საქმე №ას-877-827-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, დამტკიცდა მორიგების აქტი კ. ბ-ს (შემდეგში- მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) და შპს „ო-ას“ (შემდეგში - პოლიკლინიკა), ასევე შპს „ო-ოს“ (შემდეგში - საავადმყოფო) შორის შემდეგი პირობებით: 1) მხარეთა შორის წარმოშობილი დავა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ უნდა მოწესრიგებულიყო ურთიერთდაინტერესების გათვალისწინებით; 2) მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხისათვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრებაზე; 3) მოპასუხეებმა: პოლიკლინიკამ და საავადმყოფომ თანხმობა განაცხადეს მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე 2001 წლის 1 იანვრიდან; 4) სამსახურში აღდგენისას, მოსარჩელეს უნდა გაევლო რეაბილიტაციის კურსი; 5) მოსარჩელის სამსახურში აღდგენის თარიღად უნდა მიჩნეულიყო მისი სამსახურიდან დათხოვნის თარიღი, რეაბილიტაციის ინსტიტუტიდან გამომდინარე, შესაბამისად, მისი სამსახურიდან დათხოვნის დრო უნდა შესულიყო მის შრომის სტაჟში; 6) მოსარჩელემ უარი განაცხადა განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე მორიგების აქტის მე-5 პუნქტის ვადის პერიოდისათვის (ტ.3, ს.ფ.47-51).
2. პირველ პუნქტში მითითებული მორიგების აქტის დამტკიცების გამო, ო.. რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და შეწყდა საქმისწარმოება, კ. ბ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების - პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს მიმართ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება შესულია კანონერ ძალაში.
4. 2015 წლის 17 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ, მართალია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იგი აღადგინეს სამსახურში, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება, ვინაიდან სამსახურმა რეორგანიზაცია განიცადა, კერძოდ, აღარ არსებობს საწარმოები - პოლიკლინიკა და საავადმყოფო. ეს ორი საწარმო ამჟამად იწოდება შპს „რ-ი“ ო.. რ-ოდ, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია ... მოსარჩელემ, სწორედ, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს დადგენა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა, ხარვეზის შევსების მიზნით, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ჩატარდა საწარმოების: პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს რეორგანიზაცია და ეს ორი საწარმო, ამჟამად იწოდება შპს „რ-ი“ ო.. რ-ოდ, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია ...
6. 2015 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ, ხარვეზის შევსების მიზნით, სასამართლოში წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: 1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შპს „ტ-ოს“ მიმართ 20.07.2015 წლის მდგომარეობით; 2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.12.2014 წლის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; 3) სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 09.03.2012 წლის წერილი; 4) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.07.2015 წლის ბრძანება შპს „ხ-ის“ კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ; 5) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შპს „რ-ის“ მიმართ 13.07.2015 წლის ივლისის მონაცემებით; 6) შპს „რ-ის“ ო.. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის - ა. ლ-ის 20.05.2015 წლის პასუხი წერილზე; 7) შპს „რ-ის“ დირექტორ ნ. ბ-ის 02.06.2015 წლის წერილი აღმასრულებელ გ. დ-ის მიმართ; 8) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შპს „ტ-ოს“ მიმართ 12.03.2012 წლის მდგომარეობით; 9) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.12.2014 წლის ბრძანება; 10) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შპს „რ-ის“ მიმართ 06.11.2014 წლის და 15.12.2014 წლის მდგომარეობით; 11) სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 20.02.2012 წლის ბრძანება.
7. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება, ორი საწარმოს - პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ შპს „რ-ის“ ო.. რ-ოს დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პოლიკლინიკამ და საავადმყოფომ განიცადა რეორგანიზაცია და ორივე საწარმო შეერწყა შპს ტ-ოს, რაც დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან 2015 წლის 20 ივლისის ამონაწერით.
7.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, სამეწარმეო რეესტრიდან შპს „რ-ის“ მიმართ 13.07.2015 წლის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „რ-ი“ ო.. რ-ოს შეერწყა შპს „რ-ი“, მაგრამ ამ დოკუმენტით არ დგინდება, რომ შპს „რ-ს“ შეერწყა ან შპს „ტ-ო ან/და შპს „ო-ო“ და შპს „ო-ა“.
7.3. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ტ-ო“, რომელსაც შეერწყა პოლიკლინიკა და საავადმყოფო, დღემდე არსებობს და ფუნქციონირებს და არ მომხდარა მისი ლიკვიდიაცია ან/და რეორგანიზაცია ანუ უდავოა, რომ შპს „ტ-ო“, წარმოადგენს პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უფლებამონაცვლეს და არა შპს „რ-ის“ ო.. საავადმყოფო, რომელზეც უთითებს მოსარჩელე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საფუძველი, შპს „რ-ი“ მიჩნეულიყო პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, აღმასრულებელ გ. დ-სადმი შპს „რ-ის“ დირექტორ ნ. ბ-ის 02.06.2015 წლის წერილის საფუძველზე დგინდება, რომ 2012 წელს პოლიკლინიკა და საავადმყოფო შეერწყა შპს ტ-ოს. აღნიშნული შპს დღემდე მოქმედი საწარმოა და მას კავშირი არ აქვს შპს „რ-თან“. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ რეესტრის მონაცემებით, საავადმყოფოს შესახებ სტატუსში მითითებულია -ლიკვიდირებული. ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალმემკვიდრეობის წესით სხვა პირზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N2093 განკარგულების შესაბამისად, შპს „რ-მა“ გამოისყიდა შპს „რ-ის“ 100 % წილი, რომელიც ფორმირებული იყო მესტიის, ონის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების ინფრასტრუქტურის საფუძველზე. აღნიშნული შპს შეიქმნა 2014 წლის 15 აგვისტოს და მის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ა-ი“.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ შპს ტ-ო, რომელსაც შეერწყა პოლიკლინიკა და საავადმყოფო, დღემდე არსებობს, არ მომხდარა მისი ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია. შპს „ტ-ო“ წარმოადგენს პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უფლებამონაცვლეს და არა შპს „რ-ის“ ო.. რ-ო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება, შპს „რ-ის“ ო.. რ..ოს ორი საწარმოს - პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 92-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით.
12. განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორსა და ორ საწარმოს - პოლიკლინიკასა და საავადმყოფოს შორის მორიგების აქტი გაფორმდა, რაც დღემდე შეუსრულებელია იმ მოტივით, რომ საწარმოებმა განიცადა რეორგანიზაცია და აღარ არსებობს, მაგრამ მათ მაგივრად ფუნქციონირებს უფლებამონაცვლე ორგანიზაცია, კერძოდ, შპს „რ-ი“ (საინდენტიფიკაციო N ...).
12.2. მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტაციისა, უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც არასწორია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი, ამავე სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების აღსრულების მიზნით, უფლებამონაცვლედ დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
18. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი (იხ. ამ განჩინების -7-10 პუნქტები), სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან უტყუარადაა დადგენილი, რომ ორი საწარმოს - პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ტ-ო“ და არა შპს „რ-ის“ ო.. რ-ო, შესაბამისად, არ არსებობს უფლებამონაცვლედ დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
20.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ბ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე