საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-834-785-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. მ-ე, ნ. მ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თბილისის ს-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №..., კერძოდ, 749 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 160 კვ.მ შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია კოოპერატივი „თბილისის ს-ის“ (შემდეგში მესაკუთრე ან კოოპერატივი) საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 38).
2. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინფორმაციით, ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში ნ. მ-ი რეგისტრირებულია 1973 წლის 17 აგვისტოდან, ხოლო გ. მ-ე - 1978 წლის 1 სექტემბრიდან (შემდეგში სადავო ფართის მფლობელები ან კასატორები) (ტ.1. ს.ფ. 14-15).
3. ქალაქ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002 წლის 29 ოქტომბრის ინფორმაციის მიხედვით, ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში მდებარე შენობა თბილისის ს-ის სახელზე აღირიცხა 2001 წლის 10 ოქტომბერს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული შენობა 2001 წლამდე აღრიცხული არ ყოფილა (ტ.1. ს.ფ. 43).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 აპრილის №2/3659-06 გადაწყვეტილებით, ს-ის სარჩელი ნ. მ-ის, გ., ლ. და ქ. მ-ეების მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოპასუხეთა მიერ დაკავებული 50 კვ.მ ფართი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კასატორები რეგისტრირებული არ არიან თბილისის ს-ის კუთვნილ ფართში. ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში თბილისის ს-ის საკუთრებაში არსებული ფართის გარდა მდებარეობს ბარაკული ტიპის ნაგებობა, რომელშიც რეგისტრირებული არიან კასატორები, ისინი არ არიან სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელები (ტ.1. ს.ფ. 64-90).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის №2/8500-09 გადაწყვეტილებით, სადავო ფართის მფლობელებისა და სხვათა სარჩელი სს „ს-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს ,,ს-ას” მოსარჩელთა სასარგებლოდ დაეკისრა 68 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს რკინიგზის თბილისის ტერიტორიულმა სამმართველომ საგარანტიო წერილით ივალდებულა ქ. თბილისში, ს-ის №84-ში 97-ბინიანი რკინიგზის საუწყებო სახლის ასაშენებლად, აღების ზონაში მოყოლილი საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც მოსარჩელეები (კასატორები) ცხოვრობდნენ, მათივე თანხმობით, იმავე ადგილზე, აშენებულ სახლში ბინების გამოყოფა. ქ. თბილისის მერიის 1993 წლის 3 მარტის №22 განკარგულებით თბილისის რკინიგზის სამმართველოს დაევალა, დაეკმაყოფილებინა ასაღები მიწის ნაკვეთზე მცხოვრებნი საცხოვრებელი ფართით და კანონიერ მფლობელებს ანაზღაურებოდა შენობა-ნაგებობისა და ნარგავების ღირებულება. კასატორები ჩაწერილი იყვნენ ქ. თბილისში, ს-ის №84-ში. მათ შეასრულეს ვალდებულება და გაათავისუფლეს ასაღები მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულება, არ ააშენა და არ გადასცა მოსარჩელებს საცხოვრებელი ფართი. რის საფუძველზეც შპს „ს-ას“ დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
6. 2011 წლის 8 ივნისით დათარიღებული განცხადებით დადგენილია, რომ კასატორთაგან გ. მ-ემ მიმართა თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივს და ითხოვდა, 30000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცემოდა ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ. 126-127).
7. სადავო ფართის მფლობელებმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და, მოითხოვეს კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში სპეციალური სპეციალური კანონი) პირველი, 11, მე-2 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 266-ე მუხლი.
10. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ფართის მფლობელებს არ წარმოუდგენიათ უძრავი ქონების მესაკუთრესთან, სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებით, რის გამოც მოთხოვნა, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის №2/3659-06 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო ფართის მფლობელები რეგისტრირებული არ არიან ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში მდებარე ს-ის კუთვნილ ფართში. ამავე მისამართზე, ს-ის საკუთრებაში არსებული ფართის გარდა, არის ბარაკული ტიპის ნაგებობა, რომელშიც რეგისტრირებული არიან სადავო ფართის მფლობელები. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო ფართის მფლობელები არ არიან ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები და ისინი ფლობენ კოოპერატივის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 50 კვ.მ-ს, რომელიც გამოთხოვილ იქნა მათი უკანონო მფლობელობიდან. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის №2/8500-09 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ იმ ნაგებობის სანაცვლოდ, რომელშიც რეგისტრირებული არიან სადავო ფართის მფლობელები, ამ უკანასკნელთა სარჩელის საფუძველზე, მათ სასარგებლოდ, შპს „ს-ას“ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.
13. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართის მფლობელები (მოსარჩელეები) არ იყვნენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეები, არ იყვნენ რეგისტრირებული ს-ის საკუთრებაში არსებულ ფართში, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან, სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე, დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და მესაკუთრის ფართს ფლობდნენ არამართლზომიერად, რის გამოც სარჩელი, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, სადგომის საკუთრებაში გადაცემაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
14. სადავო ფართის მფლობელებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:
15.1. სადავო ფართის მფლობელთა განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის საკითხი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, ს-ის სარჩელი ნ. მ-ის, გ., ლ. და ქ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა N84-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, მოპასუხეთა მიერ დაკავებული 50 კვ.მ ფართი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში დასახელებული ფატობრივი გარემოებები, რასაც არ ეთანხმებიან სადავო ფართის მფლობელები.
15.2. სადავო ფართის მფლობელებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2010 წლის აეროგადაღება, ასევე, კომუნალური გადახდის ქვითრები, მიწის გადახდის ქვითარი და ამავე მისამართზე რეგისტრაციის დოკუმენტები; შესაბამისად, დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა არის 384,88 კვ.მეტრი, ხოლო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაში (იხ. 15.1 ქვეპუნქტი) მსჯელობაა 50 კვ.მეტრ ფართობზე. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტით დადგენილი გარემოების უდავოდ მიჩნევა უკანონოა. უსაფუძვლოა სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება.
15.3. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტით, დადგენილი გარემოებები არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, ვინაიდან, სადავო საკითხი გადაწყდა სს „ს-თან“ და არაფერი აკავშირებდა ს-თან.
15.4. სასამართლომ არ გამოიყენა სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო მოსარჩელეების სადავო ქონებაში რეგისტრაციის, მიწისა და კომუნალური გადასახადის გადახდის უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, უდავო იყო ის ფაქტიც, რომ 1992 წელს ნაწილი ფართის დემონტაჟი მოხდა, რაც რკინიგზის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მას შემდეგ დღემდე ცხოვრობენ სადავო ფართის მფლობელები მათთვის ერთადერთ საცხოვრებელ ბინაში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს ქმნიდა. რაც შეეხება სადავო ფართის მფლობელთა მიერ ს-ისათვის გამოყოფილს 30 000 აშშ დოლარს, ეს თანხა შეთავაზებული იყო საცხოვრებელი სადგომის, შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის, საკუთრების უფლებით გადაცემისათვის, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სადავო ფართის მფლობელთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
18. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა და ამ ნაწილში დასაბუთებული პრეტენზია აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
19. სასამართლომ მიუთითა საქმეში განთავსებულ მტკიცებულებაზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, თბილისში, ს-ის ქუჩა N84-ში, გარდა სადავო ნაგებობისა, მდებარეობს ე.წ. ბარაკის ტიპის ნაგებობა, რომელშიც ცხოვრობდნენ მოპასუხე ნ. მ-ის მშობლები. ამასთან, სადავო ფართის მფლობელთა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია ს-ის ქუჩა N84-ში განხორციელდა ჯერ კიდევ მათ სადავო ფართში შესახლებამდე (1964 და 1978 წლებში). ცხადი იყო ის გარემოება, რომ სადავო ფართის მფლობელები ჩაწერილები იყვნენ არა სადავო, არამედ იმავე მისამართზე მდებარე ე.წ. ბარაკული ტიპის ნაგებობაში. სასამართლოს მითითებით, ამასვე ადასტურებს N7 სერვისცენტრის მიერ გაცემული ცნობაც.
20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფართის მფლობელები არ იყვნენ სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეები, კერძოდ, ზემოთ აღნიშნული, მე-19 პუნქტში მითითებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, სადავო ფართის მფლობელები რეგისტრირებული იყვნენ არა ს-ის კუთვნილ ფართში, არამედ იმავე მისამართზე მდებარე ბარაკული ტიპის ნაგებობაში. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ სადავო ფართის მფლობელები არ იყვნენ ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, 50 კვ.მ-ს კეთილსინდისიერი მფლობელები, რომელიც გამოთხოვილ იქნა კიდეც მათი უკანონო მფლობელობიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2009 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე # 2/3659-06).
21. სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის №2/8500-09 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ იმ ნაგებობის სანაცვლოდ, რომელშიც რეგისტრირებული იყვნენ სადავო ფართის მფლობელები, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ შპს „ს-ას“ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.
22. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად არ დადგინდა, რომ სადავო ფართის მფლობელები იყვნენ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები, რომლებსაც მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. მართალია, სადავო ფართის მფლობელები რეგისტრირებულები იყვნენ მისამართზე, სადაც მდებარეობს სადავო ფართი, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ სადავო ფართის გარდა, იმავე მისამართზე არის ე.წ. ბარაკული ტიპის ნაგებობა და სწორედ აქ იყვნენ რეგისტრირებული სადავო ფართის მფლობელები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბარაკული ტიპის ნაგებობაში სადავო ბინის მფლობელთა რეგისტრაციიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე, გადაწყვეტილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც შპს „ს-ას“ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
23. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებით, მფლობელებს არც უძრავი ქონების მესაკუთრესთან, სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე, დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არ ჰქონდათ, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
24. სადავო ფართის მფლობელებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
25. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
25.1. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტი არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად (იხ. წინამდებარე განჩინების 15.1 ქვეპუნქტი);
25.2. კასატორებმა მიუთითეს, მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე (იხ. ამ განჩინების 15.2 ქვეპუნქტი);
25.3. კასატორი აღნიშნავს ამ განჩინების 15.3 ქვეპუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას;
25.4. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.2. პუნქტი სამართლებრივ მსჯელობას აცდენილია, რითაც მიაჩნიათ, რომ უხეშად არის დარღვეული სპეციალური კანონი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება სადავო საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების, კომუნალური და მიწის გადასახადების გადახდის ფაქტი, ამასთან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მხედველობაში იქნება მიღებული და ის ფაქტიც, რომ სადავო ბინაში 1992 წლიდან ცხოვრობენ, ამ შემთხვევაშიც ვრცელდება მათზე მითითებული კანონი.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 იანვარს გაცემული N... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარის თბილისის ს-ის მიმართ (საქმე Nას-834-785-2015), კასატორების იძულებითი გამოსახლების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
33.1. კასატორების პრეტენზიის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონი, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობის სუბიექტები.
33.2. სპეციალური კანონის პირველი მუხლის მიხედვით, კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
33.3. ამავე კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, მესაკუთრესთან, სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე, დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.
33.4. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).
33.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად არ დგინდება, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებს, რომლებსაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. მართალია, კასატორები რეგისტრირებულები არიან სადავო მისამართზე, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ ისინი რეგისტრირებული არიან არა სადავო ფართში, არამედ ე.წ. ბარაკული ტიპის ნაგებობაში. აღნიშნული დასტურდება # 7 სერვისცენტრის მიერ გაცემული ცნობითაც.
33.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის №2/3659-06 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კასატორები არ არიან რეგისტრირებული ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა №84-ში მდებარე ს-ის კუთვნილ ფართში. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კასატორები არ არიან ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები და ისინი ფლობდნენ ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 50 კვ.მ-ს, რომელიც გამოთხოვილ იქნა მათი უკანონო მფლობელობიდან.
33.7. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოხმობილი ნორმის ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს, როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა მოცემული დავის განხილვისას ვერ შეძლეს, შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინათ თავიანთი მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც მათი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც კასატორების 2015 წლის 29 სექტემბრის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 იანვარს გაცემული N... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვამდე, მოწინააღმდეგე მხარის თბილისის ს-ის მიმართ (საქმე Nას-834-785-2015), კასატორების იძულებითი გამოსახლების ნაწილში, უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით, რომელიც საბოლოოა, მოცემულ საქმეზე მთავრდება საკასაციო წარმოება, შესაბამისად, გ. მ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ისა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 09 იანვარს გაცემული # ... სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნ. მ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარის თბილისის ს-ის მიმართ, (საქმე # ას-834-785-2015) ნ. მ-ისა და გ. მ-ის იძულებითი გამოსახლების ნაწილში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე