Facebook Twitter

საქმე №ას-1131-1064-2015 25 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ხ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები _ პ. მ-ე, მ. მ-ე, გ. რ-ე, ნ. მ-ი, ი. მ-ე, ი. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი. ხ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი), პ. მ-ის, მ. მ-ის, გ. რ-ის, ნ. მ-ის, ი. მ-ისა და ი. ბ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი მოპასუხეები) მიმართ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგებების, როგორც თვალთმაქცური გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რათა აღსრულებულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ხოლო, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო გარიგებები არ იყო ბათილი, მოსარჩელემ მოითხოვა ზ.მ-ისათვის კომპენსაციის დაკისრება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, როგორც თვალთმაქცური გარიგება, ბათილად იქნა ცნობილი ზ. მ-ესა და პ. მ-ეს შორის გაფორმებული რეგისტრაცია შსს მომსახურების სააგენტოში სანადირო თოფზე „S.-ზე“, დაევალა შსს მომსახურების სააგენტოს სანადირო თოფის „S.-ის“ დარეგისტრირება ზ. მ-ის სახელზე, ბათილად იქნა ცნობილი ზ. მ-ესა და პ. მ-ეს შორის შსს მომსახურების სააგენტოში გაფორმებული რეგისტრაცია „მერსედეს ბენცი“ მლ-500 მარკის (სახელმწიფო ნომერი „ზ.-5“) ავტომანქანასთან მიმართებით და დაევალა შსს მომსახურების სააგენტოს აღნიშნული ავტომანქანის პ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული 1/2-ის აღრიცხვა ზ. მ-ის სახელზე, დაეკისრა ზ. მ-ეს 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 30 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა.

6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დაეკისროს ზ. მ-ეს ი. ხ-ის სასარგებლოდ 7 500 ლარის გადახდა“.

6.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და განმარტა, რომ ზ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს „ი-ის“ მიერ შედგენილი 2014 წლის 22 იანვრით დათარიღებული ე.წ კონსულტაციის აქტი №..., რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 15 000 ლარს. აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ ამ თანხის ნახევარი _ 7 500 (15000 : 2) ლარი უნდა დაკისრებოდა ზ. მ-ეს ი. ხ-ის სასარგებლოდ. ეს გარემოება ამგვარადვე იყო ასახული გადაწყვეტილებაში. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, მითითებული უსწორობა უნდა გასწორებულიყო.

7. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სადავო საკითხის საკასაციო პალატის მიერ შესწავლა ან ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება, ზეპირი მოსმენით განეხილა უსწორობის გასწორების საკითხი.

7.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

7.1.1. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით იგნორირება გაუკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონება შეფასებულია 60 000 ლარად. ამ თანხის ნაწილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ეკუთვნის კერძო საჩივრის ავტორს. სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო შპს „ი-ის“ 2014 წლის 22 იანვრის ე.წ საკონსულტაციო აქტს. არც პირველი და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ დოკუმენტის შემდგენი არ დაკითხულა, არ შემოწმებულა მისი კომპეტენცია, რომელიც ექსპერტიც კი არ არის.

7.1.2. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობად მიუთითა 15 000 ლარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ თანხის ნაცვლად მოპასუხეს დააკისრა 7 500 ლარის გადახდა, რაც გამოქვეყნებული გადაწყვეტილების შეცვლა და არა უსწორობის გასწორებაა. სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაენიშნა სასამართლო სხდომა და საკითხი ზეპირი მოსმენით გადაეწყვიტა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების შეცვლისა და მხარისათვის დაკისრებული თანხის განახევრების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია შემდეგი გარემოებები:

1.2.1. წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე კომპენსაციის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ ზ. მ-ის სააპელაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, ნაწილობრივ გააუქმა რა 30 000 ლარის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში თანხის ოდენობა განსაზღვრა 15 000 ლარით.

1.2.2. 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „ამ კონკრეტული დავის ფარგლებში ი. ხ-ეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმ ქონების ღირებულება, რომლის ნახევარზეც მას კანონიერი უფლებები გააჩნია, სწორედ 60 000 ლარს შეადგენს. ნაცვლად და საპირისპიროდ ამისა, ზ.მ-ის მიერ, საქმეში წარმოდგენილია შპს „ი-ის“ მიერ შედგენილი ე.წ კონსულტაციის აქტი №..., 2014 წლის 22 იანვრით დათარიღებული, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს. პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თანხის ნახევარი, 15 000 : 2 = 7 500 ლარი უნდა დაეკისროს ზ. მ-ეს ი. ხ-ის სასარგებლოდ“.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად, უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე. ნორმის მითითებული დანაწესებიდან გამომიდნარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს საქმეზე მიღებული შედეგის _ სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს, სადაც სასამართლო ასახავს საკუთარ შეფასებებსა და დასკვნებს სადავო გარემოებების თაობაზე და იურიდიულად ასაბუთებს გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილის მიღებამდე განვლილ პროცესს, ანუ სარეზოლუციო ნაწილი ყალიბდება იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო კონკრეტულ შედეგამდე.

1.4. საქმეში წარმოდგენილი შპს „ი-ის“ საკონსულტაციო აქტის თანახმად, სადავო ქონების ღირებულება განსაზღვრულია 15 000 ლარით. სააპელაციო პალატა სწორედ ამ მტკიცებულებას დაემყარა და, სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა განკარგული თანასაკუთრების ღირებულების ნახევარი, რაც შეადგენს არა 30 000, არამედ 7 500 ლარს. ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია არითმეტიკული უსწორობა, რომლის გასწორების საკითხიც რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით.

1.5. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამგვარი საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ვინაიდან გასაჩვრებული განჩინების დასაბუთება სრულად ექცევა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის რეგულაციის ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი შესაძლებლობა, მართალია, ამავე ნორმით დასაშვებია, თუმცა უსწორობის გასწორების საკითხის თაობაზე სხდომის დანიშვნის საკითხი წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციას, თავის მხრივ, სასამართლო საკითხს შესაფასებელი გარემოების სირთულის გათვალისწინებით წყვეტს. უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა რაიმე სირთულესთან არაა დაკავშირებული, ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორს არ დაუსაბუთებია მისი რომელი უფლება შეილახა სააპელაციო პალატის მხრიდან ზეპირი მოსმენის დაუნიშნაობით.

1.6. რაც შეეხება შპს „ი-ის“ საკონსულტაციო აქტის გამოყენების კუთხით მხარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ საკითხის შეფასება ცდება კერძო საჩივრის ფარგლებს და იგი შეფასდება ი.ხ-ის საკასაციო საჩივრის პრეტენზიათა გათვალისწინებით.

1.7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის ნორმათა სწორ განმარტებას ემყარება, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებულ არგუმენტს, რაც ამ განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. როგორც უკვე აღინიშნა, წინამდებარე განჩინების საგანს წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერება. კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგენა შემდეგი მტკიცებულებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის, 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინების, ასევე, შპს „ი-ის“ #... საკონსულტაციო აქტის ასლები, რომლებიც ისედაცაა საქმეში განთავსებული.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმიდან, ასევე, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები ისედაცაა წარმოდგენილი საქმეში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი განმეორებით დართვის წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. ი. ხ-ეს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის, 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინების, ასევე შპს „ი-ის“ #... საკონსულტაციო აქტის ასლები (ტ.III, ს.ფ. 231-253; 256)

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური