Facebook Twitter

საქმე №ას-904-854-2015 27 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. 2011“, მ. თ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საფლავის პასპორტის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ც. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ. 2011-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და მ. თ-ის (შემდგომში _ მესამე პირი, იხ: 07.02.2014წ. საოქმო განჩინება) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, მოსარჩელის სახელზე გასცეს ძველქვიანის სასაფლაოზე მდებარე მისი კუთვნილი საგვარეულო საფლავის პასპორტი საფლავის რეალური ზომით _ 17.12 კვ.მ (დაზუსტებული მოთხოვნა).

2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირველადი საფლავის პასპორტის მონაცემებთან შედარებით (15 კვ.მ), ამჟამად მოსარჩელის კუთვნილი საფლავი არის 20,8 კვ.მ. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ თავდაპირველ პასპორტში მითითებულია არასწორი მონაცემები, კერძოდ, ნაცვლად 18 კვ. მეტრისა, მითითებულია 15 კვ. მეტრი. საფლავის თვითნებური გაზრდით მოსარჩელემ ასევე დაარღვია მეზობლის _ მესამე პირის უფლებებიც და ჩაუკეტა საოჯახო საფლავთან მისასვლელი გზა.

2.2. სარჩელს არ დაეთანხმა არც მესამე პირი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ.ქუთაისში, ძელქვიანის სასაფლაოზე, მდებარეობს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული საგვარეულო საფლავი (ძველი ადგილი), რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ნეშტის დასაკრძალავად.

5.1.2. აღნიშნულ საფლავზე 1997 წელს გაცემულ იქნა ე.წ საფლავის პასპორტი და საოჯახო საფლავის ადგილმდებარეობის ნახაზი, სადაც აღნიშნულია, რომ საოჯახო საფლავის მიწის ნაკვეთი საერთო ჯამში 15 კვ. მეტრს შეადგენს. საოჯახო საფლავზე დაკრძალული არიან: მ-ი მ. (1921წ), მ-ი დ. (1978წ), მ-ი ე. (1982წ) და მ-ი ვ. (1997წ.);

5.1.3. მოსარჩელის დედა - ლ. მ-ი საოჯახო საფლავზე დაკრძალული იქნა 2012 წლის 21 ივნისს. საოჯახო საფლავზე ახალი პასპორტი გაცემული არ ყოფილა, მაგრამ ლ. მ-ის დაკრძალვისას შედგენილ იქნა სქემატური ნახაზი, რომლის თანახმადაც, საფლავის ზომაა 20.8 კვ.მ. შემოღობილი იყო ეკლარის ქვით და საფლავის ქვა არ იდგა. 2012 წელს მოპასუხემ გასცა ნებართვა (ბრძანება #...), რომლითაც მოსარჩელეს უფლება მიეცა, საგვარეულო საფლავზე დაედგა რკინის მესერი არსებულ ცოკოლზე.

5.1.4. 2013 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს მის კუთვნილ საგვარეულო საფლავზე პასპორტის გაცემის მოთხოვნით (საფლავის ზომით - 18 კვ.მ). მოპასუხის 2013 წლის 12 სექტემბრის #... წერილით მას უარი ეთქვა საფლავის პასპორტის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ, როგორც 1997 წელს გაცემული საოჯახო საფლავის ადგილმდებარეობის ნახაზით ირკვეოდა, მოსარჩელეს აღებული ჰქონდა 15 კვ.მ საოჯახო საფლავი, ხოლო 2012 წელს გაცემული ნებართვით საფლავის ზომები იყო 20,8 კვ.მ. მოსარჩელის მიერ 1997 წელს გაცემული ნახაზის წარუდგენლობით შეცდომაში იქნა შეყვანილი მოპასუხის ადმინისტრაცია და ფაქობრივად არასწორად გაიცა 2012 წლის ნებართვა, რითაც დაირღვა მოქალაქე მ. თ-ის უფლებები: მას ჩაეკეტა მისასვლელი გზა საოჯახო საფლავთან;

5.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 3 სექტემბრის N... დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საოჯახო საფლავის ფართი ზეძირკველის ჩათვლით შეადგენს 17,12 კვ. მეტრს.

5.1.6. ქალაქ ქუთაისში სარიტუალო მომსახურების მოწესრიგების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #141 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესები. მოპასუხე საწარმოს პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცდა შპს-ის მომსახურების ტარიფები, რომლის თანახმად, სასაფლაოზე საფლავების გამოყოფის საფასური განსაზღვრულია სასაფლაოთა კატეგორიებისა და ცალკეულ სასაფლაოზე ზონების მიხედვით; 2.7 მუხლით დადგენილია, რომ სტანდარტულ საფლავზე მეტი ზომის საფლავის აღების შემთხვევაში, ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე საფასური გაიზრდება 30%-ით.

5.1.7. 1997 წელს გაცემულ საფლავზე ფართის მიმატების შესახებ საქალაქო სასაფლაოს მმართველს გადაწყვეტილება არ გამოუცია და არც დამატებულ ფართზე დადგენილი ტარიფების მიხედვით საფასური გადახდილი არ ყოფილა.

5.1.8. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებასაც და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რომლითაც ასევე დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე შპს „ქ. 2011-ის“ მიერ 2012 წელს გაცემული ნებართვის საფუძველზე მისივე საგვარეულო საფლავზე არსებულ ცოკოლზე რკინის მესრის დადგმით მესამე პირს აღეკვეთა საკუთარ საოჯახო საფლავზე მისასვლელი გზა.

5.1.9. აპელანტმა, სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ახსნა-განმარტებაში ასახული მოსაზრებებით, ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ემყარება საქმის გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით გამოკვლევას, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია საფლავის ზომა, რაც არ შეესაბამება არსებულ პასპორტში ასახულ მონაცემებს ზომის თვალსაზრისითა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის 2012 წელს გარდაცვლილი დედის საფლავი არაა ასახული პასპორტში. ექსპერტის დასკვნის თანახმად, საფლავის რეალური ზომა 17,12 კვ. მეტრია. მოსარჩელეს მიეცა უფლება, აღემართა მესერი, რომელიც არსებულ ცოკოლზეა დამაგრებული, ამ მონაკვეთშია მოსარჩელის დედის საფლავიც.

6.1.2. სარჩელის საგანი რეალურად არსებულ საზღვრებში საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაა, რასაც გვერდი აუარა სააპელაციო სასამართლომ და ისაუბრა ნებართვაზე, რაც სარჩელის საგნიდან არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია არა ის, თუ რა წერია საფლავის ნებართვაში და რამ გამოიწვია ამ ნებართვაში 20 კვ. მეტრის ჩაწერა, არამედ საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემა რეალურად არსებულ საზღვრებში, რომელშიც მოქცეულია მოსარჩელის დედის საფლავი.

6.1.3. მესამე პირის უფლება მოსარჩელეს არ დაურღვევია, ექსპერტიზის დასკვნის „ბ“ ქვეპუნქტით შეუძლებელია განსაზღვრა, თუ ვისი საფლავის ღობით არის შეზღუდული თ-ის საფლავთან მისასვლელი გზა, ამავე დასკვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ც-ის საფლავის ჭიშკრის გაღებას ხელს უშლის დ-ის საფლავის ღობე, ამავე დასკვნის „გ“ ქვეპუნქტით არ დგინდება რამდენი კვ. მეტრით აქვს მოსარჩეს მომატებული საფლავი, ამდენად, მოსარჩელეეს არ მიუტაცებია მიწა.

6.1.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარეოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხე შეიყვანა შეცდომაში, რადგანაც საფლავის ზომის დადგენა მოპასუხის ვალდებულებაა, ასევე, არასწორად დაადგინა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად საფლავის ზომა 20 კვ. მეტრს წარმოადგენდა, რადგანაც სასამართლოს არ გაუზომავს საფლავი. ეს დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას.

6.1.5. სასამართლომ შეფასება არ მისცა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, კერძოდ, მ-ების საგვარეულო საფლავი მდებარეობს ძველქვიანის სასაფლაოზე, ეს სასაფლაო ჩაკეტილია და ცნობილია ძველი ადგილის სახელით. საფლავის ძველი პასპორტი აღებულია 1921 წელს და ორი მოცემულობისაგან შედგება, სიტყვიერად საფლავი (მიწის ფართი) სულ 15 კვ. მეტრისგან შედგება, ხოლო ნახაზების მონაცემების თანახმად, მთლიანი საფლავის ზომა 16,80 კვ.მეტრია, ასევე, მოცემულია საფლავებს შორის მანძილი. 2012 წლის 21 ივნისს მოსარჩელემ დაკრძალა დედა, რის თაობაზეც თანხმობა მიიღო მოპასუხისაგან მის მიერვე შედგენილი ნახაზით, სადაც, თურმე, შეცდომით მიუთითებიათ 20,80 კვ.მ. საფლავის ძველ ქვებზე მოსარჩელემ აღმართა რკინის მესერი. 2013 წელს მოსარჩელეს აცნობეს, რომ უჩიოდა უკანა მოსაზღვრე ც-ის საფლავის მეპატრონე თ-ე, თუმცა წარდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ იგი დედის დაკრძალვამდეა შედგენილი, ანუ მაშინ, როდესაც მესერი არ იყო დადგმული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-ეს შეუძლია ისარგებლოს შემოვლითი გზით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-ების საფლავსა და დ-ის საფლავს შორის მანძილი თავში 0,13 სანტიმეტრს, ხოლო ბოლოში _ 0,25 სანტიმეტრს შეადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა საფლავის თავდაპირველ პასპორტში არსებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამომწვევი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, არ არსებობდა ფაქტობრივად დაკავებულ ფართზე პასპორტის გაცემის დავალდებულების წინაპირობები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს ფაქტობრივად დაკავებული ფართის შესაბამისად პასპორტის გაცემის დავალდებულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები სრულად ემყარება საქმის მასალების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასებას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ ადრე გაცემულ პასპორტში ასახული მონაცემები არ იყო სწორი. აღნიშნულის საპირისპიროდ, დადგენილია, რომ საფლავზე ფართის მიმატების შესახებ საქალაქო სასაფლაოს მმართველს გადაწყვეტილება არ გამოუცია და არც დამატებულ ფართზე დადგენილი ტარიფების მიხედვით საფასური გადახდილი არ ყოფილა. ამდენად, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #141 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესები, რომლის შესაბამისად, ფაქტობრივად დაკავებული ფართის მიხედვით პასპორტის გაცემის დავალდებულების წინაპირობები არ არსებობს.

1.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 31 ივლისს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ც. მ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 31 ივლისს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური