Facebook Twitter

¹ ბს-921-780-კ-04 5 მაისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, საიჯარო ხელშეკრულების დადება.

აღწერილობითი ნაწილი:

12.09.03წ. ა. ნ-მ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მარტვილის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის, მარტვილის გამგეობის, დ. ნ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მარტვილის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის განცხადების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 12.07.01წ. ¹42 ოქმის, დადგენილების და მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 24.07.01წ. ¹31 განკარგულების გაუქმება. თავის მოთხოვნას მოსარჩელე ასაბუთებდა შემდეგით: ალპური საძოვარი “...” ¹2, რომლითაც ადრე სარგებლოდნგენ დ. და ა. ნ-ების წინაპრები, კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ მათ საგებლობაში გადავიდა. აღნიშნული მიწის იჯარით გადაცემის შესახებ მუდმივმოქმედ კომისიაში განცხადებები შეიტანეს დ. და ა. ნ-ებმა, მაგრამ 2002წ. ივლისში საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ დ. ნ-ზე იმ პირობით, რომ საძოვრით დ. და ა. ნ-ები ისარგებლდნენ ურთიერთმოლაპარაკებით, მათივე შეთანხმებით, საიჯარო ქირას და მიწის გადასახადს ისინი სოლიდარულად გადაიხდიდნენ. მოგვიანებით წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. ნ-მ ა. ნ-ს საძოვრის დატოვება მოსთხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დ. ნ-ს განცხადება საძოვრის იჯარით მასზე გაცემის შესახებ მუდმივმოქმედ კომისიას არ უნდა მიეღო, რადგან ის წარდგენილი იყო კომისიის სხდომის წინა დღეს, არადა განცხადება ამ სხდომამდე სამი დღით ადრე უნდა ყოფილიყო შეტანილი.

მოპასუხე დ. ნ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, ა. ნ-ს სარჩელი არ ცნო და მოითხოვა დაევალდებულებინა ა. ნ-ა, აეღო ნაკვეთიდან ხის კონსტრუქცია, ასევე, დაკისრებოდა საძოვრის უნებართვოდ გამოყენებისათვის 264 ლარის გადახდა.

დ. ნ-ს შეგებებული სარჩელი მარტვილის რაიონის სასამართლოს 13.01.04წ. განჩინებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული.

მოპასუხე მარტვილის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენელმა და მოპასუხე მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი ცნეს და მოითხოვეს საძოვრების თანაბრად გაყოფა ა. და დ. ნ-ებზე.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 22.01.04წ. გადაწყვეტილებით ა. ნ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ნ-ზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დროს დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნები.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ნ-მ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მარტვილის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.06.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ნ-ს სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 24.07.01წ. ¹31 განკარგულება თავისი ბუნებით წარმოადგენდა ადმინიტსრაციულ აქტს, ხოლო სახელმწიფოს კუთვნილი მიწის იჯარის ხელშეკრულება მიიჩნია ადმინისტრაციულ გარიგებად, რადგან სასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა არის 6 თვე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე დაადგინა, რომ მოსარჩელემ გაუშვა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების 6 თვიანი ვადა, ანუ მან სარჩელი სასამართლოში მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით შეიატანა მხოლოდ 12.09.03წ. ანუ დაახლოებით 1 წლისა და 3 თვის დაგვიანებით, რის გამო არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. ადმინისტრაციული აქტის ძალაში დატოვების შემთხვევაში ძალაში რჩება მისგან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები, კონკრეტულ შემთხვევაში კი საიჯარო ხელშეკრულება, ანუ ადმინისტრაციული გარიგება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.06.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მ. კასატორს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, დარღვეულია კანონის ნორმები, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოყენებულ იქნა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კერძოდ,სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლი, როდესაც მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 24.07.91წ. ¹31 განკარგულება ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნია. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთან, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება სკ-ის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან 6 წელს, ამდენად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადის გაშვებაზე მითითება სასამართლოს მიერ უსაფუძვლო იყო. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ნ-ს განცხადება კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, ორ დღეში განიხილეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ნ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაუმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთასის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.06.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის მიიჩნეული, რომ მარტვილის რაიონის გამგეობასა და დ. ნ-ს შორის 25.07.01წ. დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 110ჰა ალპურ საძოვარზე. აღნიშნული, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, ამდენად, სადავო აქტები _ მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 12.07.01წ ¹42 ოქმი და გამგეობის 24.07.01წ. ¹31 განკარგულება ემსახურება საიჯარო ხელშეკრულების დადებას. საიჯარო ხელშეკრულებას აქვს კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართალურთიერთობების შემაჯამე-ბელი მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების 3.5 მუხლის თანახმად, მოიჯარესა და კონკურსში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება სკ-ის (წიგნი მესამე, კერძო ნაწილი, კარი პირველი, ნაწილი მეორე, მე-6 თავი, “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა”) შესაბამისად. სზაკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგონოს მიერ სამოქალაქო გარიგების დადებისას გამოიყენება სკ-ის შესაბამისი ნორმები. ადმინისტრაციული გარიგების ბათილობა თავისთავად იწვევს იმ აქტის ბათილობას, რომელიც საფუძვლად დაედო მის გაფორმებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტები, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის შესახებ მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 12.07.01წ. ¹42 ოქმი, რომლითაც დ. ნ-ს მიეცა თანხმობა საიჯარო ხელშეკრულების დადებაზე და მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 24.07.01წ. ¹31 განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა მუდმივმოქმედი კომისიის ¹42 ოქმი, მიზნად ისახავდნენ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების მიღწევას, სახელდობრ, საიჯარო ხელშეკრულების დადებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ნ-ა საიჯარო ხელშეკრულების დადებას ითხოვს 55 ჰა-ზე და არა მთლიანად 110 ჰა-ზე. ამასთანავე, ა. ნ-ს სასარჩელო განცხადება არ შეიცავს დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნას, თუმცა ხსენებული აქტების გაუქმების, მასთან 55ჰა ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულების დადების მოთხოვნა თავისთავად გულისხმობს სადავო აქტების, აგრეთვე, მათ საფუძველზე რაიონის გამგეობასა და დ. ნ-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების 55ჰა ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა მოეთხოვა მოსარჩელისაგან სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნიდან აეთვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ვინაიდან კონკურსის გამოცხადება თავისი ბუნებით არის გარიგება, ხოლო საიჯარო ხელშეკრულების დადებას აქვს საკონკურსო პროცედურის დამაგვირგვინებელი მნიშვნელობა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საიჯარო ხელშეკრულებას და არა მისი დადების უზრუნველსაყოფად გამოცემულ აქტებს, შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის და არა ადმინისტრაციული აქტებისათვის გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ხელშეკრულებისათვის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. თვით გამგეობის სადავო აქტი არ პასუხობს სზაკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მასში არ არის მითითებული ორგანო, რომელშიც შეიძლება აქტის გასაჩივრება, ორგანოს ადგილმდებარეობა და გასაჩივრების ვადა, რაც წარმოადგენს აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლის გაგრძელების საფუძველს, ვინაიდან აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული მხარისათვის ამ უფლების გაცნობის ან გამოქვეყნების შემდეგ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინფორმაცია კონკურსის შესახებ არ პასუხობს დებულების 8.2 მუხლის მოთხოვნებს, რაც ასევე უარყოფს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.06.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.