Facebook Twitter

საქმე №ას-984-929-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 1. ვ. გ-ი (მოსარჩელე)

2. შპს „კ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – 1. ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესარულება, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ვ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, 2012 წლის 10 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, კერძოდ: ქ.ბათუმში, პ-ის ქ#...ში მდებარე მშენებარე ობიექტის მე -2 სართულზე (მიწიდან პირველ სართულზე) „ა“-„ნ“ და „1“-„7“ ღერძების კვეთაში არსებული, საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით და მოსარჩელის მომავალი მესაკუთრის უფლებით რეგისტრირებული 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა; საჯარო რეესტრში ამავე ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის რეგისტრაცია; მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ კვალიფიციური შედავების ფარგლებში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არა ნასყიდობის, არამედ საშუამავლო ხელშეკრულება გაფორმდა, რის სანაცვლოდაც მოსარჩელე მიიღობდა შეთანხმებულ ფართს. მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა არა ნასყიდობის საფასური, არამედ საინვესტიციო თანხას წარმოადგენდა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა კონკრეტული ფართის გადაცემის თაობაზე უსაფძვლოა, ამასთანავე, მშენებლობა არ არის დასრულებული და ექსპლუატაციაში არაა მიღებული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ქ.ბათუმში, პ-ის ქ#...ში მდებარე, მშენებარე ობიექტის მე-2 სართულზე „ა“-„ნ“ და „1“-„7“ ღერძების კვეთაში არსებული, საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებითა და მოსარჩელის სახელზე მომავალი მესაკუთრის უფლებით რეგისტრირებული 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ვ. გ-ის საკუთრებაში გადაცემა. გადაწყვეტილებით დადგინდა გადაცემულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 20 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 000 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო გადახდილი 50 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 2 000 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს ქ.ბათუმში, პ-ის ქ#...ში მდებარე მშენებარე სახლის მშენებლობისათვის უნდა მოეძიებინა 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, აღნიშნულის სანაცვლოდ მოპასუხეს საზღაურის სახით უნდა გადაეცა 150 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული ფართი, ასევე, 53.90 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ამავე მშენებარე კორპუსში. 9 დღის შემდგომ, 2012 წლის 10 ოქტომბერს, მხარეთა შორის შედგა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ამავე მისამართზე მშენებარე სახლში მოსარჩელისათვის 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული ფართის გადაცემისა მე-2 სართულზე (მიწიდან პირველ სართულზე) „ა“ „ნ“ და „ს“ „7“ ღერძების კვეთაში. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ფართი უნდა გადასცემოდა საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობის დამთავრებისა და კომერციული ნაწილის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ 2 თვის ვადაში, ვიტრაჟები ჩასმული და სავენტილაციო სისტემა მოწყობილი. მყიდველს, არასაცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 500 აშშ დოლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც ჯამში 1 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მხარეებმა გაითვალისწინეს თანხის გადახდის გრაფიკიც, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში _ 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. მომდევნო ერთი თვის ვადაში კი, არა უგვიანეს 2012 წლის 20 ნოემბრისა, 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. დარჩენილი 200 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის ბრალით შეფერხდებოდა მშენებლობა, რომელიც გამოიწვევდა სახლის ექსპლუატაციაში გაშვების შეფერხებას, მყიდველს ჰქონდა უფლებამოსილება, მოეთხოვა გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება.

5.1.2. 2012 წლის 11 ოქტომბერს შედგა შპს „კ-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელმაც დაადგინა საზოგადოების საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული ფართის (მდებარე „ა“ „ნ“ „1“ „7“ ღერძების კვეთაში) ცალკე ერთეულად გამოყოფა და მასზე სამომავლო უფლების მოსარჩელისათვის გადაცემა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით; მიეცა თანხმობა მშენებელს პირველ პუნქტში აღნიშნული ფართის, 1 კვ.მეტრის, 250 აშშ დოლარად გასხვისებაზე.

5.1.3. იმავე დღეს ხელი მოეწერა მხარეთა შეთანხმებას, 2012 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ და ხელშეკრულებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: „შევიდეს ცვლილება სახელშეკრულებო ფასთან დაკავშირებით 4-1 და 4-2 მუხლებში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: მყიდველმა, არასაცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, გამყიდველს უნდა გადაუხადოს 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი თითოეულ კვ. მეტრზე, რაც ერთიანობაში შეადგენს 500 000 აშშ დოლარს. ამასთან, გამყიდველს მიეცა უფლება ნასყიდობის საგნის გამოსყიდვისა 540 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად - სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მაგრამ, არაუგვიანეს 2013 წლის მაისისა...“ ზემოაღნიშნული შეთანხმება დაერთო 2012 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

5.1.4. 2012 წლის 12 ოქტომბერს კომპანიის სახელზე მესაკუთრის უფლებით რეგისტრირებული 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი მომავალი მესაკუთრის უფლებით საჯარო რეესტრის მონაცემებში აღირიცხა შემძენის სახელზე.

5.1.5. 2012 წლის 17 დეკემბერს მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ მყიდველი გამყიდველს მორიგი ტრანშის სახით ანგარიშზე გადაურიცხავდა 200 000 აშშ დოლარს არა უგვიანეს 2012 წლის 18 დეკემბრისა, გამყიდველი იღებდა ვალდებულებას, რომ აღნიშნულ თანხას მიმართავდა მიზნობრივად სავაჭრო ცენტრის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში მიღების მიმართულებით (და არა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის). შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს ეჭვი შეეპარებოდა მის მიერ გადახდილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში, გამყიდველი ვალდებული იყო, წარედგინა მისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ მყიდველი დაადასტურებდა, რომ გადახდილი თანხა გახარჯული იყო არამიზნობრივად, გამყიდველი მყიდველის სასარგებლოდ გადაიხდიდა ჯარიმას, გადახდილი თანხის 10% - 20 000 აშშ დოლარს. შეთანხმებითვე აღნიშნული დანართიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქცა.

5.1.6. 2013 წლის 15 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც ამცნო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ და მოითხოვა შეთანხმებული ფართის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია, ასევე, მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

5.1.7. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, შემძენმა სს „პ-ის“ მეშვეობით შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა დათქმული თანხა ეროვნული ვალუტით. თანხის სრულად მიღების ფაქტი პირველი ინსტანხციის სასამართლოში მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, პირიქით, შესაგებლით დადასტურებულია, რომ შემძენს უნდა გადაეხადა 1 000 000 აშშ დოლარი, მან კი მხოლოდ 500 000 აშშ დოლარის მოზიდვა მოახერხა.

5.1.8. 2013 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ კომპანიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მხარეთა შორის, 2012 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (მისი დანართი #...დან) გამომდინარე ითხოვა მშნებლობაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდება. წერილის პასუხად, 2013 წლის 3 დეკემბერს, მოპასუხემ ამცნო, რომ მიღებული თანხა სრულად დაიხარჯა მხოლოდ სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებისა და ამავე ცენტრის პირველი სართულის შემინვისთვის, რის დასტურადაც გაუგზავნა ფოტოსურათი. კომპანიის განმარტებით, დასრულებული იყო მხოლოდ სავაჭრო ცენტრის მინიმალური სამშენებლო სამუშაოები და მასზე გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული.

5.1.9. ადვოკატის მომსახურებისთვის, თანახმად ხელშკრულებისა, მოსარჩელემ გადაიხადა 12 000 ლარი.

5.1.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა სახელშეკრულებო პირობა, თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების აშენების თაობაზე, წარმოადგენდა ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას. ხელშეკრულების დადების დროისათვის 2012 წლის 10 ოქტომბრისათვის, ნასყიდობის ობიექტი არ არსებობდა, ამდენად, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთობა.

5.1.11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული იყო, ხოლო ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა გვაროვნული ნივთი, ამასთანავე, შემკვეთი მზად იყო, მიეღო შესრულებული სამუშაო იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობდა (მათ შორის იმ გარემოებისდა მიუხედავად, რომ იგი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული), პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრული მენარდის ვალდებულება, შემკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

5.1.12. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ნივთი არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და ამიტომ მისი გადაცემის დრო არ დამდგარა, ხოლო მოსარჩელეს მხოლოდ გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის და არა ნივთის საკუთრებაში გადაცემის უფლება ჰქონდა. სასამართლოს დასკვნით, ფართის ექსპლუატაციაში მიუღებლობა, შესაძლოა, გარკვეულწილად წარმოადგენდეს გადასაცემი ნივთის ნაკლს, მაგრამ, იმ პირობებში, როცა შემკვეთი არ აცხადებს აღნიშნულზე პრეტენზიას, აღნიშნული არგუმენტი სრულიად არასაკმარისია იმისათვის, რათა დაბრკოლება შეექმნას მენარდის მიერ ხელშკრულების საგნის შემკვეთისათვის გადაცემას.

5.1.13. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოპასუხის ის პოზიციაც, რომ საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული მხარეთა შეთანხმება 1 კვ.მ ფართის ღირებულების 250 აშშ დოლარით განსაზღვრის შესახებ, არამედ რეგისტრირებული იყო გარიგება, სადაც 1 კვ.მ ფართის ფასი 500 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული და ცვლილება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობდა. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და კანონი სავალდებულოდ არ ითვალისწინებდა ამ ურთიერთობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის გადასაწყვეტად არსებითი იყო რეალური ნება და არა ის, თუ რომელი ხელშეკრულება (უფრო სწორად ცვლილება ხელშეკრულებაში ფასთან დაკავშირებით) იქნებოდა დარეგისტრირებული, ასევე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოპასუხის არგუმენტი ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების და არა ნივთის გადაცემის თაობაზე, სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეეძლო უარის თქმა ხელშეკრულებაზე, მაგრამ, ამ შემთხვევაში მას არ სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა, პირიქით, იგი მზად იყო, მიეღო ნარდობის საგანი იმ მდგომარეობაში, რა სახითაც დაამზადა იგი მენარდემ.

5.1.14. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შემკვეთის მიერ გადარიცხული იყო საინვესტიციო თანხა და არა 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნარდობის საზღაური. სასამართლოს განმარტებით, მართალია, ირკვევა, რომ მხარეთა შორის თავდაპირველად შედგა საშუამავლო ხელშეკრულება, მაგრამ სარჩელი არ ემყარებოდა ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, არამედ, იგი მთლიანად დამყარებული იყო მხარეთა შორის შემდგარ 2012 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე, რომლის ბათილობის რაიმე საფუძველზე მხარეები არ მიუთითებდენ, ხოლო მოპასუხის მითითება, რომ 2012 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება დაფარული გარიგება იყო, არ დგინდებოდა, ამ კუთხით კომპანიას რაიმე ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებაზე არ მიუთითებია. უმეტესწილად იგი 2012 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე (ცვლილება დანართითურთ), როგორც ნამდვილ გარიგებაზე მსჯელობდა, თუმცა, ცხადია, გარკვეულ გარემოებათა გამო, მოსარჩელის მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ევალებოდა ვალდებულების შესრულება.

5.1.15. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგანაც, თანხის არამიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში, მხარეთა შორის მართალაც არსებობდა შეთანხმება ჯარიმის გადახდაზე, თუმცა მოსარჩელემ თავად ვერ დაადასტურა გადახდილი თანხის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5.1.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ შეაფასა კომპანიის მითითება შემკვეთის მიერ 500 000 აშშ დოლარის სრულად გადაუხდელობის თაობაზე.

5.1.17. რაც შეეხებოდა ადვოკატის ხარჯების ნაწილში წარდგენილ პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული თანხის სანაცვლოდ მოპასუხისათვის 2 000 ლარის დაკისრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონშესაბამისი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და არ არსებობდა ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მოპასუხემ _ გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სარჩელის აღძვრის დროისათვის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 500 000 აშშ დოლარს და ამ თანხის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით იყო 891 000 ლარი. სწორედ ამ ღირებულებიდან იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ხოლო საადვოკატო ჰონორარი _ 12 000 ლარი დავის საგნის ღირებულების 1,4%-ს არ აღემატება,

6.1.2. სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა დავის საგნის ღირებულების 4% და არასწორად არ დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის მომსახურების ხარჯის სრულად ანაზღაურება, ამ ნაწილში სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

6.2. შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.2.1. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმსჯელა ნარდობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმგვარად, რომ მას არ გაუუქმებია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი დასაბუთება სხვა ნორმებს ემყარებოდა, აღნიშნულით სასამართლო გასცდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებს. საქმის განხილვისას არც ერთ მხარეს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არ უხსენებიათ, აღიშნული მსჯელობით სასამართლომ მოპასუხეს ნარდობის თემასთან დაკავშირებით შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობა წაართვა, აღნიშნულით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა ურთიერთობა სასესხო ურთიერთობაა, რომელიც შუამავლობიდან წარმოიშვა.

6.2.2. სასამართლომ დაარღია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც 11.10.2012წ. შეთანხმება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში და ფორმადაუცველი გარიგებაა. სასამართლომ კი, იხელმძღვანელა ამ შეთანხმებით განსაზღვრული ფასით.

6.2.3. სასამართლომ ასევე არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით, რადგანაც ხელშეკრულება მოსაჩვენებლად დაიდო, მისი მიზანი ბანკიდან სესხის აღება იყო, რომლის უზრუნველყოფაც მოპასუხის ქონებით განხორციელდა, მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებებით დაიფარა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. გამოვლენილი ნების ძირითადი მიზანი მხოლოდ თანხის მიღება იყო, და რაიმე სხვა იურიდიულ შედეგს არ ითვალისწინებდა.

6.2.4. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 361-ე მუხლები და მიუთითა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე იმგვარად, რომ არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ ნამდვილად ჩათვალა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ვ.გ-ს უნდა გადაეხადა 1 000 000 აშშ დოლარი, რომლის ნაცვლადაც სასამართლომ მიუთითა 500 000 აშშ დოლარის გადახდაზე, სინამდვილეში მოსარჩელეს გადახდილი აქვს მხოლოდ 498 568 აშშ დოლარი. არასრული ოდენობით თანხის გადარიცხვა მოსარჩელემ აღიარა სააპელაციო სასამართლოშიც, თუმცა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ უკვე დავა მიმდინარეობდა მხარეთა შორის. სასამართლო შეეხო სადავო საკითხს, თუმცა არასწორად განმარტა მოპასუხის შესაგებლის პოზიცია, მხარეს შესაგებლით იმისი თქმა სურდა, რომ მოსარჩელეს 1 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა და მის ნაცვლად გადარიცხა მხოლოდ 500 000 აშშ დოლარი. ამ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი და არა მე-2 ნაწილი, შესაბამისად, დაირღვა ამავე კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები.

6.2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 10.10.2012წ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტს, რომელიც ქონების საკუთრებაში გადაცემის პირობებს ადგენდა, შეთანხმებით გასაზღვრული არც ერთი პირობა არ დამდგარა, პალატამ ასევე არასწორად შეაფასა ამავე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტები ხელშეკრულების ფასის განსაზღვრის თაობაზე, ასევე, 6.3. პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს მხოლოდ თანხის დაბრუნების და არა ქონების გადაცემის მოთხოვნის უფლება გააჩნდა.

6.2.6. სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 636-ე მუხლებით, რადგანაც ფართი, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ვ.გ-ს, ხელშეკრულების დადების დროს უკვე არსებობდა, მოზიდული ინვესტიციით ხორციელდებოდა შენობის მე-2 და მე-3 სართულების მშენებლობა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულების დადების დროს ნასყიდობის ობიექტი არ არსებობდა, უსაფუძვლოა. სასამართლო ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაზე მხოლოდ იმიტიმ მსჯელობს, რომ გაამართლოს შენობის ექსპლუატაციაში შესვლის აუცილებლობის არარსებობა. სააპელაციო პალატას არ სურდა იმის დაჯერება, რომ მხარეთა შორის დადებული იყო საშუამავლო ხელშეკრულება და, 500 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საზღაურად მოსარჩელე მიიღებდა 1 კვ.მ ფართს 150 აშშ დოლარად, ხოლო გამოსყიდვის ფასი იყო მოსარჩელის მიერ გადაცემულ ფასზე 40 000 აშშ დოლარით მეტი.

6.2.7. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მსჯელობს, რომ მოპასუხეს თანხის გადახდა სადავო არ გაუხდია, რეალურად, მოპასუხე ყოველთვის მიუთითებდა ვ.გ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოპასუხე შუამდგომლობდა სს „პ-ის“ მესამე პირად ჩაბმაზე, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ასევე, მოითხოვა ამავე ბანკიდან მოსარჩელესთან გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების გამოთხოვა, რაც, ასევე, არ დაკმაყოფილდა.

6.2.8. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე მოსარჩელე მიუთითებდა შუამავლობიდან გამომდინარე სარგებლის მიღებაზე, რომელიც გადაიზარდა სესხში.

6.2.9. სასამართლომ დაარღვია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი და მხარეს სახელმწიფო ბაჟის სახით დააკისრა იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე მოსარჩელეს ჰქონდა ანაზღაურებული, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.გ-მა გადაიხადა 1 500 ლარი, მას მითითებული აქვს 3 000 ლარი, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია

6.2.10. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სს „პ-იდან“ მოსარჩელესთან დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების გამოთხოვის თაობაზე, რომელითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის რეალური ფასი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ემყარება, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს უნდა აეშენებინა შენობა და გადაეცა მოსარჩელისათვის, ხოლო მოსარჩელის ვალდებულებას შეადგენდა თანხის გადახდა. დამკვეთმა ხელშეკრულებაში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად შეასრულა საფასურის გადახდის ვალდებულება, ხოლო მენარდეს დადგენილ ვადაში არ დაუსრულებია მშენებლობა. ვინაიდან დამკვეთი მოითხოვდა ნაკლის მქონე ნივთის მიღებას (ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობის გადაცემა), მისი მოთხოვნა იყო საფუძვლიანი, ამასთანავე, პალატამ, მიუხედავად ადვოკატისათვის მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გადახდილი ჰონორარის თანაფარდობისა დავის საგნის ღირებულებასთან, სამართლიან ანზღაურებად 2 000 ლარის გადახდა მიიჩნია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა კასატორ ვ. გ-ის მოთხოვნასთან მიმართებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რაც შეიძლება მოგებული მხარის სასარგებლოდ დაეკისროს წაგებულ მხარეს საადვოკატო მომსახურების სახით. თავად თანხის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, რომლის დადგენაც სასამართლოს პრეროგატივაა. ამდენად, ის გარემოება, რომ სასამართლომ სრულად არ დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის გადახდა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზრაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ: „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

1.5. რაც შეეხება შპს „კ-ის“ პრეტენზიებს, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს, რომ მხარეთა შორის დაიდო სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრული თვალთმაქცური გარიგება, ვინაიდან ამ მუხლით მხარეს არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია, ამასთანავე, მისი პოზიციები არა თუ სამართლებრივად, ფაქტობრივადაც დაუსაბუთებელია და გაურკვეველს ხდის, თუ რატომ არ შეეძლო მხარეს, თავად დაედო სესხის ხელშეკრულება საბანკო დაწესებულებასთან, გარდა აღნიშნულისა, ლოგიკურ დასაბუთებასაა მოკლებული შუამავლობის სასესხო ურთიერთობაში გადაზრდის ფაქტზე მითითება, ვინაიდან სასესხო მაკლერის მიერ საკუთარი თანხის სესხად გაცემა სამოქალაქო კოდექსის 751-ე-754-ე მუხლებიდა არ გამომდინარეობს, ამასთანავე, მხარეებს ხელშეკრულებაში წერილობით აქვთ დაფიქსირებული ნება და სარჩელიც მხოლოდ ამ ხელშეკრულებას ემყარება, ამ კუთხით, ნარდობის ნამდვილობას ადასტურებს თავად შპს „კ-ის“ კრების გადაწყვეტილებებიც, ხოლო ის გარემოება, რომ თავდაპირველ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების თანხა შემცირდა, მხარეს სადავოდ არ გაუხდია. პალატა ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შესაგებლით 500 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის აღიარების თაობაზე და თვლის, რომ ამ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარების ფაქტი. სააპელაციო პალატამ კი, ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მართებულად არ მიიღო მოპასუხის მიერ მითითებული ახალი ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის თანახმად, ნაკლის მქონე ნივთის მიღების უფლება შემკვეთის უფლებას წარმოადგენს, რაც მას მომავალში, ნაკეთობის ნაკლის გამო, პრეტენზიის გაცხადების უფლებას ართმევს. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ მისი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვისა თუ მესამე პირის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სწორედ ამან განაპირობა ხელშეკრულების ფასის არასწორად დადგენა, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 404-ე მუხლების შესაბამისად, მხარე ვალდებულია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივროს ის შუალედური განჩინებები, რომლებიც დამოუკიდებლად არ საჩივრდება და ამ გზით ამტკიცოს საკუთარი პოზიციის კანონიერება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ განუხორციელებია, ამდენად, საკასაციო საჩივარი ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია.

1.6. რაც შეეხება შპს „კ-ის“ შუამდგომლობას სს „პ-იდან“ მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, მათ პალატა ვერ დააკმაყოფილებს და განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენი ინსტანციის სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ამ ინსტანციაში სასამართლოს მსჯელობის ფარგლებს, ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. მითითებული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.7. სარჩელზე დართული საგადახდო დავალებებით დასტურდება მოსარჩელის მიერ 1 500-1 500 ლარის (სულ 3 000) ასევე 50 ლარის გადახდის ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს თანხა წარმოადგენს ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობას. დავის საგნის დაკმაყოფილებული ღირებულების პროპორციულად, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურება, რაც დაუსაბუთებელს ხდის კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.

1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ვ.გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს #- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

2.2. რაც შეეხება შპს „კ-ს“, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ შპს „კ-ის“ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმყოფილდეს.

4. კასატორ ვ. გ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

5. კასატორს შპს „კ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 30%-ის _ 2 400 ლარის გადახდა.

6. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე _ ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური