საქმე № 190210014668593
საქმე №ას-1121-1055-2015 9 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. გ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. პ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. პ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ., ზ., ვ., ი. და ვ. გ.-ების მიმართ მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ.რ.-ში, ზ.-ის ქ.№-ში მდებარე უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მისი საკუთრებაა, ხოლო მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ და არ ათავისუფლებენ მას.
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ი. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტ ქ. გ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ხარვეზის განსაზღვრის შესახებ 2015 წლის 16 ივნისის განჩინება აპელანტ ქ. გ.-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.რ., ზ.-ის ქ.№) და 2015 წლის 10 ივლისს ჩაბარდა მის დედას – ს. გ.-ს (პ/ნ..). განჩინებით დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. გ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, ვინაიდან თავად ქ. გ.-ი და მისი ოჯახი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, იღებენ შემწეობას, შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ქ. გ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ ქ. გ.-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
13. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის წესს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქ. გ.-მა. აპელანტმა მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რადგან ოჯახთან ერთად 53070 ქულით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. სააპელაციო საჩივარს ერთვის აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ტომი 1, ს.ფ. 150).
16. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით იმსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე და მიიჩნია, რომ იგი ხარვეზიანია. პალატამ ჩათვალა, რომ, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიანი პირები, რომელთა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულაა 52001, ხოლო აპელანტის ქულათა რაოდენობა აღნიშნულზე მეტია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაავალა 10 დღის ვადაში 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
17. მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტს გაეგზავნა და კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 10 ივლისს ჩაბარდა ქ. გ.-ის დედას – ს. გ.-ს (ტომი 2, ს.ფ. 11), თუმცა აპელანტს ხარვეზის გამოსწორების მიზნით და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
18. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაუდგინა ხარვეზი, რადგან იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო.
19. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის სავალდებულო გათავისუფლებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად კი, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა მერყეობს 57001 ქულასა და 100 001 ქულას შორის (და არა 52001 ქულა, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 16 ივნისის განჩინებაში მიუთითა მე-2 ტომის ს.ფ. 4-ზე).
21. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დგინდება, რომ ქ. გ.-ის ოჯახს მიენიჭა კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობაზე – 57001 ქულაზე ნაკლები – 53070 ქულა, იგი იღებს საარსებო შემწეობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ქ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.
23. სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით ხარვეზი დაედგინა აპელანტისათვის, ვინაიდან ამ უკანასკნელმა იმთავითვე სააპელაციო საჩივარში მიუთითა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების წინაპირობის არსებობაზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ვერ დაედება მხარის მიერ ისეთი ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი, რომლის დადგენა არასწორად მოხდა.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ქ. გ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ქ. გ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე