საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-911-861-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. ფ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დ.ფ-ისათვის ე. ლ-ის სასარგებლოდ 550 ლარის დაკისრება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ლ-ესა (შემდეგში “მოსარჩელე, გამსესხებელი ან კრედიტორი”) და დ. ფ-ეს (შემდეგში “მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან კასატორი”) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გამსესხებელმა მსესხებელს სხვადასხვა დროს გადასცა თანხა: 2013 წლის 14 ივლისს - 690 აშშ დოლარი და 200 ლარი, 10 %-ის სარგებლის დარიცხვით; 2013 წლის 17 ივლისს - 600 ლარი, 10%-ის სარგებლის დარიცხვით; 2013 წლის 21 ივლისს - 1200 ლარი, 10 %-ის სარგებლის დარიცხვით; 2013 წლის 6 აგვისტოს - 600 ლარი, 10 %-ის სარგებლის დარიცხვით; 2013 წლის 21 აგვისტოს - 500 ლარი, 10 %-ის სარგებლის დარიცხვით; 2013 წლის 21 ნოემბერს - 500 ლარი, სარგებლის გარეშე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები].
2. გამსესხებელმა 2014 წლის 24 ნოემბერს სარჩელი აღძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის, 690 აშშ დოლარის, სარგებლის, 1104 აშშ დოლარის, სესხად გაცემული ძირითადი თანხის - სულ 3650 ლარისა და სარგებლის - 5510 ლარის მსესხებლისათვის დაკისრება.
3. სასამართლოს 2015 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოვალეს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 690 აშშ დოლარისა და დარჩენილი გადაუხდელი სარგებლის - 1104 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, სესხის 3650 ლარისა და დარჩენილი გადაუხდელი სარგებლის - 4850 ლარის გადახდა.
4. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 319-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 394-ე მუხლებზე.
5. სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულების წერილობით დადება და კრედიტორისაგან 690 აშშ დოლარისა და 3650 ლარის (10 % სარგებლის დარიცხვით) გადაცემის ფაქტი, ხოლო 2013 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებაზე განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სარგებელი გათვალისწინებული არ ყოფილა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
6. სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 131-132-ე მუხლებზე დაყრდნობით, მოპასუხის მიერ აღიარებული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია.
7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მან მოსარჩელეს დაუბრუნა ნასესხები 4500 ლარი, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია.
8. მოვალემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოვალემ სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ 500 ლარის ნაწილში.
9. სააპელაციო საჩივარში მოვალე აღნიშნავდა, რაიონულმა სასამართლომ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მხარეები და საქმე სრულყოფილად არ განიხილა. კრედიტორის სახელით სარჩელი აღძრა ლ. რ-მა, რომელსაც არ ჰქონდა საამისო უფლებამოსილება. მანვე გააყალბა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოვალის საკუთრებად რიცხულ უძრავ ნივთს, ქ. ა-ში, მ-ის ქუჩის №1-ში. ამ სიყალბის თაობაზე ცნობილი იყო საქმის განმხილველი მოსამართლისათვის, თუმცა, მან თავი აარიდა ამ ფაქტზე რეაგირებას, ისევე, როგორც დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ვალების აღრიცხვის რვეულის კრედიტორისაგან გამოთხოვის თაობაზე, საიდანაც დადგინდებოდა, რომ მოვალეს კრედიტორისათვის გადაცემული ჰქონდა 4500 ლარი.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 828 აშშ დოლარისა და 4710 ლარის გადახდა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოვალემ კრედიტორისაგან ისესხა:
11.1. 2013 წლის 14 ივლისს - 690 აშშ დოლარი და 200 ლარი, 2 თვით, ყოველთვიურად 10% სარგებლის დარიცხვით (იხ. მოვალის ხელწერილი - ს.ფ.76);
11.2. 2013 წლის 17 ივლისს - 600 ლარი, 2 თვით, ყოველთვიურად 10% სარგებლის დარიცხვით (იხ. მოვალის ხელწერილი - ს.ფ.76);
11.3. 2013 წლის 21 ივლისს - 1200 ლარი, სესხის ვადასა და სარგებლის დარიცხვაზე არ შეთანხმებულან (იხ. მოვალის ხელწერილი - ს.ფ.76, მე-2 გვერდი);
11.4. 2013 წლის 6 აგვისტოს - 600 ლარი, ყოველთვიურად 10% სარგებლის დარიცხვით. სესხის ვადაზე არ შეთანხმებულან (იხ. მოვალის ხელწერილი - ს.ფ.76, მე-2 გვერდი);
11.5. 2013 წლის 21 აგვისტოს - 500 ლარი. სესხის ვადასა და სარგებლის დარიცხვაზე არ შეთანხმებულან (იხ.მოვალის ხელწერილი - ს.ფ.77);
11.6. 2013 წლის 21 ნოემბერს - 550 ლარი, იმავე წლის 20 დეკემბრამდე. სარგებლის დარიცხვაზე არ შეთანხმებულან (იხ.მოვალის ხელწერილი - ს.ფ.77).
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალეს კრედიტორისათვის სესხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, არ წარუდგენია, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორს 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მთლიანად არ მოუთხოვია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯამში მოპასუხეს გამსესხებლის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა 828 აშშ დოლარისა და 4710 ლარის (240+720+1200+1500+500+550) გადახდა.
13. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა სსკ-ის 623-ე, 625-ე მუხლებსა და სსსკ-ის 102-ე მუხლზე.
14. მოვალემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. საკასაციო საჩივარში მოვალემ აღნიშნა:
15.1. საკასაციო სასამართლოს მიერ კრედიტორისაგან ვალების რეგისტრაციის რვეულის გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადასტურდება მის მიერ კრედიტორისათვის 4500 ლარის გადახდის ფაქტი;
15.2. ამჟამად დარჩენილი აქვს 550 ლარი, რომელიც კრედიტორისაგან, 2013 წლის 21 ნოემბერს, მას შემდეგ ისესხა, რაც მანამდე ნასესხები თანხა, 4500 ლარი, დაუბრუნა. აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მისთვის 828 დოლარისა და 4710 ლარის დაკისრების ნაწილში და, კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მხოლოდ 550 ლარის გადახდა.
15.3. სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელში მითითებულ გაყალბებულ მტკიცებულებზე. სასამართლოს უნდა გამოეჩინა ინიციატივა და შეემოწმებინა დოკუმენტების ნამდვილობა, ვინაიდან საქმეში განთავსებულია გადაწყვეტილება N1…3 მოვალის საკუთრების უკანონოდ დაყადაღების შესახებ. მოვალის განმარტებით, თუ დადასტურდებოდა საბუთის სიყალბე, სასამართლოს უნდა გამოეტანა დასაბუთებული განჩინება და აღნიშნული დოკუმენტები, საქმეზე მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებისათვის უნდა გადაეცა. კასატორი საკასაციო საჩივარს გარკვეულ დოკუმენტებს ურთავს, რის საფუძველეზეც მიაჩნია, რომ დასტურდება მისი საკუთრების ხელყოფა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოვალის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლიანობისა და იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
22.1. კასატორის პრეტენზიის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა გადასახდელად სესხის ნაწილი, ვინაიდან მოვალემ, მისი მოსაზრებით, კრედიტორს ნასესხები თანხიდან 4500 ლარი დაუბრუნა და გადასახდელი დარჩა მხოლოდ 550 ლარი, რაც დადასტურდებოდა ვალების რეგისტრაციის ჟურნალის გამოთხოვის შემთხვევაში. კასატორი აღნიშნული დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას საკასაციო სასამართლოშიც აყენებს.
22.2. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
22.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ნამდვილად რომ ჩაითვალოს, დაცული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ფორმა. საერთო წესის მიხედვით, გარიგების ფორმა შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითი. კანონი ამ უკანასკნელს განსაზღვრულ უპირატესობას ანიჭებს. ეს იმაში ვლინდება, რომ სესხის ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას, მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული. ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არაა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.
22.4. მხარეთა შორის სადავო არ არის კრედიტორის მიერ მოვალისათვის, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თანხის გადაცემის ფაქტი, მხარეები დავობენ მხოლოდ იმაზე, გასესხებული თანხიდან დაუბრუნა თუ არა მსესხებელმა გამსესხებელს სესხის ნაწილი, 4500 ლარი.
22.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; ვალდებულების შესრულების ვადა, ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
22.6. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
22.7. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებებიდან არც ერთს აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურსამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
22.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (იხ. სუსგ 15.09.2014, # ას-517-490-2014).
22.9. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოვალემ, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს ვერ წარმოუდგინა; მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის პირობებში, მარტოოდენ მოვალის განმარტება საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილება.
22.10. საკასაციო სასამართლო კრედიტორისაგან ვალების რეგისტრაციის რვეულის გამოთხოვასა და საკასაციო საჩივარზე მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. ვალების რეგისტრაციის რვეული, როგორც ერთ-ერთი დასაშვები მტკიცებულებათაგანი, ვერ იქნებოდა მიღებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია; რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მათი საქმისათვის დართვის წინაპირობებიც არ არსებობს.
22.11. კასატორი სადავოდ ხდის მის უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, უკანონოდ დაუყადაღა ქონება. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
22.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის, მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით. აღნიშნული ღონისძიების გამოყენების ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელე დაცული იყოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობისაგან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება სასამართლოს მიერ უპირობოდ არ ხდება და, მოსარჩელის მოთხოვნა, კანონმდებლის მიერ გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კანონმდებელი მნიშვნელოვან გარანტიებს ანიჭებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავდაცვის თვალსაზრისით, კერძოდ, იგი უფლებამოსილია, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების კანონიერების შესწავლის მიზნით, საჩივრით მიმართოს იმავე სასამართლოს, რომელიც საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადააგზავნოს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სსსკ-ის 194, 197, 1971 მუხლები). საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურსამართლებრივ შესაძლებლობას, განსახილველ შემთხვევაში იმსჯელოს, რამდენად მართებულად იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში, კასატორს უფლება ჰქონდა, დაეყენებინა ეს საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში.
23. ზემოხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
24. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 43 (ორმოცდასამი) ფურცლად.
25. სსსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს განეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი, ხოლო 53 -ე მუხლის საფუძველზე, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ორივე მხარე გათავისუფლებულია (იხ. ს.ფ. 208).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 104-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ. ფ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები 43 ფურცლად, ს/ფ 220-263;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე