საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№ა-3152-შ-62-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ. ი–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ი–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება №113F379/15
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით # 113F379/15 ქ. ი–ისა (მოსარჩელის, რომლის ქორწინებამდელი გვარი კ-ია) და გ. ი–ის (მოპასუხე) ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით მეუღლეთა წილები არ გათანაბრებულა.
2. ქ. ი–იმ 2015 წლის 17 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატებით.
4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილია, რომ გაუქმდა ქ. ი–ისა და გ. ი-ის 2005 წლის 23 ნოემბერს რეგისტრირებული (# 1842) ქორწინება.
5. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 15 აპრილიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ქ. ი–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განსახილველად მიიღო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება თანდართული მასალებით, 2015 წლის 22 სექტემბერსა და 23 ოქტომბერს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, გ. ი–ის, რომელსაც ორივე შემთხვევაში გზავნილი ვერ ჩაჰბარდა ადრესატის არასწორი მისამართის გამო (იხ. შესაბამისი აქტები საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ქ. ი–ის შუამდგომლობა გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების # 113F379/15 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა ქ. ი–იმ, სასამართლოში განქორწინების საკითხის განხილვისას, მოსარჩელეც და მოპასუხეც წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატებით და ისარგებელეს მათი პროფესიული დახმარებით. მართალია, მოპასუხეს, სასამართლოს არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაჰბარდა გზავნილი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამოსილია, განიხილოს შუამდგომლობა, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ქორწინების გაუქმების გარდა, სხვა ისეთ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია მშობლის უფლებასთან ბავშვის მიმართ ან მხარეთა ქონებრივ უფლებებთან; საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განქორწინებისას მოპასუხე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა ადვოკატი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ი–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება №113F379/15, რომლითაც შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება გ. ი–ისა და ქ. ი–ის შორის;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე