Facebook Twitter

საქმე№ა-2032-ბ-9-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ დ. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-ი, მ. ო-ი, ო.მ-ი

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი _ ანდერძისა და ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 1998 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა ე. მ-ი (შემდეგში მამკვიდრებელი), რომლის საკუთრებად ირიცხებოდა ქ. თ-ში, ა-ის ქ. N9-ში მდებარე უძრავი ქონება.

2. მ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ზ. მ-ისა და მესამე პირის, ნოტარიუს თ. გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 1997 წლის 31 ოქტომბერს ქ. მ-ისა და ზ. მ-ის სასარგებლოდ ამავე ნოტარიუსის მიერ შედგენილი და დამოწმებული ანდერძისა და მის საფუძველზე 1999 წლის 25 ივნისს, ქ. მ-ისა და ზ. მ-ის სასარგებლოდ, მამკვიდრებელ ე. მ-ის სამკვიდროზე, გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების ბათილად ცნობა.

3. მ. მ-მა და მ. ო-მა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს მ., ქ. და ზ.მ-ბის წინააღმდეგ, მოითხოვეს, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული, ნოტარიუს თ.გ-ის მიერ შედგენილი და დამოწმებული, სანოტარო აქტების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მასაში შემავალი ქ. თ-ში, ა-ის ქ. N9-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მამკვიდრებლის კუთვნილი ¼ წილიდან ½ წილის მიკუთვნება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით, მ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წლის 25 მარტს, უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი ქალიშვილი - პირველი რიგის მემკვიდრე ქ.მ-ი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის უფლებამონაცვლე ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ჯ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. მ-ისა და მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული, ნოტარიუს თ. გ-ის მიერ შედგენილი და დამოწმებული, სანოტარო აქტები.

6. მ. მ-ი და მ. ო-ი ცნობილ იქნენ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ¼ წილიდან ½ წილის მესაკუთრეებად.

7. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-მა და ქ. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ჯ. ტ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ჯ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მესამე პირების მ. მ-ისა და მ. ო-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მათი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ქ. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ჯ. ტ-მა, ხოლო მეორე მხრივ, მ. მ-მა და მ. ო-მა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი: ქ. მ-ის კანონიერ წარმომადგენელ ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ო-ის, მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-ისა და ო. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. მ-ის კანონიერ წარმომადგენელ ჯ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ო-ის, მ. მ-ის უფლებამონაცვლე გ. მ-ისა და ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული, ნოტარიუს თ. გ-ის მიერ შედგენილი და დამოწმებული, სანოტარო აქტები. მ. მ-ი და მ. ო-ი ცნობილ იქნენ 1998 წლის 7 სექტემბერს გარდაცვლილი ე. მ-ის კუთვნილი ¼ წილიდან ½ წილის მესაკუთრეებად (იხ. ამ განჩინების პირველი და მე-6 პუნქტები).

11. 2015 წლის 1 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა დ. ტ-მა (შემდეგში განმცხადებელი), რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი) და საქმის წარმოების განახლება.

12. განმცხადებლის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა, ქარელის ნოტარიუს ც. დ-ძის მიერ, ე. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე 2009 წლის 11 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის N 2-55 საფუძველზე, რომლის თანახმად, მ. მ-ი, ო. მ-ი და მ. ო-ი ე. მ-ის მთელი ქონების მემკვიდრეებად იქნენ ცნობილი; ამასთან, ე. მ-ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრე იყო მეორე რიგის მემკვიდრე დ. ტ-ი, რომელზედაც 2015 წლის 29 მაისს ნოტარიუსმა ც. დ-ემ გასცა სამკვიდრო მოწმობა # ...

13. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა მხარეს, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა, რადგან 2013 წლის 22 იანვარს ნოტარიუსმა ც. დ-ემ მას უარი უთხრა 1998 წლის 7 სექტემბერს გარდაცვლილი ე. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის მოწმობის გაცემაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

14. განმცხადებელი უთითებს, რომ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში შეიტყო, რომ სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე. მ-ის უფლებამონაცვლე ქ. მ-ის, მ. მ-ისა და მ. ო-ის სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი).

15. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოს დასახელებული განჩინება, რომელიც მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა, მიღებულია დავის მიმდინარეობისას მისი მიწვევის გარეშე. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც 2015 წლის 29 მაისს მიიღო სამკვიდრო მოწმობა, ხოლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისს მიმართა, შესაბამისად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში-სსსკ) 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთვიანი ვადა დაცული აქვს.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით დ. ტ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დ. ტ-ის განცხადების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწიმებით, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში.

17. დ. ტ-ის განცხადებით სადავოდაა ქცეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.06.2012 წლის გადაწყვეტილების კანონიერება.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმისწარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

19. საკასაციო სასამართლო უთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კანონის შემდგომი ნორმებით კი, ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. პრაქტიკულად, განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე, რაც, მისი მოსაზრებით, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენს.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას შესაძლოა ისეთი შემთხვევები გამოიკვეთოს, როდესაც, მართალია, პირი არ ყოფილა საქმეში ჩაბმული არც მოსარჩელედ, არც მოპასუხედ და არც მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მისი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ, ანუ სასამართლო გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის კანონიერ ინტერესებს და ამ დროს არ იყო იგი საქმის განხილვაზე მოწვეული. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, შესაძლოა, გახდეს მისი ბათილობის საფუძველი, ვინაიდან ყოველი ადამიანისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა და არავის აქვს უფლება, პირს უკანონოდ შეუზღუდოს ამ უფლების განხორციელება, თუმცა, ეს არ გულისხმობს მხარის უფლებას, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს, როცა კი, ამის სურვილი გაუჩნდება.

21. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ის დანაწესი, თუ როდის იწყება ამ ერთთვიანი ვადის დენა, კერძოდ, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

22. საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ხაშურის რაიონულ სასამართლოში აწარმოებდა დავას ნოტარიუსის ც. დ-ის, გ. მ-ის, ო. მ-ის, მ. ო-ის, ლ. კ-ისა და ხ. პ-ის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა პირთა ნათესაური კავშირის დადგენა, ნასყიდობის ხელშეკრულებების 1/3 ნაწილში ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში, რომელიც უდავო გარემოებას წარმოადგენდა, ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 11 მარტს ნოტარიუსმა ც. დ-ემ გასცა სამკვიდრო მოწმობა ე. მ-ის უძრავ ქონებაზე, რომლის თანახმად, მ. ო-ი, ო. მ-ი და მ. მ-ი აღიარებულ იქნენ ე. მ-ის მემკვიდრეებად და მის საფუძველზე, მ. ო-მა, ო. მ-მა და გარდაცვლილ მ. მ-ის შვილმა, გ. მ-მა მიიღეს ე. მ-ის მემკვიდრეობა, ქარელის რაიონის სოფელ დ-ში და ქ. თ-ში, ა-ის ქუჩაზე N9ა-ში; შემდეგ დ-ში მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდეს ლ. კ-ეს, ხოლო თ-ში მდებარე უძრავი ქონება - ხ. პ-ს. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელ დ. ტ-ისათვის 2013 წლის 30 აგვისტოსათვის უკვე ცნობილი იყო იმ გადაწყვეტილების არსებობა, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 1 ივნისს წარმოდგენილი განცხადებით, შესაბამისად, განმცხადებელს დარღვეული აქვს სსსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარმოდგენის ვადა, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ტ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. დ. ტ-ს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს განცხადებაზე ნ. ტ-ის (პ/ნ …) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 1 ივნისი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე