საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-642-608-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.2009 წლის 31 იანვრიდან 2014 წლის მაისამდე გ. ჩ-ე (შემდეგში მოსარჩელე ან დასაქმებული) ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს-ში ,,ს-ე” (შემდეგში მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო); დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა 400 (ოთხასი) ლარს ყოველთვიურად.
2. საწარმოს, დასაქმებულის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის მუშაობის მთელი პერიოდისათვის ხელფასი არ გადაუხდია.
3. 2014 წლის 13 აგვისტოს დასაქმებულმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა:
3.1. საწარმოსათვის სახელფასო დავალიანების 7600 (შვიდი ათას ექვსასი) ლარის დაკისრება;
3.2. სახელფასო დავალიანების დაფარვის დაყოვნებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდა პირგასამტეხლოს სახით, საერთო ჯამში 8696.8 (რვა ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის დაკისრება; დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნამ, მოპასუხისათვის დასაკისრებელი დავალიანების სახით, საერთო ჯამში შეადგინა 16 296, 80 (თექვსმეტი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.
4. საქალაქო სასამართლომ დასაქმებულის სარჩელი მიიღო წარმოებაში და, 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, მთავარი სხდომა დანიშნა 2014 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-78-ე მუხლები), მათ შორის, საწარმოს წარმომადგენელსაც გ. კ-ას - 2014 წლის 3 სექტემბერს (იხ.სასამართლო უწყების ჩაბარების დასტური - ს.ფ. 52);
5. 2014 წლის 1 ოქტომბერს საწარმოს წარმომადგენელმა გ. კ-ამ წერილობითი შუამდგომლობით (რეგისტრაციის # 24794) მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2014 წლის 3 ოქტომბერს დანიშნული საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის, იმ საფუძვლით, რომ იმავე დღეს მონაწილეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული საქმის განხილვაში; შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას იგი მომდევნო სხდომაზე წარუდგენდა სასამართლოს (იხ. შუამდგომლობა - ს.ფ. 53).
6. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ამ განჩინების 3.2 ქვეპუნქტში მითითებული დავალიანების დაკისრება. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წინააღმდეგ (სსსკ-ის 230-ე მუხლი).
7. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმავე სასამართლოს მიმართა მოპასუხემ (სსსკ-ის 234-ე მუხლი), საჩივარს დაურთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2014 წლის 3 ოქტომბერს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით მოპასუხის წარმომადგენელი, როგორც შპს ,,პ. +-ის” რწმუნებული პირი მონაწილეობდა სასამართლო საქმის განხილვაში 16:30 საათიდან 17:12 საათამდე (ს.ფ. 67). მოპასუხე საჩივარში უთითებდა, რომ მას არსებითი ინტერესი ჰქონდა, სასამართლო დავა გაეგრძელებინა საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე, ამასთან, მოპასუხეს საჩივარში არ მიუთითებია და არ დაუწყია იმის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის თაობაზე მას უფრო ადრე, ანუ 2014 წლის 3 სექტემბრამდე ეცნობა, ვიდრე საქალაქო სასამართლო განსაზღვრავდა სხდომის თარიღს.
8. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საწარმოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
9. საწარმომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. მე-8 პუნქტი).
10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება.
11.სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 230-ე, 233-ე, 216-ე მუხლებით, შეაფასა შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საწარმოს წარმომადგენელი გ. კ-ა 2014 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადებულიყო სხდომაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ, იმავე დღეს, 16:30 საათზე, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
12. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა და დასკვნები რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას დააყრდნო, კერძოდ:
12.1. საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირისათვის დამახასიათებელი საშუალო ცოდნის საფუძველზე, ქალაქ ბათუმიდან ქალაქ ქუთაისამდე მანძილი დაახლოებით 150 კმ-ია, რომლის გასავლელადაც, საქალაქთაშორისო გზებზე მოძრაობის საშუალო სიჩქარით (60 კმ/სთ) მოძრაობის პირობებშიც კი, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისათვის, აუცილებელია მაქსიმუმ 3 საათი;
12.2. ლოგიკურია, რომ ადვოკატი გამოცხადდეს ჯერ იმ პროცესზე, რომელიც დღის განმავლობაში უფრო ადრე არის დანიშნული და შემდეგ შეეცადოს, დაესწროს ქრონოლოგიურად მომდევნო პროცესს. ამდენად, თუ მოპასუხის წარმომადგენელი გამოცხადდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე და მონაწილეობას მიიღებდა საქმის განხილვაში, რომელიც, სავარაუდოდ, გაგრძელდებოდა საათი, საათ-ნახევრის განმავლობაში, მას ექნებოდა სრული შესაძლებლობა, რომ 16:30 საათზე დანიშნულ პროცესზე გამოცხადებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც;
12.3. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო მაქსიმალურად უწყობს ხელს მხარეებს, რომელთაც, გარკვეული ობიექტური გარემოების გამო, არ შეუძლიათ პროცესზე დროული გამოცხადება, თუნდაც სატელეფონო კავშირით მიღებული შეტყობინების შემთხვევაშიც, აცხადებს შესვენებას და გონივრული ვადით (15-40 წუთის განმავლობაში) ელოდება მხარეთა გამოცხადებას. შესაბამისად, თუ საწარმოს წარმომადგენელი დაუკავშირდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შესაბამის თანაშემწეს და აცნობებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პროცესში მონაწილეობის გამო, ვერ ახერხებდა დროულად გამოცხადებას 16:30 საათზე დანიშნულ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებდა მის თხოვნას და საქმეს არ განიხილავდა მისი მონაწილეობის გარეშე.
13. მე-12 პუნქტში მითითებული დასკვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის ხელისშემშლელი, დაუძლეველი და საპატიო მიზეზები არ არსებობდა, ამასთან, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია იმ საფუძვლითაც, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა (სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველად ნაწილი).
14. საწარმოს წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება და, სარჩელის ხელახლა განსახილველად, საქმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლებად საწარმომ მიუთითა:
15.1. განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ეს კი, სსსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;
15.2. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ, ერთსა და იმავე დღეს დანიშნული იყო ორი სხდომა სხვადასხვა ქალაქში და მოპასუხემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამი დღით ადრე აცნობა მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე;
15.3. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უნდა დაედოს სასამართლოს ვარაუდი, გამოუცხადებელი მხარის მიერ მისი უფლების დაცვის ინტერესის დაკარგვის თაობაზე და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მხარის პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება სასამართლოსადმი;
15.4. საქალაქო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და შეუფასებია სასარჩელო გარემოებები. დირექტორის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი ბათილია. ეს უკანასკნელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, დაარღვია "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნები;
15.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა სასამართლომ უნდა გაარკვიოს არა იმ მოტივით, მოთხოვნა შეესაბამება თუ არა მატერიალური სამართლის ნორმას, არამედ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქნება თუ არა დაცული დაზარალებულის უფლებები.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 230-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
18. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს, სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. არასაპატიო მიზეზით მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს საქმის განხილვისადმი მისი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, დავების სწრაფ და გაუჭიანურებლად გადაწყვეტას, მხარეთა "იძულებას", განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები, საქმის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყონ სასამართლოს განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის პროცესუალური ფორმა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება.
19. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა 2014 წლის 1 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2014 წლის 3 ოქტომბერს დანიშნული საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის იმ საფუძვლით, რომ იმავე დღეს მონაწილეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული საქმის განხილვაში; მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობას სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ადასტურებს სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი; ს.ფ. 67).
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასაპატიო იყო, ვინაიდან ბათუმსა და ქუთაისს შორის მანძილის გათვალისწინებით, მხარეს შეეძლო საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, ბათუმიდან გამგზავრებულიყო ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა თანაბარ საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 83-ე მუხლი), მათ შორის უთუოდ იგულისხმება უფლება, დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, საპატიო მიზეზის გამო, შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე, მხარემ მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა მხარის გამოუცხადებლობის გარემოებები, მათ შორის ის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალია მხარის პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება სასამართლოსადმი.
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ქალაქებს შორის მანძილისა და შესაბამისი კილომეტრაჟის გარკვეული დროის მონაკვეთში გავლის შესახებ და დასკვნებს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე (იხ. ამ განჩინების 12.1, 12.2 ქვეპუნქტები).
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ერთსა და იმავე დღეს სასამართლო სხდომა დანიშნულია ორ სხვადასხვა ქალაქში, 12 საათსა და 16 საათზე, მხარე წინასწარ, გონივრულ ვადაში, ატყობინებს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე, ცხადია, რომ იგი პასუხისმგებლობით ეკიდება სხდომაზე მონაწილეობისა და დავის განხილვის საკითხს, შენარჩუნებული აქვს იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, სურს, დროულად შეატყობინოს სასამართლოს ობიექტური გარემოება და მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
24. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ პროცესის ხანგრძლივობისა და მანძილის გათვალისწინებით, მხარეს შეეძლო მოესწრო ორივე სხდომაზე დასწრება და უფრო მეტიც, შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში, თანაშემწესთან კომუნიკაციის შედეგად, სასამართლო 15-40 წუთით გადადებდა სხდომას (იხ. ამ განჩინების 12.3 ქვეპუნქტი), დაუსაბუთებელი ვარაუდია, რომელიც არ გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიზნებიდან; სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არ ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ინტერესებს, რადგან არათუ დამკვიდრებული პრაქტიკა, არამედ სასამართლოს სხდომათა განრიგი, რომელიც წინასწარ იგეგმება ყოველი სხდომისათვის და რომლის თაობაზეც ინფორმირებული არიან მხარეები, ობიექტურად არ იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ 15-40 წუთით გადადოს სხდომა, თუკი საამისოდ რაიმე განსაკუთრებული, ობიექტური და საპატიო მიზეზი არ არსებობს, ასეთი საგამონაკლისო შემთხვევა კი, უნდა დასაბუთდეს მოქმედი კანონმდებლობით.
25. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, კასატორმა, წინასწარ - სხდომამდე ორი დღით ადრე აცნობა სასამართლოს, რითაც დაადასტურა განსახილველი დავისადმი იურიდიული ინტერესი და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება, რომელშიც მითითებული იყო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 და მე-19 პუნქტები) .
27. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია და შეუფასებია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები, არ გაუთვალისწინებია სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზარალებულის ინტერესები.
28. საკასაციო სასამართლო უთითებს წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ევალება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეფასება. აუცილებელი და საკმარისია სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად გამართლებული, ე.ი., მატერიალური სამართლის ნორმის შესაბამისი იყოს.
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა შეფასების პროცესუალური წესი, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
30. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია იმ ნაწილში, რომელიც ეხება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება) და ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინების (იმავე სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინება) უცვლელად დატოვების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. კასატორის მოთხოვნა საქმის განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნების თაობაზე არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან და ამ ნაწილში კასატორს მოთხოვნაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს-ის „ს-ე“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;
3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე