საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1096-1032-2015 02 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "რ-ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს "რ-ის" სარჩელი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "რ-მა". კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა შპს "რ-ის" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, იმის მიუხედავად, ჩაიბარა თუ არა მოგვიანებით მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი და შპს-ს დირექტორი (ტ. 2, ს/ფ 126). კასატორის წარმომადგენელმა, თ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე, 2015 წლის 23 ივნისს, და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი კასატორის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2015 წლის 01 ოქტომბერს (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ. 156).
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან, ანუ 2015 წლის 24 ივლისიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 აგვისტოს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 19 ოქტომბერს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის წარმომადგენლის 2015 წლის 23 ივნისის განცხადებაზე (ტ. 2, ს/ფ 132) და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს წარდგენილი განცხადება, რომლითაც მხარე ითხოვს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, არ შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად, რადგან კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა დროის კონკრეტული მონაკვეთი, თუ როდის უნდა მივიდეს მხარე სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. კასატორის წარმომადგენელი სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, 2015 წლის 01 ოქტომბერს გამოცხადდა (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ. 156).
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2015 წლის 23 ივნისის დასაბუთებული განჩინების მომზადების ვადა არ დაურღვევია, რადგან 2015 წლის 27 ივლისს სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული განჩინების ასლი აპელანტს გაუგზავნა (იხ. სასამართლო გზავნილი, ტ. 2, ს/ფ 154).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "რ-ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი