№ას-609-576-2015 28 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა ა. მოპასუხესა და გ. ლ-ს შორის 13.08.2010 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ. დუშეთის რაიონში, დაბა ფ-ში, ვ-ფ-ას N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხესა და გ. ლ-ს შორის 2010 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება; მოსარჩელე ცნობილ იქნა დუშეთის რაიონში, დაბა ფ-ში, ვ-ას N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 1000კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
7. 2014 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით: სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლოსათვის მიწოდებული ყალბი დოკუმენტები, განმცხადებელმა მოიძია არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ მისი კომლის წევრობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული მონაცემების მცდარობას. პირველ რიგში, განმცხადებელმა დაასახელა დუშეთის რაიონის სახალხო სასამართლოს 1982 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე 2/9, რომლითაც ირკვეოდა, რომ კომლის ბოლო წევრი იყო ე. ლ-ი, სასამართლო გადაწყვეტილებით მემკვიდრეებს: თ., რ., გ. და ნ. ლ-ებს გაუგრძელდათ სამკვიდროს მიღების ვადა ე. ლ-ის სამკვიდროს მისაღებად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ლოგიკური გაგრძელება და მემკვიდრეებს შორის შედგა მორიგება. მორიგების თანახმად, მემკვიდრეებმა გადაინაწილეს ი. და ე. ლ-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მათ მიერ აშენებული სახლების ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნულს წინ უსწრებდა თ. ლ-ის მიერ სამკვიდროს მიღება 1982 წლის 11 მაისის თარიღით. 2012-2013 წლებში სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობიდან გაირკვა, რომ თ. ლ-ს მემკვიდრეობა მიღებული ჰქონდა მამის, ი. ლ-ის სამკვიდროდან, რაც უკანონო იყო, ვინაიდან, ივანე ლ-ის სამკვიდრო არ გახსნილა და მისი სამკვიდროს მისაღებად ვადა არ გაგრძელებულა. სამკვიდრო მოწმობის დანართი დოკუმენტების მიხედვით ასევე გაირკვა, რომ ი. ლ-ის სამკვიდროდ მიჩნეული იყო დუშეთის რაიონში, დაბა ფ-ი, ვ-ას N..-ში მდებარე სახლთმფლობელობა. განმცხადებელმა ასევე მოიპოვა საბინაო წიგნი, საიდანაც ირკვეოდა, რომ მამკვიდრებლის – ე. ლ-ის გარდაცვალების დროს თ. ლ-ი კომლიდან ამოწერილი იყო და 1959 წლიდან 1991 წლამდე ქ.თბილისში იყო ჩაწერილი. თავის მხრივ, მოსარჩელის ჩაწერის დოკუმენტებში არსად არ დასტურდებოდა რომ იგი სწორედ N.. სახლის კომლში იყო ჩაწერილი, რაც იმით აიხსნებოდა, რომ მას შემდეგ, რაც თ. ლ-ი ძმებს მშობლების დანატოვარ მიწაზე გამოეყო, მის მიერ აშენებულ სახლს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სარეგისტრაციო ნომერი მინიჭებული, თ. ლ-ის ოჯახის წევრები მიიჩნეოდნენ კომლის წევრებად, მაგრამ ვერ უთითებდნენ შესაბამის ნომერს, რაც კომლის იდენტიფიცირებას მოახდენდა. ის გარემოება კი, რომ დაბა ფ-ში, ვ-ას ქ.N..-ში რეგისტრირებული სახლთმფლობელობის ერთადერთი მესაკუთრე გ. ლ-ი იყო, დასტურდებოდა გ. ლ-ის მიერ აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე 1963-1993 წლებში კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის შესახებ შესაბამისი ქვითრებით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით გ. ლ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნებოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ყალბი დოკუმენტები, რიგ შემთხვევებში არასრულად მიწოდებული წერილობითი მასალები.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 423-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გ. ლ-ის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის წარმოების განახლება ზემოხსენებული საფუძვლებით დასაშვები მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იარსებებდა ან მხარეს თავისი ბრალის გარეშე შესაძლებლობა არ ექნებოდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენს საქმის შედეგზე. ამასთან, კანონში გაკეთებულია დათქმა: ასეთი გარემოების შესახებ მხარისათვის თავისი ბრალის გარეშე საქმის განხილვისას ცნობილი არ უნდა იყოს და ასეთი ინფორმაციის მოპოვება საქმის არსებითად განხილვის დროს მას ობიექტურად არ უნდა შეეძლოს.
12. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის მიხედვით, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოების მითითებისა და დამტკიცების ტვირთი, რომელიც მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას გამოიწვევს.
13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო შეუძლებელი იმ გარემოებებზე მითითება, რასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გაანხლების შესახებ განცხადებაში აკეთებდა. განცხადებაში მითითებული გარემოებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედებოდა, ვინაიდან, ახლად აღმოჩენილ გარემოებად კვალიფიკაციისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, კერძოდ, სარწმუნოდ უნდა დადასტურებულიყო საქმის განხილვის დროისათვის მხარის მიერ აღნიშნული ფაქტების მიუთითებლობისა და მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობა. განმცხადებელს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოებების წარდგენის შესაძლებლობა საქმის არსებითად განხილვის დროისათვის ისევე ჰქონდა, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვის ეტაპზე, ვიანიდან, არ დასტურდებოდა მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებები მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობასთან მიმართებით. რაც შეეხებოდა განმცხადებლის მითითებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილებს საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტები, საქმის წარმოების განახლების მიზნებისათვის იმ დოკუმენტის სიყალბის ფაქტი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, დადასტურებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის წესით განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მითითებული არგუმენტები ფორმალურ საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესახებ კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა 2014 წლის 16 და 21 დეკემბერს, კერძოდ, 2014 წლის 16 დეკემბერს ადვოკატის მეშვეობით საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილ იქნა ი. ლ-ის სამკვიდროს შესახებ სათანადო წესით დამოწმებული ინფორმაცია, რომლის გაცნობის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ლ-ს სანოტარო წესით მემკვიდრეობა მიუღია არა ე. ლ-ის სამკვიდროზე, რომლის ვადაც სასამართლომ 1982 წელს გააგრძელა, არამედ ი. ლ-ის სამკვიდროზე, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით კომლის უკანასკნელ წევრად სწორედ ე. ლ-ი იქნა ცნობილი და შესაბამისად, სასამართლომ მას ე. ლ-ის სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელა. უფრო მეტიც, ნოტარიუსთა პალატაში დაცული ინფორმაციიდან ირკვეოდა, რომ თ. ლ-ს მემკვიდრეობა მიუღია არა დაბა ფ-ში, ვ-ას №..-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან, არამედ დაბა ფ-ში, ვ-ას №..-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან;
- განმცხადებლის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული საკითხის გასარკვევად ყველაზე გონივრული იქნებოდა თავად თ. ლ-ის ოჯახის წევრებისგან სათანადო ინფორმაციის მოპოვება, თუმცა იმის გამო, რომ მათ განმცხადებელთან კონტაქტი არ აქვთ და დაპირისპირებულები არიან, ამ უკანასკნელმა მათთან გასაუბრებას თავი აარიდა. პირველ რიგში, გ. ლ-მა თავის დას, ნ. ლ--ბ-ს მიმართა, რომელმაც განუმარტა, რომ №.. სახლთან დაკავშირებით ძმის ოჯახიდან არანაირი ინფორმაცია არ მოუსმენია, ამასთან, თ. ვერც №.. და ვერც №.. სახლში ჩაწერილი ვერ იქნებოდა, რადგან აღნიშნულ წლებში თბილისში იყო ჩაწერილი და იქ ცხოვრობდა. მითითებული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელს თავისმა დამ წარუდგინა საბინაო წიგნი;
- ნოტარიუსთა პალატიდან მემკვიდრეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის ფაქტს ადასტურებს თავად ნოტარიუსთა პალატიდან მოპოვებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია მისი მოპოვების თარიღი, ხოლო საბინაო წიგნის გადაცემის ფაქტს ადასტურებს განმცხადებლის დის ხელწერილი;
- განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მის მიერ მოპოვებულ წერილობით დოკუმენტაციას (მტკიცებულებებს) შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე და ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. განმცხადებელი (მოპასუხე) საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლებით:
ა. მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დოკუმენტები, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ. განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, მან მოიპოვა დუშეთის რაიონის სახალხო სასამართლოს 1982 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება, ასევე, ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვა სადავო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
18. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
19. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
20. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ მითითებული პირველი საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს მის მიერ მითითებული დოკუმენტების სიყალბის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს ასეთი განაჩენი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც: ა. არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას; ბ. ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; დ. ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ე. და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.
23. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განმცხადებელს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის წარმოების დასრულებამდე მიეთითებინა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებზეც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში უთითებს, კერძოდ, მას შეეძლო საქმის წარმოების დასრულებამდე მიემართა სასამართლოს არქივისათვის, ასევე, ნოტარიუსთა პალატისათვის და მოეპოვებინა მის მიერ მითითებული მტკიცებულებები. განმცხადებელი არ მიუთითებს ისეთი მიზეზების არსებობაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი