საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-847-797-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ფ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხე მ. ფ-ას (შემდეგში მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის, 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარის, დაკისრების მოთხოვნის თაობაზე დაკმაყოფილდა (ს.ფ. 89-90).
2. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ.95-103).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა: სახელმწიფო ბაჟის, 120,00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა (ს.ფ. 105-107).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა (ს.ფ. 118-121).
5. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ მე-3 პუნქტში მითითებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, აპელანტს განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 20.03.2015 წლის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს - ხ. ხ-ს 17.04.2015 წელს სასამართლოში პირადად ჩაჰბარდა (ს.ფ. 110). საქმეში წარმოდგენილია აპელანტის მიერ წარმომადგენელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა, გასაჩივრების უფლებით (ს.ფ. 53, 54).
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2015 წლის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 17.04.2015 წელს და მას ხარვეზის შევსება შეეძლო 27.04.2015 წლის ჩათვლით.
8. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განცხადებით აპელანტმა სასამართლოს მიმართა მხოლოდ 28.04.2015 წელს, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით (ს.ფ. 112-113). განცხადებას არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოში დაგვიანებით წარადგინა შუამდგომლობა ბაჟის გადავადების თაობაზე.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში -სსსკ) 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-ე, 74-ე და 368-ე მუხლებით და მიუთითა, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
11. მოპასუხის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაჰბარდა მხოლოდ მას, ვერც სასამართლომ და ვერც მან ვერ მოახერხეს მოპასუხესთან დაკავშირება, ვინაიდან მოპასუხის საცხოვრებელი სახლი დაკეტილი იყო, ხოლო მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხეს საჩივრის წარდგენის ბოლო დღეს, მეზობლების მეშვეობით დაუკავშირდა და მეორე დღეს, 1 დღის დაგვიანებით, სასამართლოში წარადგინა განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე (ს.ფ.125-127).
13. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის დროს მის მარწმუნებელს და გარდაეცვალა, რომელიც წალენჯიხაში გადაასვენეს, ამასთან, თავად მოპასუხე საავადმყოფოში მოხვდა და იგი საცხოვრებელ მისამართზე არ იმყოფებოდა.
14. მოპასუხის წარმომადგენელი კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე განცხადების სასამართლოში დაგვიანებით წარდგენა მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიოდ, ვინაიდან განჩინება თავად აპელანტს არ ჩაჰბარებია და მასთან კონსულტაციის გარეშე ვერ შეავსებდა ხარვეზს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 5 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
17. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 4-8 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
19. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ გადაიხადა და არც გადაუხდელობის რაიმე მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსათვის.
20. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი არ დავობს, რომ მან იცოდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე, თუმცა, ვინაიდან განჩინება უშუალოდ აპელანტს არ ჩაჰბარებია, რადგან მას გარკვეული პირადი ოჯახური პრობლემები ჰქონდა, ეს გარემოება მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიოდ, რადგანაც, მისი მოსაზრებით, მარწმუნებელთან კონსულტაციის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეავსებდა სასამართლო განჩინებით დადგენილ ხარვეზს.
21. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის, ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
22. დადგენილია, რომ მოცემული დავის განხილვისას მოპასუხის ინტერესებს იცავდა წარმომადგენელი, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა, გაცემული განუსაზღვრელი ვადით, მას ანიჭებდა გასაჩივრების უფლებას (ს.ფ. 53-54); სწორედ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე.
23. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
24. სსსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
25. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
26. მოხმობილი ნორმების შინაარსი ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან ოდენობის შემცირება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს შესაბამის უტყუარ მტკიცებულებებს.
27. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ან ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილ ვადაში, სასამართლოს წარუდგინა რაიმე მტკიცებულება იმის დასტურად, რომ გადახდისუუნარო იყო. მარტოოდენ ზეპირი განცხადება მხარის მძიმე ეკონომიკური პრობლემების შესახებ სასამართლოს არ აძლევს სამართლებრივ საფუძველს, დაადგინოს შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტისას.
28. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის არგუმენტი, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე უშუალოდ მის მარწმუნებელს არ ჩაჰბარდა, ეს მიჩნეული უნდა იქნეს საპატიო გარემოებად. სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარება სრულად შეესაბამება სსსკ-ის 70-ე მუხლს და მხარის ეს განმარტება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
29. ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე