საქმე №ას-919-881-2014 11 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. კ-იას უფლებამონაცვლე ნ. კ-ია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე _ ა- კ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ჯ. კ-იამ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ბ-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ა- კ-იას (შემდგომში _ მოპასუხე, მოვალე) მიმართ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ი.ქ-ის 25.06.2013წ. ნივთის აღწერა-დაყადაღების აქტში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ბ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო, მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლის ფარგლებში განმარტა, რომ, მართალია, სადავო მისამართი მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელია, თუმცა მის მიერ სადავო ნივთების შეძენის ფაქტი არ დასტურდება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
2.2. თავდაპირველმა მოპასუხემ _ მოვალემ სარჩელი სრულად ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულბლის მიერ 25.06.2013წ. ნივთის აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი ნივთები: ა) მეორადი მოხმარების ნაჭრის სამეული შავ და ყავისფერ ფერებში; ბ) მეორადი მოხმარების ტელევიზორი „ლჯ“ მუშა მდგომაროებაში; გ) მეორადი მოხმარების ჟურნალების მაგიდა შუშის ზედაპირით; დ) მეორადი მოხმარების ხის მაგიდა ლამინატის ზედაპირით; ე) მეორადი მოხმარების 12 სკამი; ვ) მეორადი მოხმარების დივანი ნაჭრის ზედაპირით, ჭრელი, ღია ყავისფერი; ზ) მეორადი მოხმარების მაცივარი „მორე“; თ) მეორადი მოხმარების ტელევიზორი „სტარ“, მუშა მდგომარეობაში; ი) მეორადი მოხმარების ტელევიზორი „დეევუ“; კ) მეორადი მოხმარების სარეცხი მანქანა „სამსუნგი“.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ბ.ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 15.05.2013წ. გაცემული #2/2016-13 სააღსრულებო ფურცლით კრედიტორის (აპელანტის) სასარგებლოდ მოვალისათვის (თავდაპირველი მოპასუხე) დაკისრებული თანხის გადახდის აღსრულების უზრუნველსაყოფად თბილისის სააღსრულებო ბიურის აღმასრულებლმა 25.06.2013წ. შეადგინა ნივთების აღწერა-დაყადაღების აქტი და ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ბ. ხ-ის ქ#...-ში მდებარე #... ბინაში განთავსებულ, სარჩელით მოთხოვნილ ნივთებს.
5.1.2. მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე, ამასთან, უდავო იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მოვალე იყვნენ მამა-შვილი და ერთად ცხოვრობდნენ ამავე მისამართზე მდებაზე #... ბინაში.
5.1.3. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სადავო ნივთებზე არ ვრცელდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 45-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთზე საკუთრების უფლების ვარაუდი. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და ცხოვრობდა ამავე ბინაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს 25.06.2013წ. აქტით კი, დაყადაღებულ იქნა ამავე ბინაში მდებარე მოძრავი ნივთები. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იგულისხმებოდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთები ამ უძრავი ნივთის მესაკუთრეს ეკუთვნოდა. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც სამართლიანად იყო მითითებული, საკუთვნებლის თვისებას წარმოადგენდა ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით და განუკთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, იგი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს და საპირისპიროს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედაც მიიჩნევა. დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდნენ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საკუთვნებელს. მესაკუთრედ მოსარჩელის ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია, ხოლო ამავე მისამართზე მოვალის ცხოვრების ფაქტი არ ადასტურებდა სადავო ნივთებზე მის საკუთრებას, მოწმედ დაკითხული პირები ასევე ადასტურებდნენ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის მიერ იყო შეძენილი ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მოვალე არასრულწლოვანი იყო.
5.1.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებსთან მიმართებაში, რომლის აღსასრულებლადაც იყო დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მოსარჩელე წარამოადგენდა მესამე პირს და მისი ქონების რეალიზაციით არ შეიძლებოდა კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. მოცემულ საქმეში არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო სხვა ნივთებთან ერთად დაყადაღებულია სამი ტელევიზორი, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგანაც მთავარი ნივთის სამსახურისათვის, როგორც ეს სააპელაციო პალატამ განმარტა, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი ტელევიზორი, ამასთანავე, სასამართლომ ისე მიიჩნია სადავო ნივთები მოსარჩელის საკუთრებად, რომ არც დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საბანკო ანგარშებიდან მოსარჩელის კუთვნილი ფულადი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ არ ირკვევა მოწმეთა განმარტებები, რატომ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ ნივთების შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
6.1.2. სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომელთა შესაბამისადაც, მოსარჩელეს უნდა წარედგინა მოთხოვნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად წარმოადგენდა ჯ.კ-ია სათანადო მოსარჩელეს, როდესაც მან განმარტა, რომ სადავო ნივთები შეძენილია მისი და მისი მეუღლის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა- კ-იას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. კ-ია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად იმ ფაქტობრივ დასაბუთებას ემყარება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, რომლის სასარგებლოდაც მოქმედებდა კანონით გათვალისწინებული საკუთვნებლის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. ეს პრეზუმფცია მოპასუხემ ვერ გააქარწყლა, ხოლო, რადგანაც მოსარჩელე არ ყოფილა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის მოვალე, მისი, როგორც მესამე პირის სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სფუძვლიანი იყო.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.5. საკასაციო პრეტენზიათა საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით დაშვებული ვარაუდი კანონისმიერი პრეზუმფციაა, რომელიც დამატებით მტკიცებას არ ექვემდებარება, ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (მოცემულ შემთხვევაში _ კასატორი), დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ მოსაზრებას, შესაბამისად, სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, მით უფრო მოძრავ ნივთებთან მიმართებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნები. აქვე უნდა განიმარტოს, რომ საკუთვნებელი, როგორც ამას კასატორი მიიჩნევს (ტელევიზორების შემთხვევაში), არ არის მხოლოდ მთავარი ნივთით სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი ნივთია, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას.
1.6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა სწორი ანალიზით მართებულად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთებზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. რაც შეეხება კასატორის მითითებას არასათანადო მოსარჩელის საკითხზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე კასატორის მითითებული არგუმენტი რაიმე გავლენას ვერ მოახდენს.
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (იხ. სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი).
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე. თ-ის მიერ კასატორის სახელით 2014 წლის 22 სექტემბერს N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ბ. ბ-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) ე. თ-ის მიერ კასატორის სახელით 2014 წლის 22 სექტემბერს N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური