Facebook Twitter

საქმე № 010210014584207

საქმე №ას-1069-1008-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. დ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. დ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. დ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. დ.-ის მიმართ მოპასუხესა და ზ. გ.-ეს შორის 1992 წლის 29 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1960 წლის 7 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ზ. გ.-ესთან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი – მ. და ზ. გ.-ეები. 2014 წელს ზ. გ.-ე გარდაიცვალა.

3. მოსარჩელის მითითებით, იგი ხანდაზმული ქალბატონია და უჭირდა შვილის საფლავზე სიარული, რის გამოც მიმართა ბათუმის სასაფლაოებს თხოვნით, დაერთოთ ნება, შვილი გადაესვენებინა მეუღლის ყოფილ სასაფლაოზე. პასუხად მოსარჩელეს განუმარტეს, რომ ზ. გ.-ის საფლავზე პრეტენზია განაცხადა ლ. დ.-ემ, როგორც მისმა მეუღლემ და მემკვიდრემ. მოპასუხე ვერ იქნება ზ. გ.-ის კანონიერი მეუღლე, რადგან ძალაშია ამ უკანასკნელის რეგისტრირებული ქორწინება მოსარჩელესთან.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ. გ.-ის ქორწინება მოსარჩელესთან 1974 წლიდან შეწყვეტილი იყო. ლ. დ.-ე ვერც წინააღმდეგი და ვერც თანახმა ვერ იქნებოდა, გარდაცვლილი ზ. გ.-ე ზ. გ.-ისათვის პირველად ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გამოყოფილ სასაფლაოზე დაეკრძალათ, რადგან აღნიშნულ პანთეონში პირის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტი იღებს.

5. მოპასუხემ განმარტა, რომ ზ. გ.-ის გარდაცვალების შედეგად ა. დ.-ესა და ზ.გ.-ეს შორის არსებული ქორწინება შეწყდა, შესაბამისად, ლ. დ.-ესა და ზ.გ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება აღარ არსებობს.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ა. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1960 წლის 7 ივლისს ა. დ.-ე და ზ. გ.-ე დაქორწინდნენ, თუმცა 1974 წლიდან ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. 1992 წლის 29 ივნისს, ა. დ.-ესთან განქორწინების გარეშე, ზ. გ.-ე დაქორწინდა ლ. დ.-ესთან. 1998 წლის 10 მაისს ზ. გ.-ე და ლ. დ.-ე დაქორწინდნენ საეკლესიო წესით. 2006 წლის 8 აპრილს ზ. გ.-ე გარდაიცვალა.

9. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ ა. დ.-ეს დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი ლ. დ.-ესა და ზ. გ.-ეს შორის არსებული ქორწინების ბათილად ცნობას ითხოვს იმ მოტივით, რომ სურს მიიღოს ზ. გ.-ის სამკვიდრო.

11. სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უტყუარად დაადასტურა, რომ ა. დ.-ესა და ზ. გ.-ეს შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო 1974 წლიდან და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. აღნიშნულს ამტკიცებს თავად ზ. გ.-ის 1975 წლის განცხადება ბათუმის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, რომელშიც მითითებულია, რომ იგი ა. დ.-ესთან 1974 წლიდან იმყოფება „არაოფიციალურ ქორწინებაში“ და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მის მიერ აღძრული სარჩელი ა. დ.-ესთან ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, ბათუმის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარის 1988 წლის 4 დეკემბრის მიმართვა ჟურნალ ჭ.-ის რედაქტორის სახელზე, საიდანაც დგინდება, რომ ზ. გ.-ე იხდიდა ალიმენტს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ზ. გ.-ესა და ლ. დ.-ეს შორის სამოქალაქო და საეკლესიო წესით განხორციელებული ქორწინების მოწმობები, მოწმეთა ჩვენებები და, რაც მთავარია, თავად აპელანტის განმარტებები იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მას „მეუღლე წაართვა“. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. დ.-ემ ზ. გ.-ის მემკვიდრეობის უფლება დაკარგა.

12. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის №ას-109-103-2010 განჩინებასა და 2014 წლის 6 სექტემბრის №ას-15-15-2014 განჩინებაზე, რომლებითაც მეუღლის მიერ მემკვიდრეობის უფლების დაკარგვის თაობაზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საკასაციო სასამართლომ საერთო სასამართლოების ერთიან პრაქტიკასთან შესაბამისად ჩათვალა.

13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაში №ას-318-304-2012 საქმეზე განმარტა, რომ „აღიარებითი სარჩელის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესია, ანუ ის განმსაზღვრელი გარემოება, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს დავის გადაწყვეტაზე, საქმის განხილვისას მოწმდება მხარის იურიდიული ინტერესის კანონიერება. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს წარმოადგენს შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“.

14. მითითებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

15. აღიარებითი სარჩელის დასაკმაყოფილებლად ნამდვილი იურიდიული ინტერესის აუცილებლობის თაობაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებაში, №ას-719-678-2011 საქმეზე, 2015 წლის 1 ივლისის განჩინებაში, №ას-17-14-2015 საქმეზე.

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. გ.-ე უკვე გარდაცვლილია, ხოლო ა. დ.-ე მისი მემკვიდრე ვერ იქნება, ამდენად, მოსარჩელეს ზ. გ.-ესა და ლ. დ.-ეს შორის ქორწინების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არა აქვს.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. დ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არ შეაფასა სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი.

19. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი სარჩელის მიმართ. სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლზე და არასწორად განმარტა იგი. მითითებულ ნორმაში საუბარია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევაზე განქორწინების დროს, თუკი ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა. მოცემულ შემთხვევაში მეუღლეები არ განქორწინებულან. კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებით განქორწინებასთან ერთად.

20. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ 1974 წლიდან ა.დ.-ე და ზ.გ.-ე ერთად აღარ ცხოვრობდნენ მაშინ, როდესაც დავის საგანს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არ წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს და მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არ მოუთხოვია.

21. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლსა და სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობაზე, რითაც სასამართლომ დაარღვია როგორც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების კანონიერებისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის პრინციპი.

22. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რადგან მოსარჩელე თავის იურიდიულ ინტერესად უთითებდა მემკვიდრეობის უფლებაზე, ანუ ქორწინების ბათილად ცნობის შემთხვევაში ლ. დ.-ე ვერ იქნებოდა აწ გარდაცვლილი ზ. გ.-ის მემკვიდრე (საუბარია ინტელექტუალური საკუთრების მემკვიდრეობაზე) და აღნიშნული მემკვიდრეობის უფლება ექნებოდა მხოლოდ კასატორს. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მითითება უადგილოა.

23. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი, სადაც ასახულია, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. მოპასუხე მოწმეთა დაკითხვას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ლ. დ.-ისათვის თითქოსდა უცნობი იყო აწ გარდაცვლილი ზ. გ.-ისა და კასატორის ქორწინების შესახებ.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. დ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. დ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1960 წლის 7 ივლისს ა. დ.-ე და ზ. გ.-ე დაქორწინდნენ, თუმცა 1974 წლიდან ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. 1992 წლის 29 ივნისს, ა. დ.-ესთან განქორწინების გარეშე, ზ. გ.-ე დაქორწინდა ლ. დ.-ესთან. 1998 წლის 10 მაისს ზ. გ.-ე და ლ. დ.-ე დაქორწინდნენ საეკლესიო წესით. 2006 წლის 8 აპრილს ზ. გ.-ე გარდაიცვალა.

27. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. დ.-ემ აღიარებითი სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. დ.-ესა და ზ. გ.-ეს შორის ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის აუცილებელი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა.

29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის შეფასების შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ:

34. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

35. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

37. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური