საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-828-779-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. შ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ნ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. შ-ის (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე–3 და მე–4 პუნქტების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 6 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი; ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის 2.1. და 2.2. ქვეპუნქტებზე 06.05.2015 წელს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.3, ს.ფ. 196-203, 212).
3. მოპასუხის წარმომადგენელმა 27.05.2015წელს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მისმა მარწმუნებელმა სააპელაციო და საკასაციო საჩივრები შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტზე (06.05.2015 წლის სააღსრულებო ფურცლის 2.2. პუნქტი) და დავის საგანი იყო დაკისრებული იჯარის თანხის შემცირება და არა დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სააღსრულებო ფურცლის 2.2. პუნქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 14 თებერვალს და არა 2015 წლის 2 აპრილს, როგორც ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული. აღნიშნული უსწორობა მხარეს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს, რის გამოც მოპასუხემ მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება, კერძოდ, ითხოვა შესწორება შესულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 6 მაისს # 2ბ/1287-14 საქმეზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (შემდეგში - 06.05.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი) და 2.2. პუნქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულიყო 2014 წლის 14 თებერვალი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა 06.05.2015 წლის სააღსრულებო ფურცელში შესწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 260-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ითხოვდა 06.05.2015 წლის სააღსრულებო ფურცელში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღის - 02.04.2015წ. შესწორებას და, მის ნაცვლად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად, 2014 წლის 14 თებერვლის მითითებას.
4.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებულ სააღსრულებო ფურცელში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებული - 02.04.2015წ. გამომდინარეობდა და დაკავშირებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინებასთან, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული და ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, აშკარა შეცდომა ან უსწორობა არ დაშვებულა და არ არსებობდა სსსკ-ის 260-ე მუხლის კვალიფიკაციის და მისი გამოყენების პროცესუარულ–სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხის განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო.
5. მოპასუხის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და 27.05.2015 წლის განცხადების დაკმაყოფილება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტები).
6. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
6.1. საქალაქო სასამართლოში მოსარჩელემ მოითხოვა: 1) მასა და მოპასუხეს შორის ქ. თბილისში, მ-ის ქ. N16-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისათვის რეალური წილის, 17,2 კვ. მეტრი ფართის გამოყოფა; 2) მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 2007 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 1 იანვრამდე, ქ. თბილისში, მ-ის ქ. N16-ში არსებული ფართის იჯარით გაცემის შედეგად მიღებული თანხის ½-ის, ანუ 22.848 აშშ დოლარის დაკისრება; 3) 2014 წლის 1 იანვრიდან ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აღნიშნული ქონების საიჯარო ქირიდან მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 272 აშშ დოლარის დაკისრება.
6.2. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1) გაუქმდა საზიარო უფლება მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, მ-ის ქ. N16-ში; 2) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მ-ის ქ. N16-ში მდებარე, ამ უკანასკნელის უძრავი ქონების სარგებლობისათვის, 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით 22.848 აშშ დოლარის გადახდა; 3) მოპასუხეს, 2014 წლის 1 იანვრიდან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, თვეში 272 აშშ დოლარის გადახდა.
6.3.კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი იჯარის თანხა ნაწილობრივ გაასაჩივრა რაოდენობის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, ანუ მ-ის ქ. N16-ში არსებულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და მოსარჩელისათვის 17.2 კვ. მეტრის მიკუთვნების ნაწილში არ გასაჩივრდა, შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე, 2014 წლის 14 თებერვალს, რაზედაც მოსარჩელის მოთხოვნით, 2014 წლის 22 ივნისს სააღსრულებო ფურცელი გაიცა; სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღმასრულებელმა ფართები გამიჯნა და რეალური წილები გამოყო, ფართობი გამიჯნულია ბეტონის კედლით.
6.4. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული წინადადება, „2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე“, გულისხმობს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ძალაში შესვლას. მისი მოსაზრებით, სხვაგვარად, სრული აბსურდია, რატომ უნდა უხადოს მოპასუხემ მოსარჩელეს მ-ის ქ. N16-ის სარგებლობისათვის ყოველთვიური თანხა, მაშინ, როცა ამ ფართზე საზიარო უფლება გაუქმებულია და მოსარჩელეს რეალური წილი მიკუთვნებული აქვს 2014 წლის 14 თებერვლიდან.
6.5.კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ 06.05.2015 წლის სააღსრულებო ფურცელში უზუსტობაა დაშვებული, კერძოდ, 2.2. პუნქტზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად, ცალკე უნდა ყოფილიყო მითითებული 2014 წლის 14 თებერვალი, ხოლო 2.1. პუნქტთან დაკავშირებით, კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი, 2015 წლის 2 აპრილი, სწორად არის აღნიშნული.
6.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 6 მაისს N2ბ/1287-14 საქმეზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას იმ თვალსაზრისით, რომ სააღსრულებო ფურცლის 2.2. პუნქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მითითებულ იქნეს 2014 წლის 14 თებერვალი და აღსრულება შებრუნდეს მოპასუხის სასარგებლოდ 3306 აშშ დოლარის ნაწილში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის, მისი სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შეწმდეგში სსსკ) 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
9. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები, რის გამოც ის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებას ითხოვს, იგივეა, რასაც ის განცხადებით ითხოვდა (იხ. განჩინების მე-3, მე-4 პუნქტები).
10. სსსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
11.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, მამის სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა ისე, როგორც ეს ამ იურიდიული პირის წესდებაშია და ა.შ, აგრეთვე, არითმეტიკული შეცდომები, რამაც გამოიწვია გადასახდელი თანხის აშკარად შემცირება ან გადიდება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნას, რის შესახებაც სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს.
12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, რაც, სსსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულად აღსრულებას. შესაბამისად, დაუშვებელია, შეცდომის გასწორების ფარგლებში, დავის ხელახლა განხილვა და ამის შედეგად სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ან დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არასოდეს გაუხდია 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის თანხის დაკისრება, იგი მხოლოდ ამ თანხის ოდენობაზე დავობდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაში, მოპასუხეს მოუწევს, 2014 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრული 272 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და არა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების 2.2. პუნქტით დადგენილი 243.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, რაც მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შემცირდა.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ მხარეთა შორის რეალურად გამიჯნულია ფართობი და აღმართულია ბეტონის კედელი (იხ. ამ განჩინების 6.3. ქვეპუნქტი), აღნიშნული არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით; საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმის მასალებში განთავსებულია 2014 წლის 19 სექტემბრის ოქმი, რომლის მიხედვით, აღმასრულებელი იმავე წლის 2 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის # 2/2823-13 აღსრულების მიზნით, რომელიც ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებით საზიარო უფლების გაუქმებას მოსარჩელესა და კერძო საჩივრის ავტორს მ-ის ქ. # 16-ში მდებარე ქონებაზე, გამოცხადდა ადგილზე, სადაც დახვდა კერძო საჩივრის ავტორი, რომელმაც შეიტანა მასალა და დააწყო ნაწილობრივ გათავისუფლებულ თავის კუთვნილ ფართობში, რითაც აღსრულება განხორციელდა ნაწილობრივ (ტ.3., ს.ფ. 239, 240). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ აღსრულება უკვე განხორციელებულია, და ამიტომ, უსწორობა უნდა გასწორდეს სააღსრულებო ფურცელში.
15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. შ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე