Facebook Twitter

საქმე № 080210114672827

საქმე №ას-1027-969-2015 2 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ 2014 წლის 11 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და მოითხოვა №159 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებად 5 დღის ჩათვლა, ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს 0.5%-დან 0.1%-მდე შემცირება.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 11 ივლისს მოპასუხესთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №159 ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარგლებში გზის შეკეთების (მოხრეშვითი) სამუშაოები.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები აღიწერა №140015725 ტექნიკურ დავალებაში და ღირებულება განისაზღვრა 147999 ლარით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეიცავს შემსრულებლის მიერ გადასახდელ ყველა გადასახადს. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მიწოდების ადგილად – წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. შესასრულებელი სამუშაო წარმოადგენდა 23 ობიექტს, 20 მათგან დასრულდა 5 დღის. სოფლის მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებით, მოხრეშვა მოხდა იმ ფრაქციის ქვიშა-ხრეშით, რომელსაც სოფელი ითხოვდა. ტექნიკურ დავალებაში მითითებული იყო, რომ ქვიშა-ხრეში შეტანილი უნდა ყოფილიყო ხონის კარიერიდან, ხონის კარიერიდან ქვიშა-ხრეშის მოხრეშვა ასევე ხდებოდა ადრე შესრულებული სამუშაოების დროს. ამავე კარიერიდან მოპოვებული ქვიშა-ხრეში არის შედარებით დიდი ფრაქციის, რაზეც მოსახლეობა წინააღმდეგი აღმოჩნდა. აღნიშნულმა კი გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 11 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების №159 ხელშეკრულებაში არ არის გამიჯნული სამუშაოს ადგილის მიხედვით სამუშაოს ვადის დასრულება. შეთანხმებაში მითითებულია სამუშაოების დასრულების საერთო ვადა 2014 წლის 9 სექტემბერის ჩათვლით. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

5. მოპასუხის მითითებით, ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებლის დაჯარიმების შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან საჯარიმო სანქციების თანხა პირდაპირ გადარიცხოს არასაგადასახადო ანგარიშწორების ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში. 2014 წლის 10 ოქტომბერს გამგეობის ინსპექტორების ჯგუფის მიერ გაფორმდა აქტი, რომლის მიხედვითაც ვიზუალური დათვალიერების შედეგად შპს „ა-ის“ მიერ №159 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად დასრულებული არ იყო. ხელშეკრულების მ-16 მუხლის თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებლის დაჯარიმების შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებლად თანხიდან საჯარიმო სანქციების თანხა პირდაპირ გადარიცხოს არასაგადასახადო ანგარიშსწორების ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში. მხარე თანახმა იყო ამ პირობებზე, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და არ გამოუთქვამს პრეტენზია.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 11 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №159 ხელშეკრულების 16.1 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლო – 0.5% შემცირდა 0.1%-მდე და შპს „ა-ის“ მიმართ პირგასამტეხლოდ განისაზღვროს 8.583 ლარი.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 11 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №159 ხელშეკრულება.

10. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შპს „ა-ი“ უნდა მოეხრეშა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სოფლის გზები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 147 999 ლარით.

11. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა 2014 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 11 ნოემბერს. ამდენად, შპს „ა-მა“ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა 63 დღით.

12. ხელშეკრულების 16.1. მუხლის მიხედვით, შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში შპს „ა-ს“ უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლები არ არსებობდა.

14. შპს „ა-მა“ მიუთითა, რომ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით – ხიდის დაზიანებითა და მოსახლეობის პროტესტით.

15. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დამტკიცებულად ჩათვალა, რომ 2014 წლის 18 სექტემბერს მართლაც დაზიანდა სოფლების – დ-სისა და ს-ას დამაკავშირებელი ხიდი, ხოლო სოფლების – დ-სის, ლეხიდრისთავისა და ს-ას მოსახლეობამ შპს „ა-ს“ არ მისცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საშუალება.

16. სააპელაციო პალატის აზრით, მითითებული გარემოებები, შესაძლებელია, მართლაც ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების შემაფერხებელ გარემოებებად, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 14.1. პუნქტის თანახმად: „თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით“.

17. ხელშეკრულების 18.3. პუნქტის თანახმად კი: „ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით, აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან“.

18. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შპს „ა-ს“ უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა და მუნიციპალიტეტისათვის წერილობით ეცნობებინა წარმოშობილი შეფერხებების თაობაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო, მოეთხოვა ხელშეკრულების 18.1. პუნქტის საფუძველზე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

19. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ 2014 წლის 29 ოქტომბრისათვის სამუშაოები დასრულებული არ იყო სოფლებში – დ-სა, ლ-ი და ს-ა.

20. შპს „ა-მა“ მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა სამჯერ – 2014 წლის 6 სექტემბერს, 2014 წლის 16 სექტემბერსა და 2014 წლის 22 ოქტომბერს, თუმცა ამ წერილებიდან 6 და 16 სექტემბრის წერილებში ზემოხსენებულ სოფლებში წარმოქმნილი პრობლემების თაობაზე მითითებული არ ყოფილა და ისინი შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით სოფელ გ-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა. 2014 წლის 22 ოქტომბრის წერილი საქმეში წარმოდგენილი არ არის. მისი არსებობა დგინდება მხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 ნოემბრის წერილიდან.

21. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილია, ასევე, შპს „ა-ის“ 2014 წლის 29 სექტემბრის წერილი, რომელშიც ასახულია სოფელ დ-სას მოსახლეობის მოითხოვნა მოხრეშვითი სამუშაოებისათვის საჭირო ინერტული მასალის ადგილობრივი კარიერიდან მოპოვების შესახებ, თუმცა საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ წერილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გაეგზავნა და ჩაბარდა. აღნიშნული წერილი ნახსენები არ არის არც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 7 ნოემბრის წერილში, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სოფელ ლ-ასა და ს-აში სამუშაოების შეფერხების მიზეზები არც 2014 წლის 29 სექტემბრის წერილშია მითითებული.

22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შესრულებისაგან არ ათავისუფლებდა ის გარემოება, რომ ზემოხსენებული სოფლების მოსახლეობამ წერილობით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს.

23. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შპს „ა-მა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს აცნობა ხიდის დაზიანებით გამოწვეული შეფერხების თაობაზე. მართალია, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მეშვეობით ხიდის დაზიანების ფაქტი მუნიციპალიტეტისათვის უთუოდ ცნობილი იყო, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული შპს „ა-ს“ შეტყობინების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა. მით უმეტეს, რომ წარმომადგენლის „წერილობით მიმართვაში“ მოხრეშვითი სამუშაოების შეფერხების თაობაზე საუბარი არ ყოფილა.

24. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული წერილები, 6 სექტემბრის წერილის გარდა, შედგენილია სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. 6 სექტემბრის წერილში კი, საუბარი იყო მხოლოდ ზოგადად ინერტული მასალის ხარისხისა და იმის შესახებ, რომ „პრობლემა უკვე აღმოფხვრილი“ იყო. შესაბამისად, ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ შპს „ა-ს“ მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და „დაუყოვნებლივ“ არ უცნობებია.

25. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს „ა-მა“ ხელშეკრულების 14.1. და 18.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა და, ამის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსაგან მისი გათავისუფლების საფუძვლები არ არსებობს.

26. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა-მა“ მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა გადაუხადოს.

27. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ შპს „ა-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ძირითადად შეასრულა. ხელშეკრულების შესრულების ვადა კი დაარღვია მხოლოდ ოთხ სოფელში, მათგან ერთ-ერთ სოფელ გ-ში – 5 დღით, ხოლო დანარჩენ სამში – 63 დღით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 147 999 ლარი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი დარღვევისათვის 8.583 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო სავსებით გონივრულია.

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია სადავო პირგასამტეხლოს მოცულობის – 0.5%-ის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად შეფასების თაობაზე.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

32. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 11 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №159 ხელშეკრულება.

33. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შპს „ა-ს“ უნდა მოეხრეშა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სოფლის გზები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 147 999 ლარით.

34. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა 2014 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 11 ნოემბერს. ამდენად, შპს „ა-მა“ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა 63 დღით.

35. ხელშეკრულების 16.1. მუხლის მიხედვით, შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში შპს „ა-ს“ უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერებას.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ შპს „ა-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ძირითადად შეასრულა. ხელშეკრულების შესრულების ვადა დაირღვა მხოლოდ ოთხ სოფელში, მათგან ერთ-ერთ სოფელ გ-ში – 5 დღით, ხოლო დანარჩენ სამ სოფელში – 63 დღით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 147 999 ლარი. ამდენად, სავსებით გონივრულია, ამგვარი დარღვევისათვის 8.583 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება.

41. საკასაციო სასამართლომ განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

42. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

43. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური