საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-648-614-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს-1“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 1 220 ლარის ნაწილში
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „პ-სა“ (შემდეგში მოსარჩელე, გამყიდველი ან კრედიტორი) და შპს „ს-1-ს“ (შემდეგში მოპასუხე, მყიდველი, მოვალე ან კასატორი) შორის წლების განმავლობაში არსებობდა ზეპირი შეთანხმება კვერცხის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, გამყიდველი მყიდველს აწვდიდა მის მიერ წარმოებულ პროდუქციას [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში - სსკ, 477-ე მუხლი].
2. მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივლისს შედგენილი შედარების აქტით დადგენილია, რომ მყიდველის დავალიანება გამყიდველისადმი შეადგენდა 86 220 (ოთხმოცდაექვსი ათას ორას ოც) ლარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 12).
3. 2014 წლის 11 ივლისს გამყიდველმა, სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მყიდველის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება (მდებარე. ქ. ბ-ი, ტ-ს ქ. # 6-ში, პირველ სართულზე, 222, 60 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდით # ...). სასამართლოს 12 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის თაობაზე და იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 22 ივლისს გამყიდველმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 86 220 ლარის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ გამყიდველს, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მყიდველმა გადაუხადა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და, საბოლოოდ, მოითხოვა მოპასუხისათვის 81 220 ლარის დაკისრება (იხ.სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, 3.2.2. ქვეპუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 69) .
4. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას დავალიანების ნაწილში, ხოლო საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. ამასთან, მიუთითა, რომ სარჩელი უნდა დარჩენილიყო განუხილველად, რადგან ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ბ-ი და მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმება სოფელ პ-ში შესრულდა.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მყიდველს დაეკისრა 81 220 (ოთხომოცდაერთი ათას ორას ოცი) ლარის გადახდა, ასევე, გამყიდველის (მოსარჩელე მხარის) მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მყიდველის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელის (ფულადი თანხის დაკისრების შესახებ) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება მყიდველისათვის 81 220 ლარის დაკისრების ნაწილში. მყიდველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მას გამყიდველის (მოსარჩელე მხარე) მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
8. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარზე პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარეს - გამყიდველს შესაგებელი არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, გამყიდველის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2321–ე მუხლის დანაწესის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო იმ ნაწილში, რომლითაც, მყიდველი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა, გამყიდველის სასარგებლოდ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებულ სარჩელზე უარის თქმას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ - ის 230–ე მუხლის მე–2 ნაწილის დანაწესით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის ერთ–ერთ აუცილებელი წინაპირობა - სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობის არსებობა, რაც, თავის მხრივ, უნდა ემყარებოდეს და გამომდინარეობდეს სარჩელში მითითებული გარემოებებიდან ანუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველის სააპელაციო საჩივარი, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეიცავდა რაიმე მნიშვნელოვან არგუმენტებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაყენებული მოთხოვნის დასასაბუთებლად, რაც გახდა ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიუღებლობის საფუძველი.
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მყიდველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვისა და აპელანტის ზეპირი განმარტების (სსსკ–ის 2321–ე მუხლით დადგენილ პროცესუალურ რეჟიმში სასამართლომ მოისმინა აპელანტის სამართლებრივი მოსაზრებები) მოსმენის შემდეგაც, სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა, რომ აპელანტის მოთხოვნა, გამყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დაყენებული პრეტენზიისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მოთხოვნის ნაწილში, დასაბუთებული იყო.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც დაემყარა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, რის საფუძველზეც, გამყიდველის სასარგებლოდ, მყიდველს დაეკისრა 81 220 ლარის გადახდა, აპელანტის მიერ არა თუ შედავებული, არამედ მხარდაჭერილი იყო და მეტიც, სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვისას, აპელანტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში მხარეთა შორის არსებობდა მიწოდების სამართლებრივი ურთიერთობა, რის საფუძველზეც გამყიდველი მის მიერ წარმოებულ პროდუქციას – კვერცხს, მყიდველს აწვდიდა და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მყიდველს გადასახდელი ჰქონდა დავალიანება 86 220 ლარი. საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მყიდველმა გადაიხადა 5 000 ლარი. ამდენად, მოცემულ პირობებში, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული იყო თავად მოპასუხის მიერ, არ არსებობდა მყიდველის სააპელაციო მოთხოვნის დასასაბუთებლად და, გამყიდველის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივი საფუძველი.
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი (მყიდველი) სააპელაციო საჩივარში რაიმე ფაქტობრივ საფუძველს არ უთითებდა, რაც იურიდიულად გაამართლებდა ამ ნაწილში მის მოთხოვნას; აპელანტი შემოიფარგლა მხოლოდ იმ პროცესუალურ საკითხზე მითითებით, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იყო განსჯადობის წესი და სარჩელი უნდა განეხილა ბათუმის სასამართლოს, რადგან ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ბათუმი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, საკუთარი სააპელაციო მოთხოვნის დასასაბუთებლად მხოლოდ პროცესუალურ საკითხზე მითითება, არ იყო საკმარისი სააპელაციო მოთხოვნის დასაბუთებულად მისაჩნევად. მით უმეტეს, ცალსახა იყო, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების სისწორეზე ამ პროცესუალური ნორმის დარღვევას გავლენა არ მოუხდენია. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძვლები დადასტურებული იყო თავად მყიდველის (მოპასუხე მხარის) მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები არ არსებობდა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მყიდველმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, გამყიდველის სასარგებლოდ მყიდველისათვის 81 220 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმის განსჯადობით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.
13. კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე:
13.1. მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება განსჯადი სასამართლოს შესახებ;
13.2. მხარეებს შორის ზეპირი ხელშეკრულება ბათუმში დაიდო, რაც მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა;
13.3. მიწოდების ადგილი ქ. ბათუმი იყო (რაც უდავოა, რადგან საქონლის რეალიზაცია ბათუმში ხორციელდებოდა);
13.4. მოპასუხის ადგილსამყოფელი არის ქ. ბათუმი.
13.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უთითებს, რომ საქმე უნდა განხილულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
14. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია უდავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.
15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ. განცხადებაში მითითებულია, რომ კასატორი ამცირებს საკასაციო მოთხოვნას და აზუსტებს, რომ მისთვის დაკისრებული ძირითადი თანხიდან - 81 220 (ოთხმოცდაერთი ათას ორას ოცი) ლარიდან საკასაციო სასამართლოში დავობს 1 220 (ათას ორას ოცი) ლარის დაკისრებაზე, ამასთან, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 1 000 (ათასი) ლარის ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია. მყიდველი სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებასაც ასაჩივრებს, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული გამყიდველის სარჩელი.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით, მყიდველის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 14 აგვისტოს, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის საფუძვლების, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საქმის მასალების ფაქტობრივი შემოწმების საფუძვლებისა და ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ეხება საქმის განხილვას არაგანსჯადი სასამართლოს მიერ. მოპასუხე აღნიშნულ საკითხს მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის პასუხად შეტანილ შესაგებელშივე აყენებდა. კასაციის საფუძვლებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი), საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოდავე მხარეთა თანაბარ საპროცესო უფლებებზე, წარადგინონ ახსნა-განმარტებები, მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში (იხ. სსსკ-ის 83-ე მუხლი), ასევე, მოდავე მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზების მაქსიმალურად გამოყენების თაობაზე, რათა თანაბრად იქნეს გადანაწილებული მოსარჩელის ვალდებულება, ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას, ასევე, მოპასუხის ვალდებულება -ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს და რომლითაც უარყოფს მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს (სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლები).
18. საკასაციო სასამართლო უთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტზე) და აღნიშნავს, რომ მისი შემოწმების ფარგლები ვერ გასცდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დავობს არა მასზე დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულებაზე, არამედ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ეხება მხარეთა შორის ზეპირი გარიგებით დაწყებულ სამართლებრივ ურთიერთობას, პროდუქციის მიწოდების ანუ ხელშეკრულების შესრულების ადგილსა და თავად კასატორის (მოპასუხის) ადგილსამყოფელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კასატორს, რომელიც განსახილველ შემთხვევაში მოვალეა, ფულადი ვალდებულება აქვს შესასრულებელი კრედიტორის (გამყიდველის) წინაშე.
19. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოვალის ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, ხოლო კრედიტორისა - საგარეჯოს რაიონის სოფ. პ-ი (იხ. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ. 13,16). პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კრედიტორს მოვალემ გადაუხადა მათ შორის მიღება - ჩაბარების აქტით განსაზღვრული დავალიანების, როგორც მოწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი, 5000 ლარი, თანხის კრედიტორის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით (იხ. საგადახდო დავალება # 367825418, 15.09.2014). სსკ-ის 386-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილის საეჭვოობისას, ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოხმობილი ნორმის მეორე ნაწილი ადგენს: „თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია“.
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფულადი ვალდებულების ნაწილი შესრულდა, მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 5000 ლარი გადაიხადეს კრედიტორის - საწარმოს იურიდიული მისამართის მიხედვით. მოვალემ კრედიტორს, მის მიერ ინიცირებული სასარჩელო წარმოების პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობისას, გადაურიცხა საწარმოს საბანკო ანგარიშზე თანხის ნაწილი, რითაც არასრულად შეასრულა ფულადი ვალდებულება. ფულადი ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება მიიღო კრედიტორმა, არ ყოფილა ამის წინააღმდეგი და, ვალდებულების შესრულებული ნაწილის ფარგლებში, შეამცირა კიდეც სასარჩელო მოთხოვნა.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება კრედიტორის ადგილსამყოფელის მიხედვით და ამ უკანასკნელის მიერ შესრულების მიღება შეესაბამებოდა მხარეთა ნებას. შესაბამისად, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია სასამართლო დავის განხილვისას საპროცესო ნორმების დარღვევასა და არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე.
22. ზემოხსენებული მოტივაციის გათვალისწინებით, სსსკ-ის 404-ე და 407-ე მუხლებით საკასაციო საჩივრის შემოწმებისათვის დადგენილ პროცესუალურ-სამართლებრივ ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას კასატორს მოთხოვნაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს-1“-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე