Facebook Twitter

№ას-843-793-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით: კ. გ-ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი კ. გ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ დაკმაყოფილდა; მორჩელე აღიარებულ იქნა ქ.თბილისში, ა-ის დასახლების .. ქუჩის №..-ის მიმდებარედ განთავსებული 408კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის იმგვარ მფლობელად, რომელიც განაპირობა 1984 წლიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურმა დაკავებამ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღესაც არ ყოფილა მომზადებული, რის გამოც მოპასუხის მხრიდან მისი ჩაბარება შეუძლებელი იყო. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან მოპასუხე თითქმის ყოველ დღე უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელიც აცნობებდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. მას შემდეგ, რაც თანაშემწემ მოპასუხეს ტელეფონოთ შეატყობინა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თაობაზე, ეს უკანასკნელი სასამართლოში დაუყოვნებლივ გამოცხადდა და 2015 წლის 18 მაისს ჩაიბარა იგი, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-11 დღეს;

- კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვს თავის კუთვნილ ტელეფონზე მოსამართლის თანაშემწის აპარატიდან შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან მის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებამდე და პასუხის მიღებისთანავე სასამართლოს შესაბამის მტკიცებულებას წარმოუდგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

7. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც მოპასუხე – კ. გ-ი, ასევე, მისი წარმომადგენელი – გ. ც-ა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 42, 01.04.2015 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 235-247). სხდომის ოქმით დასტურდება, ასევე, რომ მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მათ გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართათ არა უგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა.

10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 2 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 15 მაისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 29 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მოუმზადებია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ დროულად მოამზადა. ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი