საქმე №ას-909-859-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნ. ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. და გ. ხ-ები (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. შ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. და გ. ხ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ ე.ხ-ისათვის 15 232 ევროს ეკვივალენტი _ 37 950,40 ლარის, ხოლო გ.ხ-ისათვის _ 50 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, ნ. მ-ემ მოთხოვნა დაუთმო მოსარჩელეს იმ თანხის ანაზღაურებაზე, რომელიც მან სხვადასხვა დროს გადასცა (მათ შორის, ე.ხ-ის მკურნალობისათვის გადაიხადა) მოპასუხეებს, ამ თანხის მიღებით მოპასუხეები გამდიდრდნენ უსაფუძვლოდ.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და კვალიფიციური შედავების ფარგლებში აღნიშნეს, რომ ერთადერთი თანხა, რომლის გადახდაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 799,93 ევროა და ეს თანხა ნ.მ-ემ ე.ხ-ს გადასცა საჩუქრის სახით, რაც შეეხება მკურნალობას, ეს თანხები გადახდილია მოპასუხის მიერ და ის თავადაა გადამხდელად დაფიქსირებული დოკუმენტებში, უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მტკიცება უძრავი ქონების შესაძენად თანხის გადაცემის თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 949.93 ევროს ეკვივალენტი ლარის, ხოლო გ. ხ-ს _ 100 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოწმეების: ლ. კ-ის, მ. მ-ის, ნ. ბ-ისა და გ. ლ-ის ჩვენებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ე და ე. ხ-ი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ერთად ცხოვრობდნენ როგორც საბერძნეთში, ასევე, საქართველოში.
5.1.2. ამავე მოწმეებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, საბერძნეთში მყოფმა ნ. მ-ემ 2004 წელს 2 000 აშშ დოლარი გამოუგზავნა გ. ხ-ს, რომელიც ე. ხ-ის დედაა. ამ უკანასკნელმა ხელზე მიიღო ეს თანხა საქართველოში. გ. ლ-ემ, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის სხდომაზე დაკითხვისას, განმარტა, რომ იგი მუშაობდა საწარმოში, რომელიც უზრუნველყოფდა საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების მოწოდებას საქართველოში. მოწმემ დაადასტურა გ. ხ-ის მიერ მსხვილი თანხების: 2 000 აშშ დოლარისა და 4 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რომელიც გამოგზავნილი იყო ნ. მ-ისაგან.
5.1.3. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ნ. მ-ემ 2014 წლის 18 აგვისტოს თავისი ყველა მოთხოვნა ე. და გ. ხ-ების მიმართ დაუთმო მ. შ-ეს.
5.1.4. ნ. მ-ის მიერ მოპასუხეებისათვის სხვა თანხის გადაცემის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამგვარ მტკიცებულებებად კი, არ იქნა მიჩნეული ბლოკნოტის ფურცლის ასლი, რადგან მასში ასახული იყო გაუგებარი შინაარსის ჩანაწერები; სს „ე-ის“ ანგარიშსწორების დოკუმენტები, რომლებითაც დგინდებოდა, რომ ე. ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური გადახდილია თვითონ ე. ხ-ის მიერ; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შპს „ა-ის“ 2014 წლის 7 ივლისის №... აუდიტორული დასკვნა, რომლებიც, მართალია, ადასტურებდნენ, რომ ქალაქ ქუთაისში, მ-ას ქუჩის №...ში მდებარე უძრავი ნივთი ე. ხ-ის საკუთრება იყო და იგი 80 000 ლარი ღირდა, მაგრამ ამ მტკიცებულებებით შეუძლებელი იყო იმის განისაზღვრა, თუ რა სახსრებით შეიძინა ე. ხ-მა ეს ქონება; მითითებული მტკიცებულებები, ასევე 2004 წლის 7 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება ადასტურებდა უძრავ ნივთზე გ. ხ-ის საკუთრებას, ასევე, მის ღირებულებას (50 000 ლარი), მაგრამ შეუძლებელი იყო განსაზღვრულიყო, თუ რა სახსრებით შეიძინა გ. ხ-მა გ. ფ-ისაგან ეს ქონება. რაც შეეხებოდა მოწმეთა ჩვენებებს, პალატის შეფასებით, კონკრეტულად ვერც ერთი მოწმე ვერ მიუთითებდა, თუ რა ოდენობით თანხები გამოუგზავნა ან/და გადასცა ნ. მ-ემ მოპასუხეებს. გარდა ამისა, მოწმეები: ლ. კ-ე (ნ. მ-ის ნათლია), მ. მ-ე (ნ. მ-ის და) და ნ. ბ-ი (ნ. მ-ის ახლო მეგობარი ხანგრძლივი დროის, დაახლოებით 25 წლის განმავლობაში) იყვნენ, გარკვეულწილად, დაინტერესებული პირები ნ. მ-ის სასარგებლოდ, მათ შორის არსებული ნათესაური თუ სხვაგვარი სიახლოვიდან გამომდინარე. რაც შეეხებოდა გ. ლ-ეს, მან, მართალია, დაადასტურა გ. ხ-ის მიერ 4 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რომელიც, მისი ჩვენებით, ნ. მ-ისგან იყო გამოგზავნილი, მაგრამ ეს ფაქტი თავად მოსარჩელესაც კი არ მიუთითებია: სარჩელში არ იყო აღნიშნული, რომ ამ ოდენობის თანხა ნ. მ-ეს ოდესმე გადაეცა გ. ხ-ისათვის; მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ამ თანხიდან მხოლოდ 2 000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ნ. მ-ეს და ეს თანხა გამოყენებულ იქნა უძრავი ნივთის შესაძენად. ამასთან, ამ თანხიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მ. შ-ემ წარუდგინა არა გ. ხ-ს, არამედ ე. ხ-ს.
5.1.5. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 976-ე-990-ე მუხლებით რეგულირებულია შემთხვევები, როდესაც ერთი პირი უსაფუძვლოდ მდიდრდება მეორე პირის ხარჯზე და დადგენილია წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფუძვლო გამდიდრების გათანაბრება, ანუ უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირისაგან მიღებული სარგებლის (ნამატის) ამოღება და მისი გადაცემა დაზარალებული პირისათვის (შემსრულებლისათვის). სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა, დაუბრუნოს მას მიღებული.
5.1.6. ვინაიდან დადგინდა, რომ ნ. მ-ემ 2004 წელს ნებაყოფლობით, ყოველგვარი ვალდებულების არსებობის გარეშე გადასცა გ. ხ-ს 2 000 აშშ დოლარი, ამასთან, ვერ დადასტურდა, რომ ამ თანხით იქნა შეძენილი გ. ხ-ის მიერ უძრავი ქონება, პალატამ ჩათვალა, რომ გ. ხ-ი ნ. მ-ის ხარჯზე გამდიდრდა მხოლოდ ამ თანხით, რის დაბრუნების ვალდებულებაც მას, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის საფუძველზე, ეკისრებოდა ნ. მ-ის უფლებამონაცვლე მ. შ-ისათვის, რადგან ამ უკანასკნელმა ნ. მ-ისაგან მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მიიღო 2014 წლის 18 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5.1.7. პალატის დასკვნით, ე. ხ-ის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ქალაქ ქუთაისში, მ-ას ქუჩის #9--ში მდებარე უძრავი ნივთი ე. ხ-მა შეიძინა ნ. მ-ის კუთვნილი თანხით. უტყუარად ასევე ვერ იქნა დადასტურებული ნ. მ-ისაგან ე. ხ-ისათვის რაიმე თანხის გადაცემის (მათ შორის - გ. ხ-ის მეშვეობით) და ე. ხ-ის მკურნალობისათვის ნ. მ-ის მიერ რაიმე ხარჯის გაწევის ფაქტიც.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა გამოტანილი, რამდენადაც სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა, რომ ე.ხ-ის მკურნალობის თანხა _ 1 340 ევრო გადაიხადა ნ.მ-ემ, მართალია, გადახდის დოკუმენტებში მითითებულია ე.ხ-ი, თუმცა სასამართლოს უნდა გაეთავლისწინებინა მოწმეების: ნ.ბ-ისა და სხვათა ჩვენებები, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებას წარმოადგენს. მოწმეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ე.ხ-ი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებდა თანხის გადახდას.
6.1.2. 15 232 ევროს გადახდის ფაქტი დასტურდება ნ.მ-ის ბლოკნოტის ჩანაწერით, სადაც ე.ხ-ი უთითებს, რომ 11 932 ევრო არის მისი დასაბრუნებელი. რაც შეეხება 3 500 და 2 500 ევროს გადაცემას, ამ ფაქტს ადასტურებენ მოწმეები: მ.მ-ე და ნ.ბ-ი, ხოლო მოწმეებმა: ლ.კ-მა, მ.მ-ემ, ნ.ბ-მა და გ.ლ-ემ დაადასტურეს ის ფაქტიც, რომ უძრავი ქონება შეძენილია ნ.მ-ის მიერ გამოგზავნილი თანხით, ეს გარემოება არც მოპასუხე გ.ხ-ს უარუყვია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თითოეული მოწმე გაფრთხილებული იყო ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობაზე და ჩვენებების გაუზიარებლობით დაარღვია კანონის მოთხოვნები. 2 000 აშშ დოლარისა და 4 500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი დადასტურებულია გ.ლ-ის ჩვენებით, რომელსაც გ.ხ-მა განუცხადა, რომ თანხები უძრავი ქონებების შესაძენად ესაჭიროებოდა. პალატამ არასწორად განმარტა, თითქოს სარჩელში არ იყო მითთებული, რომ გამოგზავნილი 4 500 აშშ დოლარიდან 2 000 აშშ დოლარი იყო ნ.მ-ის, ხოლო 2 500 აშშ დოლარი _ ე.ხ-ის, ეს გარემოება მხარემ მიუთითა ასევე სასამართლო სხდომაზე. მოსარჩელე სასამართლო სხდომებზე ადასტურებდა იმას, რომ გამოგზავნილი თანხების ნაწილი ნ.მ-ისათვის სახლის შეძენას ემსახურებოდა, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ გადაუფორმდებოდა მას, ეს გარემოება დადასტურებულია ასევე მოწმეთა ჩვენებებითაც. ამ გარემოებათა არასწორი შეფასების გამო, სასამართლომ დაადგინა, თითქოს უძრავი ქონების ნ.მ-ის მიერ გადაცემული თანხით შეძენა არ დასტურდებოდა.
6.1.3. ამავე საფუძვლებზე მითთებით კასატორმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობვრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებით სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა განკუთვნადი მტკიცებულებები იმისა, რომ ე.ხ-ის მკურნალობის თანხა გაღებულია ნ.მ-ის მიერ, რამდენადაც, წარდგენილ მტკიცებულებებში გადამხდელად ფიქსირდებოდა თავად ე.ხ-ი, რაც შეეებოდა უძრავი ქონების შეძენას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ამ ქონებების შეძენის ფაქტი, ხოლო, თუ რა სახსრებით იქნა შეძენილი, ეს გარემოება მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სასამართლოს მსჯელობას მტკიცებულებების: ბლოკნოტის ჩანაწერისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხილს პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. როგორც ერთი, ისე მეორე სახის მტკიცებულება, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო მიზნებისათვის იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებებია, თუმცა, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (სსსკი-ის 105-ე მუხლი). გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებლად უარყო წერილობითი მტკიცებულების იურიდიული ძალა, რამეთუ არ ირკვეოდა კონკრეტული ინფორმაციის შინაარსი და იგი გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედებოდა, ხოლო მოწმეთა ჩვენება, თავისი ბუნებით, ყველა სხვა მტკიცებულებისაგან იმით განსხვავდება, რომ მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ემყარება მოწმის უნარს, აღიქვას ფაქტები და გარკვეული დროის შემდგომ გადმოსცეს ისინი, ამის გამო, სასამართლო მოწმის ჩვენების გაზიარებისას, ამ მტკიცებულების იურიდიულ ძალას აფასებს, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური თვალსაზრისით. საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ კასატორი მტკიცებას ძირითადად მოწმეთა ჩვენებებზე ამყარებს, თუმცა ამ მოწმეთა ნეიტრალურობა მართებულად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. რაც შეეხება გასაჩვრებული გადაწყვეტილების დასკვნას სარჩელში გ.ხ-ისათვის გადაცემული თანხის ოდენობის მითითების თაობაზე, პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს და კასატორს მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
1.5. პალატა დამატებით განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების მიზნებისათვის (სკ-ის 976-ე-990-ე მუხლები) მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის გადაცემისა და ამ გადაცემის საფუძვლის არარსებობის დადასტურება, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებლი ქონებრივი წონასწორობის დარღვევის ფაქტი, რათა სარჩელი სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნიოს და დააკმაყოფილოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ნ.მ-ის მიერ გადაცემული თანხით იქნა შეძენილი სადავო უძრავი ქონება, რაც მართებულად დაედო საფუძვლად ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული გარემოება შეიძლებოდა გაქარწყლებულიყო მხოლოდ მოწმის ჩვენებით.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური