Facebook Twitter

საქმე № 820210014471417

საქმე №ას-1035-977-2015 2 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ი.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება, პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ი.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა, მხარეთა შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №66 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ჩაბარების ვადის გაგრძელება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს – 89249,20 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 26 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №66 ხელშეკრულების თანახმად, შეთანხმებულ ვადაში უნდა აეშენებინა ხელვაჩაურის სპორტული დარბაზი. მშენებლობა დაიწყო, თუმცა მოპასუხემ მოინდომა პროექტის შეცვლა. სამუშაოები შეჩერდა საჭირო პროცედურის გასვლამდე. შეცვლილი პროექტის მიხედვით კი, საჭირო გახდა აშენებული ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი, რომელიც უნდა შესრულებულიყო ღია ცის ქვეშ, უნალექო ამინდში ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების პირობებში.

3. მხარის მითითებით, დაუძლეველი ძალის გამო, მძიმე კლიმატური პირობებისა და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, სს „ი.-მა“ ვერ დაასრულა სამუშაოები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც მას შესრულების ვადა 30 დღით უნდა გაუგრძელდეს.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.

5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სს „ი.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ი.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ი.-ის“ სარჩელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ი.“ გათავისუფლდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 14 მარტის №01-30/53 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს (89249.2 ლარი) გადახდისაგან 58011.98 ლარის ფარგლებში და გადასახდელად დარჩა 31237.22 ლარი, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დამტკიცებულად ცნო შემდეგი ფაქტები:

8. 2012 წლის 26 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს (შემსყიდველი) და სს „ი.-ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელვაჩაურის სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველი გადაუხდიდა 929999 ლარს. სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 26 ივლისს. სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%. თუ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იქნებოდა დაუძლეველი ძალით, შემსრულებელი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა) ეცნობებინა შემსყიდველისათვის ამ გარემოებათა დადგომის/დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულებების შესრულებისაგან არ გათავისუფლდებოდა.

9. 2013 წლის 11 მარტს შემსყიდველმა მიიღო გადაწყვეტილება, სამშენებლო დოკუმენტაცია გადაეცა ექსპერტიზისათვის, მშენებლობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ურთიერთშესაბამისობის დასადგენად. 2013 წლის 24 ივლისს, ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელებულიყო 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, 2013 წლის 19 აგვისტოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესულიყო ცვლილება სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯთაღრიცხვაში.

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 დეკემბერს შემსრულებელმა მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ სამშენებლო სამუშაოების ტექნოლოგიური პირობების დაცვით წარმართვას კვლავ აფერხებდა ფორსმაჟორული გარემოებები, კერძოდ: დიდთოვლობა, ძლიერი ყინვები და ელექტროენერგიის უქონლობა, რისთვისაც ითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება. მოთხოვნა განიხილა შემსყიდველის სატენდერო კომისიამ და 2013 წლის 18 დეკემბერს გადაწყვიტა, შესულიყო გარკვეული ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯთაღრიცხვაში (დაკორექტირდა ცალკეული სამშენებლო კომპონენტების პარამეტრები და ღირებულება). ამასთან, სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე შემსრულებელს ეთქვა უარი. ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების შეტანა აისახა მხარეთა შორის 2013 წლის 18 დეკემბერსვე გაფორმებულ შეთანხმებაში და განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 929679.19 ლარს.

11. 2013 წლის 27 დეკემბერს შემსრულებელმა კიდევ ერთხელ მიმართა შემსყიდველს და მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეფერხდა სტიქიური მოვლენების, აგრეთვე, შემსრულებლის მიერ ნოემბერ-დეკემბერში შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. №2 ფორმაში დაფიქსირებული სამუშაოების ღირებულების შემსყიდველის მიერ აუნაზღაურებლობით, რის გამოც ისევ ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2014 წლის 30 იანვრამდე.

12. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის №01-3/370 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს „ი.-თან“ არსებული ხელშეკრულების შესრულების შესწავლის მიზნით.

13. 2014 წლის 7 თებერვალს სს „ი.-მა“ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც 2014 წლის 12 თებერვალს ჩაიბარა შემსყიდველმა.

14. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 14 მარტის №01-30/53 ბრძანებით შპს „ი.-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 48 დღის დაგვიანებით დასრულებისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო 89249.2 ლარის ოდენობით.

15. 2013 წლის 18 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ შპს „D.-ს“, რომელიც ახორციელებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მეურნეობის წყალგაყვანილობისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, სამუშაოს შესრულების ვადა გაუგრძელა 2013 წლის 30 დეკემბრამდე იმ მოტივით, რომ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსული უხვი ნალექით და, 2-15 დეკემბერს დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა სამუშაოების წარმოება. ანალოგიური მოტივაციით, სამუშაოების შესრულების ვადა 2014 წლის 20 იანვრამდე გაუგრძელდა შპს „მ.-ს“, რომელიც ახორციელებდა ახალშენის წყალსადენის რეაბილიტაციას, ხოლო შპს „ზ.-ს“ – 2014 წლის 30 იანვრამდე, რომელიც ახორციელებდა ნ. შ.-ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

16. ამდენად, მითითებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ხელვაჩაურში 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა ნალექი და დიდთოვლობა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №12-15/385 წერილზე დართული ცნობის მონაცემების სისწორეზე ხელვაჩაურთან მიმართებაშიც, კერძოდ, 2013 წლის 9-13 დეკემბერს თოვლის საფარი მერყეობდა 25 სმ-დან 40 სმ-მდე, 2013 წლის 8, 13-17, 27-30 ნოემბერს წვიმდა, ნალექი აღინიშნა 1, 3, 4, 6, 8, 9-12, 14-16, 22-23 დეკემბერს.

17. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „ი.-მა“ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება შემსყიდველის მიერ არ ხდებოდა. მოსარჩელემ, მართალია, მიუთითა ამის თაობაზე სარჩელში და სასამართლო სხდომებზე, თუმცა ეს ფაქტი უარყო მოპასუხემ, შესაგებლითაც და საქმის განხილვისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითაც სხვა მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებები, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ერთმანეთს აქარწყლებს. მართალია, საქმეში წარმოდგენილია №2 ფორმის შესაბამისად თანხის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი 2014 წლის 15 იანვრის, 2014 წლის 31 იანვრისა და 2014 წლის 7 თებერვლის მიმართვები, თუმცა ისინი არ არის ხელმოწერილი და არ დგინდება, რომ ჩაბარდა შემსყიდველს. ამასთან, როგორც თარიღებიდან ჩანს, ისინი სამუშაოს დასრულების ვადის გასვლის შემდეგაა შედგენილი, როცა შემსყიდველი, 2013 წლის 31 დეკემბერს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებით, ამოწმებდა ხელშეკრულების შესრულების შედეგებს.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და სს „ი.-ს“ შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება. მენარდე სს „ი.-მა“ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (აეშენებინა ხელვაჩაურის სპორტული დარბაზი), ხოლო შემკვეთმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა – გადაეხადა მენარდისათვის საბოლოოდ შეთანხმებული საზღაური – 929679.19 ლარი.

19. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის (მათ შორის, დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისათვის), დამრღვევს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო – განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ, სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის, მენარდეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

20. სააპელაციო პალატამ უდავოდ ჩათვალა, რომ მენარდემ სამუშაო შეასრულა 48 დღის დაგვიანებით, თუმცა, აღნიშნული ახსნა შემკვეთის ბრალეულობით და დაუძლეველი ძალის მოქმედებით, კერძოდ, მიუთითა, რომ შემკვეთმა არაერთგზის შეცვალა საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია და იგი დაგვიანებით მიაწოდა მენარდეს; შემკვეთი არ უნაზღაურებდა მენარდეს ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას; სამუშაოს შესრულების ვადაში მნიშვნელოვნად გაუარესდა მეტეოროლოგიური პირობები და სამშენებლო ობიექტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რამაც მუშაობა შეუძლებელი გახადა.

21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას; ხოლო 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდე საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის ყველა ცვლილებას ეთანხმებოდა, რის შედეგადაც ნარდობის ხელშეკრულებაში შედიოდა შესაბამისი ცვლილებები. თუ მენარდე თვლიდა, რომ ამ ცვლილებების შესაბამისად დარჩენილ დროში ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებდა, მას, აღნიშნული კოდექსის 405-ე მუხლით დადგენილი წესით, უარი უნდა ეთქვა ხელშეკრულებაზე, რაც მას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ სამშენებლო ობიექტის დასრულება იმ ვადაში, რაც მენარდეს ფაქტობრივად გააჩნდა სამუშაოების საწარმოებლად, შეუძლებელი იყო. ამდენად, მითითებულ ცვლილებებზე აპელირებით სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაში მოვალის ბრალის გამორიცხვა ვერ მოხდება.

23. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „ი.-მა“ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება შემსყიდველის მიერ არ ხდებოდა. გარდა ამისა, 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით დაწესებული იყო, რომ მენარდეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა წინასწარ და ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული მისი უფლება, უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე ეტაპობრივი ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში. შესაბამისად, მენარდეს არ შეეძლო, ესარგებლა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, რომლის თანახმადაც იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

24. სს „ი.“ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობები იყო ფორსმაჟორული გარემოება, რის გამოც მის მიერ სამუშაოს შესრულების დაგვიანება არ არის გამოწვეული მისი ბრალით, სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, არ ითვლება მოვალის მიერ ვადის გადაცილებად და მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება გამორიცხულია.

25. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულების მე-12 მუხლზე, რომლითაც დადგინდა, რომ თუ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იქნებოდა დაუძლეველი ძალით, შემსრულებელი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა) ეცნობებინა შემსყიდველისათვის ამ გარემოებათა დადგომის/დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულებების შესრულებისაგან არ გათავისუფლდებოდა.

26. ამდენად, მხარეებმა განსაზღვრეს სპეციალური წესი, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო ფორსმაჟორული გარემოების არსებობა. შესაბამისად, მენარდე ვალდებული იყო, ამ გარემოების წარმოშობისთანავე, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, შეეტყობინებინა შემკვეთისათვის ამის თაობაზე. თუ ეს წესი არ იქნებოდა დაცული, მენარდეს ერთმეოდა უფლება, მიეთითებინა ფორსმაჟორზე.

27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ი.-ს“ ეს წესი არ დაუცვია, კერძოდ, პირველი შეტყობინება საქმის მასალებით ფიქსირდება მხოლოდ 2013 წლის 16 დეკემბერს, სამუშაოს შესრულების ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე, ხოლო შემდეგ – 2013 წლის 27 დეკემბერს მაშინ, როცა თავად სს „ი.-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებდნენ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებაზე უკვე ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში. თოვლი დაფიქსირდა 2013 წლის 9-13 დეკემბერს, წვიმა (ნალექი) კი – 8 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდულად.

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, ვადის გადაცილებაში საკუთარი ბრალის გამორიცხვის თაობაზე.

29. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა იმოქმედა დისკრიმინაციული ნიშნით, როცა ადგილობრივ საწარმოებს (შპს „D.-ს“, შპს „მ.-ს“, შპს „ზ.-ს“) გაუგრძელა სამუშაოს დასრულების ვადა, მას კი არა, რადგან არ დგინდება, რომ მითითებული საწარმოები და აპელანტი იყვნენ იდენტურ ფაქტობრივ-სამართლებრივ სიტუაციაში. გარდა ამისა, დგინდება, რომ მათი და აპელანტის მიერ შესასრულებელი სამუშაოები და ობიექტები იყო განსხვავებული.

30. ამდენად, საქმის განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდე სს „ი.-მა“ საკუთარი ბრალით დაასრულა 48 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს ჩაბარების ვადა ვერ გაუგრძელდება. იმავე ხელშეკრულებისა და სამოქალაქო კოდექსის 417-ე-419-ე მუხლების ნორმათა საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს უფლებამოსილება კანონით სასამართლოს მინიჭებული აქვს იმისათვის, რათა დაცულ იქნეს გონივრული ბალანსი პირგასამტეხლოს რეალურ ფუნქციასა (ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება) და კრედიტორისათვის მიყენებულ შესაძლო ზიანს შორის. სხვა სიტყვებით პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მოვალის ხარჯზე კრედიტორის გამდიდრების საშუალებად.

31. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა გაანგარიშდება ხელშეკრულების საერთო ფასის 0.2%-ის ნამრავლით ვადაგადაცილებული დღეების ოდენობაზე. უკვე გაანგარიშების ამ წესს სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს არაპროპორციულად, რადგან იგი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გაანგარიშებას არა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან, არამედ იმ ღირებულებიდანაც, რომელიც მენარდეს 2013 წლის 20 დეკემბრისათვის უკვე შესრულებული ჰქონდა. მხედველობაშია ასევე მისაღები საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, მაგალითად: სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის შემკვეთის მიერ რამდენიმეჯერ ცვლილება, რასაც, მართალია, ეთანხმებოდა მენარდეც, თუმცა ეს ცვლილებები, რაღა თქმა უნდა, მოითხოვდა მენარდისაგან მშენებლობასთან მიმართებით უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში და სამშენებლო ობიექტში გარკვეული ცვლილებების განხორციელებასაც, შედარებით შემჭიდროებულ ვადაში.

32. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლოს გაანგარიშების საბაზისო თანხად დარჩეს ხელშეკრულების მთლიანი ფასი, ოღონდ შემცირდეს განაკვეთი 0.2%-დან 0.07%-მდე, რაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ ანალოგიური კატეგორიის დავებში მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას.

33. ამგვარი წესით, პირგასამტეხლოს ოდენობა გაანგარიშდება შემდეგნაირად: 929679.19 ლარის (ხელშეკრულებაში 2013 წლის 18 დეკემბრის ცვლილების შედეგად კორექტირებული ფასი) 0.07% შეადგენს 650.775 ლარს, რომლის გამრავლებით 48 დღეზე ვიღებთ 31237.22 ლარს. სწორედ ეს თანხა უნდა გადახდეს სს „ი.-ს“ პირგასამტეხლოს სახით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხული 89249.2 ლარის ნაცვლად. დანარჩენი 58011.98 ლარის გადახდისაგან კი აპელანტი უნდა გათავისუფლდეს.

34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ნაწილის – 1740,35 ლარის გადახდისაგან სს „ი.-ის“ გათავისუფლების ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

35. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რადგან სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

36. კასატორმა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, თუ რატომ არ შეიძლება, ჩაითვალოს სს „ი.-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი ფორსმაჟორული იმ გარემოების დასტურად, რაც სს „ი.-მა“ პირგასამტეხლოსაგან განთავისუფლების მოთხოვნას დაუდო საფუძვლად.

37. მხარის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

38. მოცემულ შემთხვევაში სს „ი.-მა“ დაარღვია 2012 წლის 26 მარტის №66 ხელშეკრულება, კერძოდ, არ დაასრულა სამუშაოები 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, რაც სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. დაუძლეველი ძალის პირობებად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და რომელთა დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე. დაუძლეველი ძალის ცნება უკვე ათასწლეულია არსებობს და ნიშნავს ზეძალას, „ღვთის ჩანაფიქრს“, ბედს, შემთხვევას, თავისი ძალით ადამიანურ ძალებს აღმატებულს, ამიტომაც ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული ცნება ცნობილი იყო კლასიკური პერიოდის რომაული კერძო სამართლისთვის, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და ანგლო-ამერიკული სამოქალაქო სამართლისათვის (ფორს-მაჟორული დათქმები ხელშეკრულებაში). დაუძლეველ ძალაში უნდა ვიგულისხმოდ სტიქიური უბედურებები, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები, მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

39. კასატორის შეფასებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოსა და სს „ი.-ის“ განმარტება იმის თაობაზე, რომ სს „ი.-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, 2013 წელს აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ისეთი გარემოებები არსებობა, რომელიც საზოგადოებას ხელს შეუშლიდა სამუშაოს დასრულებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებანი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

40. კასატორმა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, 2012 წლის 26 მარტის №66 ხელშეკრულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისას მას დაეკისრება პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სს „ი.-მა“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით სწორად და სამართლიანად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

41. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებლი, ასევე, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასწორია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. ამავდროულად, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

42. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ი.-მაც“, მოითხოვა 31 237 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივებით:

43. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სს „ი.-მა“ დაასრულა სამუშაოები, რის დასტურადაც საქმეში წარდგენილ იქნა ექსპლუატაციაში მიღების აქტი. შესრულებულ სამუშაოზე მოპასუხეს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია. მათ თავად დაარღვია ვალდებულება, როდესაც ოქტომბერ-ნოემბერში შესრულებებზე არ გადაიხადა №2 ფორმით განსაზღვრული თანხა. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სწორად რომ შეეფასებინა მტკიცებულებები, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და კასატორს სადავო თანხას არ დააკისრებდა.

44. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა ფორსმაჟორული გარემოება – სამუშაოები ბუნებრივად იყო შეფერხებული და სმგავს შემთხვევაში არაერთ საწარმოს გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ სს „ი.-ის“ მიმართ ბოროტად იმოქმედა, რის გამოც კასატორი თანხის გადახდისაგან უნდა გათავისუფლებულიყო.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „ი.-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. დადგინდა, რომ კასატორი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

46. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრისა და სს „ი.-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

47. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 26 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს (შემსყიდველი) და სს „ი.-ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელვაჩაურის სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველი გადაუხდიდა 929999 ლარს. სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 26 ივლისს. სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%. თუ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იქნებოდა დაუძლეველი ძალით, შემსრულებელი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა) ეცნობებინა შემსყიდველისათვის ამ გარემოებათა დადგომის/დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულებების შესრულებისაგან არ გათავისუფლდებოდა.

48. 2013 წლის 11 მარტს შემსყიდველმა მიიღო გადაწყვეტილება, სამშენებლო დოკუმენტაცია გადაეცა ექსპერტიზისათვის, მშენებლობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ურთიერთშესაბამისობის დასადგენად.

49. 2013 წლის 24 ივლისს, ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელებულიყო 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, 2013 წლის 19 აგვისტოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესულიყო ცვლილება სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯთაღრიცხვაში.

50. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 დეკემბერს შემსრულებელმა მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ სამშენებლო სამუშაოების ტექნოლოგიური პირობების დაცვით წარმართვას კვლავ აფერხებდა ფორსმაჟორული გარემოებები, კერძოდ: დიდთოვლობა, ძლიერი ყინვები და ელექტროენერგიის უქონლობა, რისთვისაც ითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება. მოთხოვნა განიხილა შემსყიდველის სატენდერო კომისიამ და 2013 წლის 18 დეკემბერს გადაწყვიტა, შესულიყო გარკვეული ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯთაღრიცხვაში (დაკორექტირდა ცალკეული სამშენებლო კომპონენტების პარამეტრები და ღირებულება). ამასთან, სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე შემსრულებელს ეთქვა უარი. ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების შეტანა აისახა მხარეთა შორის 2013 წლის 18 დეკემბერსვე გაფორმებულ შეთანხმებაში და განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 929679.19 ლარს.

51. 2013 წლის 27 დეკემბერს შემსრულებელმა კიდევ ერთხელ მიმართა შემსყიდველს და მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეფერხდა სტიქიური მოვლენების, აგრეთვე, შემსრულებლის მიერ ნოემბერ-დეკემბერში შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. №2 ფორმაში დაფიქსირებული სამუშაოების ღირებულების შემსყიდველის მიერ აუნაზღაურებლობით, რის გამოც ისევ ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2014 წლის 30 იანვრამდე.

52. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის №01-3/370 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს „ი.-თან“ არსებული ხელშეკრულების შესრულების შესწავლის მიზნით.

53. 2014 წლის 7 თებერვალს სს „ი.-მა“ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც 2014 წლის 12 თებერვალს ჩაიბარა შემსყიდველმა.

54. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 14 მარტის №01-30/53 ბრძანებით შპს „ი.-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 48 დღის დაგვიანებით დასრულებისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო 89249.2 ლარის ოდენობით.

55. 2013 წლის 18 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ შპს „D.-ს“, რომელიც ახორციელებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მეურნეობის წყალგაყვანილობისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, სამუშაოს შესრულების ვადა გაუგრძელა 2013 წლის 30 დეკემბრამდე იმ მოტივით, რომ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსული უხვი ნალექით და 2-15 დეკემბერს დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა სამუშაოების წარმოება. ანალოგიური მოტივაციით, სამუშაოების შესრულების ვადა 2014 წლის 20 იანვრამდე გაუგრძელდა შპს „მ.-ს“, რომელიც ახორციელებდა ახალშენის წყალსადენის რეაბილიტაციას, ხოლო შპს „ზ.-ს“ – 2014 წლის 30 იანვრამდე, რომელიც ახორციელებდა ნ. შ.-ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

56. ამდენად, მითითებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ხელვაჩაურში 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა ნალექი და დიდთოვლობა, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 თებერვლის №12-15/385 წერილზე დართული ცნობის მონაცემების სისწორეზე ხელვაჩაურთან მიმართებაშიც, კერძოდ, 2013 წლის 9-13 დეკემბერს თოვლის საფარი მერყეობდა 25 სმ-დან 40 სმ-მდე, 2013 წლის 8, 13-17, 27-30 ნოემბერს წვიმდა, ნალექი აღინიშნა 1, 3, 4, 6, 8, 9-12, 14-16, 22-23 დეკემბერს.

57. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდე სს „ი.-მა“ საკუთარი ბრალით დაასრულა 48 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს ჩაბარების ვადა ვერ გაუგრძელდება.

58. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრეტენზია წარადგინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სს „ი.“ გათავისუფლდა პირგასამტეხლოს ნაწილის – 1740,35 ლარის გადახდისაგან.

59. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

61. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2012 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო დაანგარიშდება გათვალისწინებულია ხელშეკრულების საერთო ფასის 0.2%-ის ნამრავლით ვადაგადაცილებული დღეების ოდენობაზე, რაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ვერ მიიჩნევა. აღნიშნული წესის მიხედვით, მხარეს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს არა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან, არამედ იმ ღირებულებიდანაც, რომელიც მენარდეს 2013 წლის 20 დეკემბრისათვის უკვე შესრულებული ჰქონდა.

62. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

63. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

64. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მხედველობაში მისაღებია საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, მაგალითად: სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის შემკვეთის მიერ რამდენჯერ ცვლილება, რასაც, მართალია, ეთანხმებოდა მენარდეც, თუმცა ეს ცვლილებები მოითხოვდა მენარდისაგან მშენებლობასთან მიმართებით უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში და სამშენებლო ობიექტში გარკვეული ცვლილებების განხორციელებასაც, შედარებით შემჭიდროებულ ვადაში.

65. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0.2%-დან 0.07%-მდე.

66. მითითებულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ ანალოგიური კატეგორიის დავებში მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას.

67. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო ურთიერთობების გადაწყვეტის ერთიან პრაქტიკას ადგენს არა სააპელაციო პალატა, არამედ საქართველოს უზენაესი სასამართლო.

68. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 10.04.14წ. №ას-23-23-2014).

69. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

71. რაც შეეხება სს „ი.-ის“ შეგებებულ საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 379-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

72. კანონის მითითებული დანაწესების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს შეგებებულ საკასაციო საჩივარს იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნება დაუშვებლად, ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დატოვების პირობებში სს „ი.-ის“ შეგებებულ საკასაციო საჩივარიც უნდა დარჩეს განუხილველად.

73. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

74. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „ი.-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა 1562 ლარის გადახდა, შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის – 468,6 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი და სს „ი.-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ი.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის სახით 468,6 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური