საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-816-767-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი– შპს „პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მეორე კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "პ-ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2013 წლის 12 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში სამინისტრო, შემსყიდველი ან მეორე კასატორი) და შპს ,,პ- ს’’ (შემდეგში საწარმო, მიმწოდებელი ან პირველი კასატორი) შორის გაფორმდა# 88 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდეგში # 88 ხელშეკრულება). ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში, მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა საქონელი; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 238 000 ლარით (იხ.ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 14-19).
2. # 88 ხელშეკრულების 15.1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. შემსყიდველს პროდუქცია მიეწოდა 2013 წლის 24 ივნისს, რითაც დაირღვია ხელშეკრულებით დათქმული პროდუქციის მიწოდების ბოლო ვადა -2013 წლის 11 მაისი (იხ. მიღება-ჩაბარების # 812 აქტი, ტ.1, ს.ფ. 21).
4. 2013 წლის 10 ივლისის # 88-1 აქტით მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს - 23 800 ლარის გადახდა (იხ. აქტი, ტ.1, ს.ფ. 22).
5. სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, სადაზღვევო კომპანია „ა-ის“ მიერ, საბანკო გარანტიის სახით, ჩარიცხულია 4760 ლარი (იხ. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 2 მაისის წერილი, ტ.1, ს.ფ. 25).
6. შემსყიდველმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმწოდებლის წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს, 19 040 ლარის, დაკისრება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 417-ე, 418-ე მუხლები].
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით შემსყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მიმწოდებელს 16 184 ლარის გადახდა დაეკისრა.
8. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე და 420-ე მუხლები.
9. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველის წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია არა 50 დღით, არამედ 44 დღის დაგვიანებით მიაწოდა პროდუქცია.
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემსყიდველს პროდუქცია მიეწოდა 2014 წლის 24 ივნისს, ანუ 44 დღით გადააცილა ვადას. ხელშეკრულების საერთო ღირებულების 238 000 ლარის 0.2 %-ის შესაბამისი თანხა ერთ დღეზე 476 ლარი იყო, რამაც 44 დღეზე გადაანგარიშებით შეადგინა 20 944 ლარი. ვინაიდან ამ თანხიდან გადახდილი იყო 4760 ლარი, დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 16184 ლარით (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი).
12. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტზე მიმწოდებელი საწარმოს დირექტორის ხელმოწერა არ ნიშნავდა აქტში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების აღიარებას. შესაბამისად, სასამართლომ შემსყიდველის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობით ვალდებულების აღიარების შესახებ არ გაიზიარა.
13. სასამართლომ არ გაიზიარა მიმწოდებლის მოსაზრება, რომ მას პირგასამტეხლოს უნდა დაჰკისრებოდა ვადაგადაცილებული სამუშაო დღეების მიხედვით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული # 88 ხელშეკრულების 15.1.1 პუნქტის მიხედვით, რომელიც შეცვლილი ან გაუქმებული არ ყოფილა, ცალსახად იყო დადგენილი, რომ მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და არა კალენდარულ დღეზე. ამ უკანასკნელი და, ხელშეკრულების 15.6 პუნქტით („თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო, დღეების მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ ხორციელდება ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნება ხელშეკრულების ღირებულების 2 %-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრება მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების 2 %-ის ოდენობით“) დადგენილი გარემოების არარსებობის გამო, სასამართლომ, აგრეთვე, არ გაიზიარა მიმწოდებლის მოსაზრება პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის შესაბამისად განსაზღვრის თაობაზე.
14. სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 476 ლარი, არ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი; პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დავის მონაწილე მხარეები, კერძოდ, მიმწოდებელი მეწარმე სუბიექტს წარმოადგენდა და, სახელშეკრულებო ურთიერთობებისას, მისი მთავარი მიზანი მოგების მიღება იყო. სამეწარმეო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი, მისი ვადა კონკრეტულ გათვლას უკავშირდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით შეთანხმებული ყოველდღიური თანხა, სრულად შეესაბამებოდა მეწარმე სუბიექტის გათვალისწინებით სამოქალაქო ბრუნვისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტს და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებლისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა გაანგარიშებულიყო არა 50 დღეზე, არამედ 44 დღეზე, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 11 მაისი. მიმწოდებელმა კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2013 წლის 24 ივნისს შეასრულა. სწორედ ეს პერიოდი წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების დაყოვნების პერიოდს და მხოლოდ ამ პერიოდზე იყო შესაძლებელი, კანონის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა, რაც საერთო ჯამში 44 დღეზე გაანგარიშებით შეადგენდა 16 184 ლარს.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, ამასთან, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
16. მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. შემსყიდველმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მიმწოდებელმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
17. შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ გარემოებებზე:
17.1. შემსყიდველი ნაწილობრივ ეთანხმებოდა სასამართლოს მოტივაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მიმწოდებელმა შემსყიდველს პროდუქცია მიაწოდა 2013 წლის 24 ივნისს, მან დაარღვია პროდუქციის მიწოდების ბოლო ვადა - 2013 წლის 11 მაისი.
17.2. შემსყიდველი აღნიშნავდა, რომ, მართალია, მიმწოდებელმა დაარღვია პროდუქციის მიწოდების ბოლო ვადა, თუმცა სასამართლომ არ მიუთითა 2013 წლის 24 ივნისს შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ოდენობა, რითაც ცალსახად დასტურდებოდა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, დადგენილი იყო, რომ საწარმომ სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი. ხელშეკრულების დანართში მითითებული იყო მისაწოდებელი საქონლის 13 სახეობა და თითოეული სახეობის რაოდენობა, ხოლო, 2013 წლის 24 ივნისის # 812 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შემსყიდველს მიმწოდებელმა საქონლის მხოლოდ 8 სახეობა მიაწოდა და ისიც არასრულად. ამდენად, შემსყიდველი აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი საქონლის მიწოდების თარიღი (24.06.2013 წელი) ვერ ჩაითვლებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის სრულყოფილ მიწოდებად.
17.3. შემსყიდველი უთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა სამინისტროს საქონელი მიაწოდა არა 50 დღის, არამედ, 44 დღის დაგვიანებით. სამინისტროს მოსაზრებით, იმის გამო, რომ საწარმომ ვერ უზრუნველყო საქონლის სრულად მიწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, სასამართლოს პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაეანგარიშებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედების ვადის ამოწურვის დროისათვის (30.06.13), რის შემდეგაც ვადაგადაცილებული დღეთა რაოდენობა იქნებოდა 50 დღე. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ საქმეში განთავსებულ 10.07.2013 წლის # 88-1 აქტში მითითებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მოსაზრებით, სწორად იყო გაანგარიშებული, რაზედაც მიმწოდებელი არ დავობდა და ხელმოწერით დაეთანხმა აქტში მითითებულ პირგასამტეხლოს თანხას, მათ შორის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას.
17.4. შემსყიდველი ყურადღებას ამახვილებდა # 88 ხელშეკრულების 15.1.1.; 8.1. 15.1.1.; 15.5.; 22.1. პუნქტებზე და აღნიშნავდა, რომ მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 238000 ლარს და მიწოდების ბოლო დღედ განისაზღვრა 2013 წლის 11 მაისი, ხოლო, მიმწოდებელმა 2013 წლის 24 ივნისს მიაწოდა 52 062 ლარის საქონელი.
18. მიმწოდებლის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ გარემოებებზე:
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაქსმიმალური პირგასამტეხლო, რაც შეიძლებოდა მას დაჰკისრებოდა, იყო მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 2%. აღნიშნული თანხა სადაზღვევო კომპანიამ გადაიხადა და შემსყიდველის ინტერესი ამ კუთხით აღარ არსებობდა. შესაბამისად, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის (ანუ 2%-ზე ზემოთ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის) დაკმაყოფილებაზე სასამართლოს უარი უნდა ეთქვა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დღეების შესაბამისად გამოითვლიდა პირგასამტეხლოს, მას სსკ-ის 417-418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, უნდა შეემცირებინა. ამასთან, პირგასამტეხლო უნდა გამოეანგარიშებინა არა კალენდარული, არამედ, სამუშაო დღეებით.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით შემსყიდველისა და მიმწოდებლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
21. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე, კერძოდ, შემსყიდველი იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა არა 44 დღის, არამედ, 50 დღის დაგვიანებით, მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ საწარმომ ვერ უზრუნველყო საქონლის სრულად მიწოდება სამინისტროსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, შესაბამისად, სასამართლოს პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაეანგარიშებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედების ვადის ამოწურვის დროისათვის (30.06.13), რის შემდეგაც ვადაგადაცილებული 50 დღე იქნებოდა, რომლებზედაც სამინისტროს არ მიუთითებია არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოებისას.
22. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამინისტრომ 21-ე პუნქტში მითითებული საკითხი დააყენა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3 და მე-4 მუხლბზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველს შეეძლო სარჩელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, შესაბამისად, მან დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე (სსსკ-ის 219-ე მუხლი).
23. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქონლის სრულყოფილად მიწოდება სამინისტროს არ გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, საწარმოს წაერთვა შესაძლებლობა, წარედგინა ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები და გარემოებები არ შეიძლებოდა გასცდენოდა სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს.
24. სასამართლომ არ გაიზიარა შემსყიდველის არგუმენტი, სასარჩელო მოთხოვნის - 19 040 ლარის ვალდებულების აღიარების შესახებ და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტზე საწარმოს დირექტორის ხელმოწერა არ ნიშნავდა მასში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების აღიარებას. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა.
25. მიმწოდებლის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა საწარმოს საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო უნდა დაჰკისრებოდა ვადაგადაცილებული სამუშაო დღეების და არა კალენდარული დღეების მიხედვით, ასევე, არ გაიზიარა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის შესაბამისად განსაზღვრის თაობაზე გაცხადებული პოზიცია (იხ. წინამდებარე განჩინების მე- 18 პუნქტი).
26. სასამართლომ მიუთითა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული # 88 ხელშეკრულების 15.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა: 15.1.1. საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) ხელშეკრულების ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების ეს პუნქტი არ შეცვლილა და არც გაუქმებულა. მასში კი ცალსახად იყო მითითებული, რომ მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და არა სამუშაო დღეზე.
27. სასამართლომ არ გაიზიარა მიმწოდებლის მოსაზრება # 88 ხელშკრულების 15.3 მუხლთან მიმართებით 15.1.1 პუნქტის გაიგივების ნაწილში, რომლის თანახმადაც, შემსყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრებოდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2 %, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 2%–ისა.
28. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ ხელშკრულების ყველა არსებით პირობაზე, რაც დაადასტურეს ხელმოწერებით, ამასთან, სახელშეკრულებო პირობები პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არაერთგვაროვნად განისაზღვრა შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიმართ, რომლის ერთმანეთთან გაიგივების მცდელობა მიმწოდებლის მხრიდან საფუძველს იყო მოკლებული.
29. სასამართლომ აღნიშნა, რომ # 88 ხელშეკრულების 15.3 პუნქტი უშუალოდ მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას ეხებოდა და არა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას.
30. სასამართლომ არ გაიზიარა მიმწოდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ალტერნატიული გარემოება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 476 ლარი არ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი).
31. სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხა უნდაგაანგარიშებულიყო არა 50, არამედ 44 დღეზე, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 11 მაისი. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2013 წლის 24 ივნისს. სწორედ ეს პერიოდი წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების დაყოვნების პერიოდს და მხოლოდ ამ პერიოდზე იყო შესაძლებელი, კანონის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულების, 238 000 ლარის, 0.2%-ის შესაბამისი თანხა 476 ლარია, რაც 44 დღის განმავლობაში შეადგენდა 20 944 ლარს. ვინაიდან ამ თანხიდან გადახდილი იყო 4760 ლარი (20 944 – 4760), დასაკისრებელი პირგასამტეხლო 16184 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
32. სასამართლომ განჩინების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 327-ე, 361.2-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები, სსსკ-ის მე-3, მე-4, 215-ე, 219-ე, 380-ე მუხლები.
33. მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება. შემსყიდველმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მიმწოდებელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
34. შემსყიდველის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
34.1. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თითქოს სამინისტრომ სარჩელში არ მიუთითა საქონლის (ვადაგადაცილებული და არასრული) მიწოდების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.
34.2. შემსყიდველი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში საუბარია იმაზე, თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება და ყოველ ფაქტობრივ გარემოებას ამაყარებს შესაბამისი მტკიცებულებებით. კასატორს მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მე-3 ფაქტობრივ გარემოებაზე და მის დასამტკიცებლად მითითებულ დოკუმენტაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშებულია 50 დღეზე, ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
34.3. კასატორი აღნიშნავს, რომ # 88 ხელშეკრულებით, მისაწოდებელი საქონლის ღირებულება შეადგენდა 238000 ლარს და მიწოდების ბოლო დღედ განისაზღვრა 2013 წლის 11 მაისი. მიმწოდებელმა 238000 ლარის საქონლის ნაცვლად, 2013 წლის 24 ივნისს შემსყიდველს მიაწოდა 52062 ლარის საქონელი, აქედან გამომდინარე, მან ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დროულად და სრულად მიწოდება (მათ შორის ვერც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში). შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, თითქოს, მიმწოდებელმა ვალდებულება 2013 წლის 24 ივნისს შეასრულა, ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების სრულ შესრულებად. შემსყიდველს არასწორად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის დენის შეწყვეტა 2013 წლის 24 ივნისს.
34.4. კასატორს მიაჩნია, რომ # 88-1 დაჯარიმების აქტით გაანაგარიშებული პირგასამტეხლო სწორია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათალისწინებულ პირობებს, რომელზეც მხარეები იყვნენ შეთანხმებულები.
35. მიმწოდებლის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
35.1. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც სადამსჯელო ღონისძიება. მისი დაანგარიშებისას და მიზანშეწონილობის შეფასებისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, თუ რა ზიანი მიადგა პირგასამტეხლოს მომთხოვნ მხარეს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს შეუძლია მიმწოდებელი საერთოდ გაათავისუფლოს პირგასამტეხლოს გადახდისაგან, ვინაიდან შემსყიდველი ვერ აკონკრეტებს, რა ზიანი მიადგა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
35.2. კასატორის მოსაზრებით, მაქსიმალური პირგასამტეხლო, რაც შეიძლებოდა მას ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაჰკისრებოდა, იყო მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 2%. აღნიშნული თანხა სადაზღვევო კომპანიამ გადაიხადა და შემსყიდველის ინტერესი ამ კუთხით აღარ არსებობდა. შესაბამისად, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნისათვის (ანუ 2%-ზე ზემოთ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის) სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
35.3. კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დღეების შესაბამისად გამოითვლიდა პირგასამტეხლოს, მას უნდა შეემცირებინა იგი. ამასთან, პირგასამტეხლო უნდა დაეთვალა არა კალენდარული, არამედ, სამუშაო დღეების მიხედვით, ვინაიდან თუკი შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო იანგარიშებოდა სამუშაო დღეების მიხედვით, ანალოგიური პრინციპით უნდა დათვლილიყო პირგასამტეხლო მიმწოდებელთან მიმართებით. კასატორის მოსაზრებით ამ განმარტებას ისიც ამართლებს, რომ მიმწოდებელი, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ შეძლებდა ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან ამ დროს თავად შემსყიდველი არ მუშაობდა.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 15 სექტემბრისა და 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივარები მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველისა და მიმწოდებლის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
39. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
40. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
42.1. შემსყიდველის კასაციის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად იანგარიშეს პირგასამტეხლოს ოდენობა 44 დღეზე, ნაცვლად 50 დღისა.
42.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
42.3. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
42.4. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.
42.5. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
42.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
42.7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, სამინისტროს არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოებისას იმ ფაქტზე, რომ მას საწარმომ 2014 წლის 24 ივნისს საქონელი არასრულად მიაწოდა, არ მიუთითებია და ამის შესახებ განაცხადა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ამასთან, ვერ მიუთითა სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე, რის გამოც სასამართლო იქნებოდა უფლებამოსილი, ემსჯელა დაგვიანებით წარდგენილი მტკიცებულების თაობაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტროს შეეძლო საქონლის არასრულად მიწოდების თაობაზე სარჩელშივე განეცხადებინა, რაც მისი მხრიდან არასაპატიო მიზეზით არ მოხდა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალი გარემოებებზე გაემახვილებინა ყურადღება.
42.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად იქნა განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 44 დღეზე, ვინაიდან საქმის მასალებით, ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 11 მაისი, მიმწოდებელმა კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2013 წლის 24 ივნისს.
42.9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მიმწოდებლის არგუმენტაციას პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
42.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთსა და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არის მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.
42.11. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
42.12. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
42.13. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
42.14. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
42.15. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი ამის თაობაზე, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს (სსკ- ის 418-ე მუხლი).
42.16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მიმწოდებლის (პირველი კასატორის) პრეტენზიას, რომ პირგასმტეხლო უნდა დაჰკისრებოდა ხელშეკრულების ღირებულების 2 %-ის ოდენობით, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულებაში ამაზე შეთანხმდნენ, ამასთან, თუ პირგასამტერხლო დღიურად უნდა დაკისრებულიყო, მაშინ არასამუშაო დღე მხედველობაში არ უნდა მიღებულიყო.
42.17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 15.1.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, მიმწოდებლის არგუმენტაცია, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 2 %-ის ან სამუშაო დღეებზე დარიცხვის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლევან სანიკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 566,44 (ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, ხოლო მეორე კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს-ის "პ-ი" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს-ას "პ-ი" (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ს-ის (პ/ნ …) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 809.2 ლარის (საგადახდო დავალება №123, გადახდის თარიღი 2015 წლის 25 სექტემბერი), 70% – 566.44 (ხუთას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე