საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-916-866-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ს-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონებაზე თამანესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. კ-ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხე ო. ს-ას (შემდეგში მოპასუხე) მიმართ, თანამესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველ პუნქტში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1 სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონულ სასამართლოში საქმე განხილულია 2014 წლის 18 დეკემბერსა და 26 დეკემბერს მთავარ სხდომებზე, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, მ. ჭ-ე. მასვე 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლოში დაბარების შესახებ, სატელეფონო აქტით ეცნობა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2015 წლის 29 იანვარს, 15:30 საათზე (იხ. აქტი- ს.ფ.201);
3.2 მ. ჭ-ეს, მარწმუნებლისაგან მინიჭებული უფლებამოსილებით, ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (იხ. - მინდობილობა, ს.ფ. 92). სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში ჩაბარებულია 2015 წლის 19 ივნისს, და ბაჟიც იმავე დღესაა გადახდილი (ს.ფ. 231-233).
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 374-ე, 369-ე, 2591-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, ამავე კანონის მე-60 და 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, რაიონულ სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო არა უგვიანეს 2015 წლის 28 თებერვლისა. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ 2015 წლის 28 თებერვლიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 მარტს, 24:00 საათზე. ამდენად, 2015 წლის 19 ივნისს საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, საპროცესო ვადის დარღვევითაა წარდგენილი და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით 2015 წლის 5 ივნისს ჩაჰბარდათ. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 26 იანვრის აქტი შეტყობინების შესახებ, თუმცა, მისი მოსაზრებით, აღნიშნულ დოკუმენტს მასთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან მოსამართლის თანაშემწეს მისთვის არ დაურეკავს და არ გაუფრთხილებია სხდომის ჩატარების შესახებ, რასაც ადასტურებს მის ნომერზე შესული ზარების დეტალური ამონაწერი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის კერძო საჩივარი 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით: კერძო საჩივრის ავტორის სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
10. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლისათვის, რომელსაც ჰქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. ვინაიდან არ გამოცხადდნენ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ 2015 წლის 28 თებერვლიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 მარტს, 24:00 საათზე. მოსარჩელე მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტით გაგზავნა 2015 წლის 19 ივნისს.
11. წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-10 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებებთან ერთად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ მტკიცებულებას, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ სასამართლომ მოპასუხეს გადაწყვეტილება გაუგზავნა 2015 წლის 22 აპრილს, რომელიც მის წარმომადგენელს ჩაჰბარდა იმავე წლის 24 აპრილს (იხ. ს.ფ. 218). მართალია, კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მზად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან კანონით დადგენილ ვადაში, მაგრამ საკასაციო სასამართლო ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში, იმ პირობებში, როდესაც მისთვის სატელეფონო აქტით ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ დაგვიანების დაშვების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად ჰქონდა 2015 წლის 24 აპრილს.
12. სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში ს.ფ. 219-220 განთავსებულ ელექტრონულ მიმოწერაზე, საიდანაც დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მ. ჭ-ემ არ შეასრულა საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2015 წლის 29 იანვარი), 20-დან 30-ე დღის ჩათვლით გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გასასაჩივრებელი აქტი. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი კერძო საჩივარში მხოლოდ იმაზე აპელირებს, რომ 5 ივნისს ჩაჰბარდა გადაწყვეტილება, თუმცა, არ აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ 2 ივნისს, ელფოსტის მეშვეობით მიმართა სასამართლო სხდომის მდივანს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაგზავნის მოთხოვნით და ამის შემდეგ 5 ივნისს, ელ-ფოსტითვე გადაეგზავნა გადაწყვეტილება.
13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 -ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 28 თებერვლიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 მარტს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2015 წლის 19 ივნისს, ე.ი. კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი (ს.ფ.221-233).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას საჩივარში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. კ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე