვის ცნობილი იყო აუქციონზე შეძენილი ქონების უფლებრივი ნაკლის თაობაზე, ამასთან, აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ მსურველს გააჩნდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. კ-ას ლ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის _ 35 000 აშშ დოლარის, სარგებლის 3 500 აშშ დოლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 140 აშშ დოლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.1%-ის გადახდა 2014 წლის 21 იანვრიდან გადაწყვეტილების აღრულებამდე. ქ.თბილისში, დ-ის მე-3 კვარტალში, 27-ე კორპუსის #... ბინა აღირიცხა დ. წ-ის საკუთრებად და დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მითითებული უძრავი ქონების ½. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 16.07.2013წ. ზ. კ-ასა და ლ. კ-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ. კ-ამ ზ. კ-ას ასესხა 35 000 აშშ დოლარი ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით, 6 თვის ვადით. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, დ-ში, მე-3 კვარტალში, 27-ე კორპუსი, ბინა №4-ის 1/2 ნაწილი. ამავე დღეს იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

5.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურის 28.10.2013წ. განკარგულებით ზ. კ-ასა და მ. მ-ას თანასაკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შემძენი, 17.10.2013წ. გამართულ ონლაინ აუქციონზე, გახდა დ. წ-ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 21 200 ლარად და აღნიშნული თანხა გადაიხადა სრულად.

5.1.3. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოება მასზე, რომ 2013 წლის 16 ივლისს ზ. კ-ასა და ლ. კ-ას შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ წარადგინა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან გარიგების მოჩვენებითობის დასტურად მიუთითა იმაზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნული ხელშეკრულება დადეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ დ.წ-ს აუქციონზე შეეძინა უფლებრივად ნაკლიანი ქონება და შემდეგ ამ ქონებიდან მომხდარიყო სესხის თანხის გადახდევინება. მისი მითითებით, ლ. კ-ა და ზ. კ-ა მოქმედებდნენ ერთად, გარიგება დადებულია მოსაჩვენებლად და მათ მიზანს არ წარმოადგენდა გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომა. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად იქნა აღნიშნული, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება და იპოთეკის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა აუქციონამდე, ხოლო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ პირს, შესაბამისად, აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების ყიდვა შეეძლო ნებისმიერ პირს. კ-ასა და კ-ასათვის შეუძლებელი იქნებოდა აუქციონზე მონაწილე პირთა და ბინის პოტენციური შემძენის ვინაობის წინასწარ პროგნოზირება. პალატის დასკვნით, გარიგების მოჩვენებით დადების დადასტურებისათვის ასევე მიჩნეული ვერ იქნებოდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სადავო ხელშეკრულების დადებამდე აპელანტის მეუღლესთან სხვა დავების წარმოებისა და ხელშეკრულების მხარეებთან ლ. კ-ას წარმომადგენლის ნაცნობობის ფაქტი.

5.1.4. საქალაქო სასამართლომ უდავო გარმეოებად მიიჩნია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ, რომ ზ. კ-ას ლ. კ-ას მიმართ ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირი თანხა - 35 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 140 აშშ დოლარი.

5.1.5. პალატამ დადგენილი გარემოებების სამართლებრივად შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე მუხლებით და განმარტა შემდეგი: მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. აპელანტის მიერ მითითებული ფაქტები ასეთი გარიგების არსებობას ვერ ადასტურებს და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებით დადება არც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

5.1.6. სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ზ. კ-ამ ცნო სარჩელი და სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაეკისრა სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა. გადაწყვეტილება ზ. კ-ას მიერ არ გასაჩივრებულა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

5.1.7. პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხული იყო ზ. კ-ა, მაშინ, როდესაც აუქციონის გზით ამ ქონებაზე საკუთრების უფლება შეიძინა დ. წ-მა, რაც დაბრკოლებას უქმნიდა იპოთეკარს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა. შესაბამისად, უძრავი ქონება უნდა აღრიცხულიყო შემძენის საკუთრებაში.

5.1.8. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იმ პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც იპოთეკის საგნის მყიდველს ეკისრებოდა მოთხოვნის სრულად დაფარვის ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას. მითითებული სასარჩელო მოთხოვნა აღარ წამოადგენდა დავის საგანს, რამდენადაც შემდგომში ლ. კ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დ.წ-ის ნაცვლად, თანხა მოითხოვა ზ. კ-ასგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. წ-ს აღარ გააჩნდა ხელშეკრულების სადავო პუნქტის ბათილობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესი.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ერთობლივად შეფასება იძლევა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

6.1.2. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა სადავო ხელშეკრულების მოჩვენებით დადების ფაქტი ვერ დაადასტურა, თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ: ა) დ. წ-ის მეუღლესა და ზ. კ-ას შორის დავა გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ 2007 წელს, როდესაც ზ.კ-ა და მისი ადვოკატი ე.შ-ა ხელს უწყობდნენ მ.მ-ას მამას _ ზ.მ-ას მისი შვილის წინააღმდეგ სასამართლო დავების წარმოებაში; ბ) ზ.კ-ამ არაერთხელ მოითხოვა მ.მ-ასთან საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება, მისი განცხადებით მოიხსნა ყადაღა ბინაზე, რომელიც იმავე დღეს დაიტვირთა იპოთეკით და კვლავ დაედო ყადაღა ზ.კ-ას განცხადების საფუძველზე; გ) ამავე ქონებაზე მ.მ-ას ვალდებულების უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული იპოთეკა, რაც ზ.კ-ამ გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა სარჩელი მას შემდეგ დარჩა განუხილველად, რაც მოსარჩელემ დაკარგა დავის მიმართ ინტერესი, რამდენადაც ქონება საკუთარი ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც დაიტვირთა სანივთო უფლებით. ეს გარემოებები უთუოდ მიუთითებენ იმაზე, რომ სადავო გარიგება მიზნად არ ისახავდა ამ გარიგებით განსაზღვრული იურიდიული შედეგის დადგომას.

6.1.3. საგულისხმოა, ასევე, ის გარემოება, რომ ლ.კ-ას ინტერესებს იცავდა ადვოკატი ე.შ-ა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ასევე ზ.კ-ასა და ზ.მ-ას ინტერესებს კასატორის მეუღლის წინააღმდეგ წარმოებულ დავებში, რასაც მიუთითებდა მხარე. სასამართლოს შეკითხვაზე ე.შ-ამ უპასუხა, რომ ლ.კ-ა მისი ახლობელია და ასევე კარგად იცნობდა ზ.კ-ას და სწორედ მისი დახმარებით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

6.1.4. არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა კასატორის მითითება, რომლის თანახმადაც, უნდა დადგენილიყო სესხის წარმოშობა, მით უფრო, როდესაც გამსესხებლის ადვოკატმა დაადასტურა, რომ გამსესხებელს შემოსავალი არ გააჩნდა და თანხა რაიონში არსებული ქონების რეალიზაციის შედეგად გააჩნდა. კასატორის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ამგვარი რეალიზაცია არ მომხდარა, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ ლ.კ-ასა და ზ.კ-ას შორის არსებობდა წერილობითი სასესხო ურთიერთობა. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, როგორც სესხის სარგებლზე, ისე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდაზე. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება. მოვალემ სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, რამაც განაპირობა მისი დაკმაყოფილება. რაც შეეხებოდა სადავო უძრავ ქონებას, დადგენილია, რომ იგი კასატორმა აუქციონზე შეიძინა, რა დროსაც მისთვის ცნობილი იყო ქონების უფლებრივი ნაკლის თაობაზე, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორს მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ცდილობს ირიბ მტკიცებულებებზე მითითებით დაადასტუროს მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებით დადების წინაპირობა, თუმცა მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებამდე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელით დ.წ-ი მოითხოვდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იმ პუნქტის ბათილად ცნობას, რომლითაც განისაზღვრა შემდეგი: ხელშეკრულების მხარეების შეთანხმებით, იპოთეკის საგნის შემძენს ეკისრება მოთხოვნის სრულად დაფარვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნებს. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის შესწავლით ირკვევა, რომ დ.წ-ი ითხოვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ამასთან, მას თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება არ მოუთხოვია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია, შესაბამისად, საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობს შეგებებულ სარჩელში მითითებულ მოთხოვნაზე.

1.5. როგორც აღინიშნა, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამ კუთხით დადგენილი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით განსაზღვრული ძალის მატარებელია და დადგენილია, რომ დაზუსტებული მოთხოვნის თანახმად, თავდაპირველმა მოსარჩელემ ითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთელი ფულადი ვალდებულების ზ.კ-ასათვის დაკისრება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ კასატორს ამ ხელშეკრულების სადავო პირობის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ჩამოთვლილთაგან არც ერთი პირობა სახეზე არაა, რაც კასატორის სხვა პრეტენზიათა შემოწმებას გამორიცხავს.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 07.10.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 ლარის, მის მიერვე 21.08.2015წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარისა და ე-ის მიერ 26.10.2015წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი 2 958,58 ლარის, სულ _ 4 208,58 ლარის 70% _ 2 946,006 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. წ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 07.10.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 ლარის, მის მიერვე 21.08.2015წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარისა და ე-ის მიერ 26.10.2015წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი 2 958,58 ლარის, სულ _ 4 208,58 ლარის 70% _ 2 946,006 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური