Facebook Twitter

საქმე № 330210013398820

საქმე №ას-1029-971-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ს.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ. ს.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ხ.-ის“, დ. ქ.-ისა და დ. ჩ.-ის მიმართ 50 000 ლარის დაბრუნების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით შპს „ხ.-ის“ უძრავი ქონება ნასყიდობის ძალით 3 კვირის განმავლობაში უნდა გადაფორმებულიყო მოსარჩელის სახელზე, რისთვისაც მან მოპასუხეს ბეს სახით გადაუხადა 50 000 ლარი. უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა, ამჟამადაც მოპასუხე შპს „ხ.-ის“ საკუთრებაა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა მყიდველის მხრიდან გამყიდველისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, ბეს მიმცემის მხრიდან ვალდებულების ბრალეულად დარღვევა, რის გამოც აღნიშნული თანხა არ უნდა დაბრუნდეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ხ.-ს“ დ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50000 ლარის გადახდა, სარჩელი მოპასუხეების – დ. ქ.-ისა და დ. ჩ.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „ხ.-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამარლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 13 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა – შპს „ხ.-მა“ (წარმომადგენელი – დირექტორი დ. ქ.-ე), მყიდველებს – დ. ყ.-ს, დ. ს.-სა და ზ. ს.-ს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მიჰყიდა, ხოლო მყიდველებმა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით თანაბარ წილად შეიძინეს გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

7. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ლ.-ს დ.-აში მდებარე (ნაკვ 5/36) 8 904 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №.

8. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მითითებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შპს „ხ.-ის“ სახელზე.

9. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 158 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მყიდველებმა იკისრეს ვალდებულება, გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასი გადაეხადათ 2010 წლის 13 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველების საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე. ხელშეკრულების ამავე მუხლით განისაზღვრა ნასყიდობის ფასის გადახდის წესი გამყიდველის საბანკო ანგარიშზე მყიდველების მიერ ნასყიდობის ფასის შეტანის გზით და მიეთითა სს „ს.-ში“ არსებული გამყიდველის – შპს „ხ.-ის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

10. ასევე, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღინიშნა, რომ ნასყიდობის ფასის გადახადა დადასტურდებოდა შესაბამისი საბანკო დოკუმენტით.

11. ნასყიდობის ფასის გადახდის მიზნებისათვის ნებისმიერი მყიდველის მიერ გამყიდველ შპს „ხ.-ის“ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა ითვლება მყიდველების მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებად. ამ მუხლით ნაკისრი ვალდებულების მყიდველის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ეკისრება მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

12. მხარეთა შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა 2010 წლის 18 ნოემბერს დ. ს.-სა და შპს „ხ.-ს” (დირექტორი დ. ქ.-ე) შორის დადებული შეთანხმება და მასზე ხელმომწერმა პირებმა დაადასტურეს შემდეგი: შპს „ხ.-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება სამი კალენდარული კვირის განმავლობაში უნდა გაფორმებულიყო მყიდველ დ. ს.-ზე. ამავე ხელშეკრულებით, ბეს სახით გამყიდველის – შპს „ხ.-ის“ წარმომადგენლებმა მიიღეს 50 000 ლარი.

13. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით დაადგინა, რომ ნასყიდობის საგანი – ქ.თბილისში, ლ.-ს დ..-აში მდებარე (ნაკვ. 5/36) უძრავი ნივთი მხარეთა შორის 2010 წლის 13 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველების სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2010 წლის 23 დეკემბერს.

14. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ, უძრავი ქონების რეგისტრაციის მიუხედავად, მყიდველმა არ გადაუხადა გამყიდველს ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის საფასური, რის გამოც, 2010 წლის 29 დეკემბერს მყიდველმა და გამყიდველმა გააფორმეს შეთანხმება მათ შორის არსებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

15. 2010 წლის 29 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი და მყიდველები შეთანხმდნენ, რომ ნებაყოფლობით გააუქმონ მათ შორის 2010 წლის 13 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული სანოტარო წესით) გაუქმება, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველებმა თანაბარ წილად შეიძინეს გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები მისამართზე: ქ.თბილისი, დ..-ა ლ. (ნაკვ. 5/36).

16. ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა განცხადებით, ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია მყიდველების მხრიდან გამყიდველისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა, რასაც სადავოდ არ ხდიან მყიდველები.

17. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 328-ე, 183-ე მუხლების, 3111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნაა, რომ, ვინაიდან შეთანხმების დადებისას მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ იყო დადებული, მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა გადასცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სასამართლომ მიუთითა, რომ ბეს ხელშეკრულება ადასტურებს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს, რაც შეთანხმების გაფორმების მომენტში არ მომხდარა, ვინაიდან, საქმეზე უდავოდ იყო დადგენილი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 2010 წლის 13 დეკემბერს, ხოლო საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 23 დეკემბერს.

18. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბე წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. იმისათვის, რომ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის გადაცემული ფულადი თანხა მივიჩნიოთ ბედ, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1. ბე შეიძლება იყოს მხოლოდ ფულადი თანხა, ანუ ფულის განსაზღვრული რაოდენობა; 2. ბეს საშუალებით შეიძლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფა. ბე გადაიცემა გადასახდელი თანხის ანგარიშში, ამიტომ იგი ჩაითვლება მისი საშუალებით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებისას. თავად ბე არ წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულებას. თუ მოვალემ დაიწყო ძირითადი ვალდებულების შესრულება, თუნდაც არაჯეროვნად, ბე ხდება შესრულების ნაწილი და, აქედან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს ნაწილობრივ გადახდად. ბეს გადაცემა ხდება ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად. ამ ფუნქციას ასრულებს მხოლოდ გადაცემული ბე. გადაცემულად უნდა ჩაითვალოს ბე, რომელიც გადაეცა კრედიტორს. ქონების გადაცემა ხელშეკრულების დადებისას არის გარიგება, რომელიც იწვევს სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობას. ზოგადი წესის მიხედვით, ქონების გადაცემის ფაქტის დადასტურება რეალური ხელშეკრულების დადებისას ექვემდებარება ამ ხელშეკრულების ფორმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

19. სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც შპს „ხ.-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება 3 კალენდარული კვირის განმავლობაში უნდა გაფორმებულიყო მყიდველ დ. ს.-ზე. ასევე დადგენილია, რომ ამ შეთანხმებით, შპს „ხ.-ს“ ბეს სახით მყიდველმა გადასცა 50 000 ლარი.

20. ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული წესის დაცვით, 2010 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა შპს „ხ.-მა“ მყიდველებს – დ. ყ.-ს, დ. ს.-ს და ზ. ს.-ს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მიჰყიდა, ხოლო მყიდველებმა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით თანაბარ წილად შეიძინეს გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

21. მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი 2010 წლის 23 დეკემბერს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მყიდველების სახელზე.

22. 2010 წლის 29 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმების მე-4 პუნქტით დადასტურებულია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მყიდველებს გამყიდველისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ფასი არ გადაუხდიათ, რის გამოც მყიდველი და გამყიდველი შეთანხმდნენ, რომ ნებაყოფლობით მოეხდინათ 2010 წლის 13 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

23. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შინაარსიდან და ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში განხილვისა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ ბეს მიმღებმა შპს „ხ.-მა“ შეასრულა ბეს შეთანხმებითა და 2010 წლის 13 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ნასყიდობის საგანი უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მყიდველების სახელზე, ხოლო ბეს მიმცემმა – დ. ს.-მა ბრალეულად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გადაეხადა უძრავი ნივთის საფასური. აღნიშნული გარემოება, როგორც აღინიშნა, დადასტურებულია და მის შესახებ მხარეები თავად მიუთითებენ 2010 წლის 29 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმების მე-4 პუნქტში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2010 წლის 18 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე დ. ს.-ის მიერ შპს „ხ.-ისათვის“ ბეს სახით გადახდილი თანხა – 50000 ლარი, მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა) რჩება მის მიმღებ შპს „ხ.-ს“.

25. სააპელაციო პალატამ წინამდებარე გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, შპს „ხ.-ისაგან“ მოითხოვოს ბეს სახით გადახდილი თანხის – 50 000 ლარის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იქნებოდა, მოეთხოვა ბეს ორმაგი ოდენობით დაბრუნება, თუკი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ს.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 59-ე და 328-ე მუხლებით, თუმცა მითითებული ნორმები 183-ე მუხლთან მიმართებით არასწორად განმარტა. ნათელია, რომ უძრავი ნივთის გასხვისება ან სხვაგვარად მასთან დაკავშირებული გარიგება საჭიროებს წერილობით ფორმას, მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მხოლოდ წერილობითი ფორმა საკმარისი არ არის. კანონით დადგენილი წესით დამოწმება გულისხმობს ხელშეკრულების დამოწმებას ნოტარიუსის მიერ გარიგებით ან მასზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმებით, ან გარიგების დამოწმებას მარეგისტრირებელი ორგანოს – საჯარო რეესტრის მიერ.

28. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 18 ნოემბრის შეთანხმება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადგენილი წესით დადებულ გარიგებად, ვინაიდან ბე არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას. ეს არის ფულადი თანხა, რომლითაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. აღნიშნული შეთანხმება უნდა დამოწმებულიყო დადგენილი წესით და წარდგენილიყო საჯარო რეესტრში ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაციისათვის, რაც არ განხორციელდა. აღნიშნული საფუძვლიანადაა დასაბუთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის განჩინებაში, №3კ/182-01 საქმეზე, რომელშიც მითითებულია, რომ ბეს ხელშეკრულება უნდა დადებულიყო სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. აღნიშნული მუხლით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

29. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მყიდველი მხარე მარტო დ. ს.-ი არ არის. განისაზღვრა ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და გადახდის პირობები, რომლის მიხედვითაც მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა ღირებულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთანავე.

30. მხარის მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დაკავშირება 2010 წლის 18 ნოემბრის შეთანხმებასთან შეუძლებელია, ვინაიდან შეთანხმებაში არ არის მითითებული, თუ რა ქონება უნდა იყიდოს დ. ს.-მა, რა ფასად და რამდენ ხანში უნდა დაფაროს თანხა. ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები ბეს სახით მიღებული თანხა. ამდენად, რომც დავუშვათ, შპს „ხ.-ს“ 50000 ლარი მიღებული ჰქონდა ბეს სახით, სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის მიხედვით, მას აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებინა.

31. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც არც 2010 წლის 13 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და არც 2010 წლის 29 დეკემბრის შეთანხმებაში ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არ არის ნახსენები ბეს სახით გადახდილი 50000 ლარი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს ბეს ხელშეკრულებად.

32. მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი. 2010 წლის 29 დეკემბრის შეთანხმება შედგა მხარეთა შორის ნებაყოფლობით და დ. ს.-ის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს გადაცემული 50000 ლარი უკან უნდა დაბრუნდეს.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დ. ს.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

34. 2015 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, დ. ს.-ი, პირადი №.. (შემდგომში – კასატორი), და, მეორე მხრივ, შპს „ხ.-ი“, საიდენტიფიკაციო კოდი №.. (შემდგომში – მოწინააღმდეგე მხარე), წარმოდგენილი დირექტორ დ. ქ.-ის სახით, შეთანხმდნენ მორიგების შემდეგ პირობებზე:

1. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ხ.-ი“ კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს კასატორ დ. ს.-ს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან შემდგომი 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს 2083,33 (ორი ათას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდით.

2. თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დ. ს.-ის საბანკო ანგარიშზე, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღები: დ. ს.-ი, პირადი № .. ბანკი: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: T.; ა/ა G.-;

3. თანხის სრულად გადახდამდე შპს „ხ.-ს“ აეკრძალოს ქ.თბილისში, ლ.-ს დ.-აში (ნაკვ. #5/36) მდებარე კუთვნილი 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ../ გასხვისება, რისთვისაც საჯარო რეესტრში შპს „ხ.-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდეს შეზღუდვა;

4. მორიგებით გათვალისწინებული პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ (მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა გადახდის ნებისმიერ ეტაპზე) შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „ხ.-ს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 25 ლარის ოდენობით. საპატიოდ ჩაითვლება და პირგასამტეხლოს დარიცხვას არ გამოიწვევს ვადაგადაცილება არაუმეტეს 20 დღისა;

5. ამ მორიგების აქტით დადგენილი გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის ვადის დარღვევა წარმოადგენს კასატორისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველს.

6. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან – 2015 წლის 11 დეკემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე მათი განმარტებებით, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

38. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

41. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორ დ. ს.-ს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მ. მ.-ისა და დ. ს.-ის მიერ 2015 წლის 10 ივნისს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ხ.-ი“ კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს კასატორ დ. ს.-ს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან შემდგომი 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს 2083,33 (ორი ათას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდით.

2. თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დ. ს.-ის საბანკო ანგარიშზე, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: მიმღები: დ. ს.-ი, პირადი № .. ბანკი: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: T.; ა/ა G.;

3. თანხის სრულად გადახდამდე შპს „ხ.-ს“ აეკრძალოს ქ.თბილისში, ლ.-ს დ.-აში (ნაკვ. #5/36) მდებარე კუთვნილი 8904 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ../ გასხვისება, რისთვისაც საჯარო რეესტრში შპს „ხ.-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდეს შეზღუდვა;

4. მორიგებით გათვალისწინებული პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ (მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა გადახდის ნებისმიერ ეტაპზე) შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „ხ.-ს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 25 ლარის ოდენობით. საპატიოდ ჩაითვლება და პირგასამტეხლოს დარიცხვას არ გამოიწვევს ვადაგადაცილება არაუმეტეს 20 დღისა;

5. ამ მორიგების აქტით დადგენილი გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდის ვადის დარღვევა წარმოადგენს კასატორისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველს.

6. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან – 2015 წლის 11 დეკემბრიდან.

2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება;

3. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

4. კასატორ დ. ს.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. მ.-ისა და დ. ს.-ის მიერ 2015 წლის 10 ივნისს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2500 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური