Facebook Twitter

საქმე №020211415700006051

საქმე №ას-1156-1087-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ზ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. შ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ.-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვის – 2.. წლის 1.-ს დაბადებული დ. მ.-ის საცხოვრებელ ადგილად დედის – მ. შ.-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების – 2.. წლის 1.-ს დაბადებული დ. მ.-ისა და 2.. წლის 2..-ს დაბადებული მ. მ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეულისათვის 150-150 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – დ. და მ. მ.-ეები. ქალიშვილი ცხოვრობს დედასთან, ხოლო ვაჟი მოპასუხემ ძალდატანებით წაიყვანა თავის სახლში და მოსარჩელეს არ უბრუნებს. ამასთან, ი. მ.-ე არ ზრუნავს შვილებზე, რის გამოც უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ. შ.-ემ ჯერ თავად დაუტოვა შვილები მოსავლელად, ხოლო შემდეგ მ. მ.-ე კვლავ წაიყვანა. მისი მოსაზრებით, მოსარჩელის ფსიქიკური აშლილობის გამო, მასთან შვილების დატოვება სახიფათოა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი ბავშვის – 2.. წლის 1.-ს დაბადებული დ. მ.-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მოსარჩელე მ. შ.-ის საცხოვრებელი ადგილი, მოპასუხე ი. მ.-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2.. წლის 1.-ს დაბადებული დ. მ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით 2014 წლის 20 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე, ი. მ.-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2.. წლის 2..-ს დაბადებული მ. მ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით 2014 წლის 20 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ი. ზ.-ე (მ.-ის) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2015 წლის 25 მაისს ამოიწერა სააღსრულებო ფურცლები.

9. 2015 წლის 10 სექტემბერს ი. ზ.-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ 2014 წლის 1 ოქტომბერს შეიცვალა გვარი „მ.-ე“ „ზ.-ედ“, შესაბამისად, მის შვილებს, რომელთა სასარგებლოდაც მას ალიმენტის გადახდა დაეკისრა, ავტომატურად უნდა შეეცვლოთ გვარი და გადავიდნენ მამის გვარზე. ამდენად, განმცხადებელმა პრეტენზია გამოთქვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე და მიიჩნია, რომ იგი არღვევს არასრულწლოვანი შვილების უფლებებს. მოცემული საკითხის გადაწყვეტამდე კი უნდა შეჩერდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ი. ზ.-ის განცხადება წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარს, რომელიც უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა მოპასუხე ი. მ.-ე. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მან სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2014 წლის 5 ნოემბერს – გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეორე დღეს. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მხარემ ჩაიბარა 2014 წლის 5 დეკემბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 10 სექტემბერს. ციხის ადმინისტრაციას ჩაბარდა 2015 წლის 8 სექტემბერს. (თავდაპირველად საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 23 დეკემბერს, ასევე, ვადის დარღვევით).

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

13. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ ი. ზ.-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად დადგენილია ვადები როგორც სასამართლოს, ისე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ზ.-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 10 სექტემბერს – სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

16. ი. ზ.-ის სააპელაციო საჩივრით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან დაკავშრებით სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება შინაარსობრივად აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს ემყარებოდეს. ამგვარ ლეგიტიმურ შეზღუდვათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ მხარის მიერ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადების დაცვის აუცილებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII თავი ეძღვნება საპროცესო ვადებს და კანონმდებელი ითვალისწინებს როგორც გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის, ისე, მისი აღდგენის შესაძლებლობას, თუმცა, კანონის იმპერატიული დათქმიდან გამომდინარეობს, რომ ამგვარი შეღავათები სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადების მიმართ არ გამოიყენება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), ამასთანავე, საპროცესო კანონმდებლობა რაიმე გამონაკლისს არც საოჯახო საქმეებთან მიმართებით ითვალისწინებს (სუსგ №ას-188-175-2015 ზ.-ე 16 მარტი, 2015 წელი).

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ი. ზ.-ემ ასევე მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან 2014 წლის 1 ოქტომბერს შეიცვალა გვარი „მ.-ე“ „ზ.-ედ“, შესაბამისად, შვილებს, რომელთა სასარგებლოდაც მას ალიმენტის გადახდა დაეკისრა, უნდა შეეცვლოს გვარი ავტომატურად და გადავიდნენ მამის გვარზე, ამის გამო, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არღვევს არასრულწლოვანი შვილების – მ.-ისა და დ.-ის უფლებებს, ამ მოტივით უნდა შეჩერდეს სააღსრულებო წარმოებაც.

18. სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და ჩათვალა, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე 2015 წლის 25 მაისს ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის სახელზე და მიექცა აღსასრულებლად.

20. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა დროს შეუძლია სასამართლოს, შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. განმცხადებლის მიერ მითითებული მოტივი კი ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობას ვერ აკმაყოფილებს.

21. განმცხადებელი მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ მან 2014 წლის 1 ოქტომბერს შეიცვალა გვარი „მ.-ე“ „ზ.-ედ“, შესაბამისად, შვილებს, რომელთა სასარგებლოდაც მას ალიმენტის გადახდა დაეკისრა, უნდა შეეცვლოს გვარი ავტომატურად და გადავიდნენ მამის გვარზე, ამდენად, მოსამართლე ხ. ბ.-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არღვევს არასრულწლოვანი შვილების უფლებებს, ამ მოტივით უნდა შეჩერდეს სააღსრულებო წარმოებაც.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით უსაფუძვლოდ მიიჩია.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ზ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

24. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 2015 წლის 19 ივლისს ჩაბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის სააღსრულებო ფურცელი და ერთი კვირის განმავლობაში გაასაჩივრა იგი სააპელაციო სასამართლოში. მხარის მითითებით, მან 2014 წლის 1 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და აღნიშნულის შესახებ აცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2014 წლის 22 დეკემბერს სააპელაციო საჩივრის შეტანისას კი, სასამართლოს წარუდგინა შვილების დაბადების მოწმობები უკვე შეცვლილი გვარის მითითებით. აღნიშნულის მიუხედავად, მ. შ.-ის თხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა კვლავ მ.-ის გვარზე და 160 ლარის გადახდა დააკისრა უმუშევარ პიროვნებას.

25. კერძო საჩივრის ავტორმა მზადყოფნა გამოთქვა, უზრუნველეყო შვილები მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ მათი გვარი იქნება ზ.-ე და უარი განაცხადა მ.-ეებისათვის რაიმეს ანაზღაურებაზე.

26. მხარემ მოითხოვა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

28. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებულ დავაზე კანონიერ ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვანი ბავშვის – 2.. წლის 1.-ს დაბადებული დ. მ.-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მოსარჩელე მ. შ.-ის საცხოვრებელი ადგილი, მოპასუხე ი. მ.-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2.. წლის 1.-ს დაბადებული დ. მ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით 2014 წლის 20 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე, ი. მ.-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2.. წლის 2..-ს დაბადებული მ. მ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით 2014 წლის 20 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე.

29. წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ი. ზ.-ის განცხადება მიჩნეულ იქნა ზემოთ მითითებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივრად და აღნიშნული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი. ზ.-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ერთხელ უკვე შეიტანა და იგი დარჩა განუხილველად. აღნიშნული სამართლებრივი შედეგი უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამაც.

31. აღნიშნულის შესახებ ორივე მხარისათვის ცნობილი იყო, რაც დავას არ იწვევს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ ი. ზ.-ემ განმეორებით მიმართა სასამართლოს უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების (შეცვლის) მიზნით, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ამგვარი პრეტენზია უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივრად (და არა სხვა საპროცესო შინაარსის პრეტენზიად) და აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის მოტივით.

32. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს, ხოლო მითითებული წესის დარღვევით შეტანილი ყოველგვარი პრეტენზია უნდა დარჩეს განუხილველად იმ მოტივით, რომ სხვაგვარად (თუნდაც სააპელაციო საჩივრით) საქმის განხილვის შემაჯამებელი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.

33. აღნიშნულიდან გამომდინარე და თავად მხარის განცხადების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ი. ზ.-ის 2015 წლის 10 სექტემბრის განცხადება თავისი შინაარსით სააპელაციო საჩივარს არ წარმოადგენს. განმცხადებლის მიზანია, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში მიეთითოს მხარეთა არასრულწლოვანი შვილების შეცვლილი გვარი და, „მ.-ეების“ ნაცვლად, ალიმენტის ანაზღაურება მოხდეს დ. და მ. ზ.-ეების მიმართ.

34. იმ გარემოების დამადასტურებლად, რომ მხარეთა შვილების გვარი – მ.-ე შეიცვალა ზ.-ით, ი. ზ.-ემ 2014 წლის 22 დეკემბერს შეტანილ სააპელაციო საჩივარს დაურთო მ. და დ. ზაქარიძეების დაბადების მოწმებების ასლები, სადაც ბავშვების გვარად მითითებულია „ზ.-ე“ (ს.ფ. 167, 168).

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ამოწერილ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებული ყოველგვარი ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციისათვის მიმართვა გაუმართლებელია, ვინაიდან აღნიშნული საკითხების შეფასება მოცემულ ინსტანციათა კომპეტენციას სცდება.

36. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

37. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ი. ზ.-ის 2015 წლის 10 სექტემბრის განცხადება მართებულად დატოვა განუხილველად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადება შეაფასა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონტექსტში. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლის არარსებობის შესახებ.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ზ.-ეს უნდა დაეკისროს კერძო საჩივარზე გადასახდელი, საკასაციო პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ზ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ი. ზ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე