Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-853-803-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 23 იანვარს დ. ლ-სა (შემდეგში - გამსესხებელი) და დ. მ-ეს (შემდეგში - მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 6 თვის ვადით, 62 500 (სამოცდაორი ათას ხუთას) აშშ დოლარზე, რაც ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმების დროისათვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენდა 104 231, 25 ლარს (ას ოთხი ათას ორას ოცდათერთმეტ ლარსა და ოცდახუთ თეთრს). [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 623-ე, 624-ე,მ 286-ე მუხლები; ტ. I, ს.ფ. 12-15].

2. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 23 იანვარს იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ-ში, გ-ს დასახლებაში, მე-3 სართული, ბინა №4, ბლოკი .. (საკადასტრო კოდი ...; ტ. I, ს.ფ. 16).

3. გამსესხებელმა სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული მსესხებლის საკუთრებად რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

5. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 286-ე, 316-317-ე, 624-ე მუხლები.

6. სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 23 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადასცემია.

8. სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

9. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მხარეებმა მიუთითეს, რომ „სესხი გაცემულია და დაბრუნდება ნაღდი სახით“. მართალია, ხელშეკრულების 2.2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ სესხის გადაცემა-დაბრუნება ხდება წერილობითი აქტით, თუმცა წარმოდგენილი ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული დათქმა შეიძლება ჩაითვალოს 2.2 პუნქტში აღნიშნულ წერილობით აქტად. ამასთან, მსესხებელმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომ მან მოსარჩელეს 2013 წლის 25 იანვრის შემდგომ ერთხელ მაინც მიმართა სესხის გადაცემის თაობაზე. პირიქით, სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 23 იანვარს და უძრავ ქონებაზე ორი დღის შემდეგ, 2013 წლის 25 იანვარს, დარეგისტრირდა იპოთეკა, რაც მსესხებლისათვის ცნობილი იყო. შესაბამისად, მის მიერ რაიმე ზომების მიუღებლობა (თუნდაც შეტყობინების სახით) გულისხმობდა, რომ მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობაზე, მას რაიმე პრეტენზია არ ჰქონია სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამსესხებლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები დასაბუთებული იყო მტკიცებულებებით.

10. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადა იყო ექვსი თვე. მსესხებელმა გამსესხებლისაგან სრულად მიიღო ნასესხები თანხა, რაც მას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამსესხებლისათვის არ დაუბრუნებია. შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლისადმი სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია.

11. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიღების უზრუნველსაყოფად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ გამსესხებლის მოთხოვნა დასაბუთებული იყო.

12. მსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე: სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გამსესხებელს მსესხებლისათვის გადაცემული ჰქონდა სესხის თანხა. ხელშეკრულების (იხ. ამ განჩინების პ.1) 2.2. პუნქტის შესაბამისად, სესხის გადაცემა-დაბრუნება უნდა მომხდარიყო წერილობითი აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს მოაწერდა ორივე მხარე. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, „იპოთეკარი სესხს გადასცემდა მესაკუთრეს წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, გამსესხებელს მსესხებლისათვის სესხის თანხა უნდა გადაეცა წერილობითი აქტის საფუძველზე“. გამსესხებელს, მსესხებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მისთვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ უსესხებია, შესაბამისად, მხარეთა შორის არ გაფორმებულა თანხის გადაცემის შესახებ წერილობითი აქტი. ამდენად, გამსესხებლის მიმართ მსესხებელს არ გააჩნდა რაიმე ვალდებულება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

16. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს, ხოლო აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ გამსესხებელს მისთვის თანხა არ გადაუცია, არ გაიზიარა.

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის გაცემა-დაბრუნების წესი დაადგინა თავად სადავო ხელშეკრულების მეორე პუნქტმა, ამასთან, ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, „სესხი გაცემულია და დაბრუნდება ნაღდი სახით”, 2.2 ქვეპუნქტის მიხედვით, „სესხის გადაცემა-დაბრუნება ხდება წერილობითი აქტით, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე“, ხოლო 2.3 ქვეპუნქტის თანახმად კი, „იპოთეკარი სესხს გადასცემს მესაკუთრეს წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან“.

18. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების გამო დავის დროს, მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, მოდავე მხარე, გამსესხებელი, თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მოწინააღმდეგე მხარე მსესხებელმა კი, უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ, ვინაიდან, მხარეებს შორის სესხის გადაცემის შესახებ დამოუკიდებელი წერილობითი აქტი არ გაფორმებულა, მსესხებელს გამსესხებლისაგან თანხა არ მიუღია.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულება შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ სესხის თანხა უკვე გადაცემულია, ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, „სესხი გაცემულია და დაბრუნდება ნაღდი სახით“, ე.ი. თანხა რეალურად გადაცემულია. იგივე დასკვნა გამომდინარეობდა მხარეთა შემდგომი მოქმედებებიდან, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, 2013 წლის 25 იანვარს, საჯარო რეესტრში მსესხებლის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკა და მას გამსესხებლის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსესხებელმა ერთხელ მაინც მოიმოქმედა რაიმე სესხის მისაღებად, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების 2.3 ქვეპუნქტის თანახმად, „იპოთეკარი სესხს გადასცემს მესაკუთრეს წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან“ ანუ 2013 წლის 23 იანვარს.

21. სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო არა სესხის შეპირების (სსკ-ის 628-ე მუხლი), არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ორივე ხელშეკრულების ერთ სანოტარო აქტად გაფორმებაც იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ სესხი იყო ნამდვილი, სადავო ხელშეკრულებით გამოვლინდა სესხის გადაცემის ნება და მისი დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის უძრავი ქონება.

22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალების განსაზღვრება მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით. იპოთეკა აქცესორული უფლებაა, რომელიც სხვა უფლებაზეა დამოკიდებული.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან არსებობდა იპოთეკის უფლება (აქცესორული უფლება), არსებობდა პრეზუმფცია, რომ სახეზე იყო ის მთავარი უფლებაც (მსესხებლისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება), რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა იპოთეკა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ასეთ შემთხვევაში ეკისრება მსესხებელს, რომელსაც, ამ ტვირთის რეალიზება საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ მოუხდენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა სესხი, რაც ექვემდებარებოდა დაბრუნებას.

24. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 286-ე, 624-ე, 628-ე მუხლები.

25. მსესხებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

26. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გამსესხებელს მსესხებელისათვის გადაცემული ჰქონდა თანხა და უთითებს ხელშეკრულების 2.2. და 2.3 პუნქტებზე (იხ. ამ განჩინების მე-9, მე-13 პუნქტები).

27. კასატორის განმარტებით, გამსესხებლის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ, ვინაიდან ხელშეკრულების ხელმოწერიდან იპოთეკა ორი დღის შემდეგ დარეგისტრირდა, ამით დასტურდება სესხის გადაცემის ფაქტი.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მსესხებლის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მსესხებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

32. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის პრეტენზიის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გამსესხებელმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა არ გადასცა და ამიტომაც კრედიტორის მიმართ რაიმე ვალდებულება არ გააჩნია.

35. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს რა სამართლებრივი ბუნება ახასიათებს ზოგადად სასესხო ურთიერთობას და რა ფორმით დაიშვება მისი არსებობა.

36. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

37. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით ხელშეკრულების ერთი მხარე, გამსესხებელი, საკუთრებაში გადასცემს ხელშეკრულების მეორე მხარეს, მსესხებელს, ფულს ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ნივთებს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე რაოდენობის თანხა ან იმავე სახის, ხასიათისა და რაოდენობის ნივთები. 623-ე მუხლში ნათლად ჩანს სესხის ხელშეკრულების რამდენიმე ძირითადი თავისებურება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხასიათისაა. მისი მონაწილეებისაგან მხოლოდ ერთი მხარე კისრულობს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას. ესაა სესხად მიღებული ფულის ან გვაროვნული ნივთის უკან დაბრუნება. მეორე მხარეს კი, შესაბამისი უფლება გააჩნია - გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლისაგან მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება, ამიტომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. შეთანხმებასთან ერთად აუცილებელია სესხის საგნის გადაცემა. სესხის ხელშეკრულება გამსესხებლის ნების გამოვლენის საფუძველზე იდება მხოლოდ. მას ამის რაიმე ვალდებულება არ გააჩნია, ამიტომ ითვლება იგი რეალურ და არა კონსესუალურ ვალდებულებად.

39. სესხის ხელშეკრულება ნამდვილად რომ ჩაითვალოს, დაცული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ფორმა. საერთო წესის მიხედვით, გარიგების ფორმა შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითი. კანონი ამ უკანასკნელს განსაზღვრულ უპირატესობას ანიჭებს. ეს იმაში ვლინდება, რომ სესხის ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული. ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არაა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.

40. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 6 თვით; მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 23 იანვარს იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. ამ განჩინების 1,2 პუნქტები).

41. იპოთეკის უფლება მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებაა. იპოთეკის უფლების დადგენის მიზანია კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა. იპოთეკით შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს როგორც სახელშეკრულებო, ასევე, კანონისმიერი მოთხოვნები. იპოთეკის უფლების საფუძველზე უზრუნველყოფილი კრედიტორი მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში მოიპოვებს უპირატესობას ყველა სხვა არაუზრუნველყოფილ კრედიტორთან შედარებით. იპოთეკარი (კრედიტორი), უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნას იკმაყოფილებს იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან მასზე საკუთრების უფლების მოპოვებით. იპოთეკის უფლება აქცესორულ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი არ არსებობს ძირითადი (უზრუნველყოფილი) მოთხოვნის უფლების გარეშე. სახელშეკრულებო ურთიერთობის დასაწყისში მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, ასევე, ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებზე - იპოთეკის უფლებაზე. იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი შესრულების მოთხოვნის უფლებაზე, რომლის დარღვევა, შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, წარმოშობს იპოთეკის უფლების განხორციელების შესაძლებლობას. იპოთეკის წარმოშობის საფუძველი ყოველთვის არის კანონიერ ძალაში არსებული ხელშეკრულება. ძირითადი (უზრუნველსაყოფი) გარიგების გაუქმება გამორიცხავს იპოთეკის უფლების დადგენის ან განხორციელების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით არააქცესორული იპოთეკა არ არსებობს.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, რადგან არსებობს იპოთეკის უფლება (აქცესორული უფლება), არსებობს პრეზუმფციაც, რომ სახეზეა ის მთავარი უფლებაც, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული იპოთეკა. პრეზუმირებული (ნავარაუდები) ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, ამიტომ ის, ვინც უარყოფს ამ პრეზუმფციას, მან უნდა დაამტკიცოს საწინააღმდეგო.

43. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ, ვინაიდან 2013 წლის 23 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არსებობს პრეზუმფცია, რომ სახეზეა ის მთავარი მოთხოვნის უფლებაც (გამსესხებლის მიერ სესხად გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება), რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული იპოთეკა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აკისრია მსესხებელს, რომელსაც, მოცემულ შემთხვევაში, ამ ტვირთის რეალიზება სსსკ-ით დადგენილი წესით არ მოუხდენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა თანხა, რომელიც ამ უკანასკნელს არ დაუბრუნებია.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბერს, განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (6 000 ლარის) 30%-ის, 1 800 ლარის, გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ. მ-ეს (პ/ნ …) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით (საქმე № ას-853-803-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის 30 %-ის 1 800 (ათას რვაასი) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე