საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-986-931-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ხ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ. დ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იმ საფუძვლით გათავისუფლებას, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. აპელანტმა ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი, ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით, განუხილველად იქნა დატოვებული.
5. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
6. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
6.1.კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ფორმაში არსებულ სპეციალურ გრაფაში მან მიუთითა, რომ იყო სოციალურად დაუცველი და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებოდა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინა და მოსთხოვა სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდა და არა რაიმე დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
6.2. სასამართლოს განჩინებით ხარვეზის დადგენის შემდეგ, მან მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და გადაამოწმა, იმყოფებოდა თუ არა კვლავ აღრიცხვაზე, სადაც დაუდასტურეს სიაში ყოფნის ფაქტი და ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლება, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა.
6.3. მიმდინარე წლის 17 ივლისს კვლავ მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, მისი სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველად დარჩა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინების კანონიერებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა და მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 368-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია ის სავალდებულო მოთხოვნები, რასაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. სსსკ-ის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მისი დასაშვებობა. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში აპელანტი ვალდებულია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
12.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ1 ქვეპუნქტი ითვალისწინებს, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იმ პირების გათავისუფლების შესაძლებლობას, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. ეს საკითხი დარეგულირებულია სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითაც.
13. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივარში ითხოვდა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას, როგორც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი. საქმეში, კერძო საჩივარს ერთვის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიდანაც ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი და მისი ოჯახი ნამდვილად არიან რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში და ოჯახს 2015 წლის 31 მარტს მიენიჭა 52600 სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, ისინი ღებულობენ საარსებო შემწეობას.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უმნიშვნელოვანესი უფლება, მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. საკითხი იმის შესახებ, ნამდვილად დარღვეულია თუ არა ეს უფლება, უნდა გაირკვეს საქმის განხილვის შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება არ აქვს, უარი უთხრას პირს უფლების დაცვაზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას ითხოვდა, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, სასამართლოს ევალებოდა, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, მოეთხოვა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ იმაზე მსჯელობით, რომ აპელანტს სასამართლოსათვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
16.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, დაირღვა მისი ფუნდამენტური უფლება, მიემართა სასამართლოსთვის და იმ ფაქტს, რომ აპელანტმა სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით დადგენილ ვადაში განმეორებით არ მიმართა სასამართლოს მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, სოციალურად დაუცველი სტატუსის საფუძველზე, არ შეიძლებოდა სასამართლოს მხრიდან პირის უფლებების დაცვაზე უარი გამოეწვია, როგორც წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტშია აღნიშნული. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ კონკრეტული საფუძვლის მითითება, წარმოადგენდა სასამართლოს მიერ შესაბამისი მტკიცებულების მოთხოვნის წინაპირობას ხარვეზის დადგენის განჩინებაში.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც მითითებული კანონი ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე. შესაბამისად, სასამართლომ აპელანტს არასწორად მოსთხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო, მისი გადაუხდელობის გამო, არასწორად დატოვა საჩივარი განუხილველად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე