საქმე №ა-4261-შ-86-2015 18 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა 2003 წლის 19 ივნისს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება ა. დ-სა და ლ. ი-ს შორის.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. დ-მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მოპასუხე ლ. ი-ი ინფორმირებული იყო განხილვის თარიღის შესახებ;
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 16 ივნისიდან;
გ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოცემულ საქმეზე გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია, კერძოდ, მოდავე მხარეები არიან საქართველოს მოქალაქეები;
დ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც იგი მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის ვეზელის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ა. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა 2003 წლის 19 ივნისს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება ა. დ-სა და ლ. ი-ს შორის.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. დ-მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მოპასუხე ლ. ი-ი ინფორმირებული იყო განხილვის თარიღის შესახებ;
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 16 ივნისიდან;
გ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოცემულ საქმეზე გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია, კერძოდ, მოდავე მხარეები არიან საქართველოს მოქალაქეები;
დ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც იგი მოითხოვს, აღსრულებულია გერმანიაში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მომართვა განპირობებულია ამ გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში რეგისტრაციით.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
6. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ.ვეზელის საოლქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება რომლითაც 2003 წლის 19 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში სამოქალაქო რეესტრის #3 სააგენტოში ა. დ-სა და ლ. ი-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება ... შეწყდა განქორწინებით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური