საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე№03021001458190
№ას-726-691-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,
№ას-726-691-2015ორ-ლ ოი- თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სა-ს რკ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – უცხოური საწარმოს შპს „ორ-ლ ოი-ს“ წარმომადგენლობა საქართველოში
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
და--ს საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ორ-ლ ოი- რ-სა“ (OR-L OI- CO-N“ LTD, შემდეგში: „მიმწოდებელი“) და შპს “კო- ენ-ი პი თი ი-ს (CO-L EN-Y PTE LTD, შემდეგში: „მყიდველი, ან ტვირთმიმღები“) შორის 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმდა გამხსნელის - საზღვაო საწვავის (დიზელის MGO), ნასყიდობის ხელშეკრულება #020/2014 მიწოდების პირობით CPT (ინკოტერმსი 2010) შპს შა-- ზღ--ს ტერმინალამდე (ყულევის ტერმინალი). მიმწოდებელს ევალებოდა, ტვირთი მიეწოდებინა მყიდველისათვის ყულევის ტერმინალში. ტვირთმიმღები კი, თავის მხრივ, კისრულობდა ვალდებულებას, მიეღო ტვირთი, ანუ დაეცალა ვაგონები.
2. შპს „შა- ზღ-ს ტე-ი“ 2014 წლის 27 თებერვლის წერილით გადამზიდველს უდასტურებდა მზადყოფნას მარტში თავის რეზერვუარებში მიეღო საუდის არაბეთის 370 ტონა საზღვაო დიზელი. ტვირთის მიმღები იყო „CO-L EN-Y PTE LTD“.
3. 2014 წლის მარტში სს „სა-ს რკ-ასა” (შემდეგში: “გადამზიდველი, მოსარჩელე ან კასატორი“) და შპს „ორ-ლ ოი-ს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის (შემდეგში: მოპასუხე, ტვირთგამგზავნი ან მოწინააღმდეგე მხარე“) დაიდო პ.1-ში მითითებული ტვირთის ქ. ფოთიდან რკინიგზის სადგურ ,,ფართო წყლამდე“ (კოლხეთ-ყულევის უბანი) გადაზიდვის ხელშეკრულება, [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 668-ე მუხლი გადაზიდვის დავალება #394056].
4. 2014 წლის 5 მარტს მოსარჩელემ გადაზიდვის დავალებისა და საგზაო უწყისის საფუძველზე ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სარკინიგზო სადგურის „ფართო წყლის“ მე-5 ლიანდაგზე ტვირთგამგზავნს მიაწოდა ექვსი დახურული ტიპის ვაგონი, რაზეც გაიხსნა საერთო ფორმის აქტი #132701 და სამახსოვრო ბარათი #229139 [საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, 22.1 მუხლი].
5. 2014 წლის 7 მარტს წინამდებარე განჩინების პ.4-ში მითითებული ვაგონები ყულევის შავი ზღვის ტერმინალში იყო განთავსებული, სადაც შპს „SG- ჯო-ის“ წარმომადგენელმა აწარმოა მათი აზომვა [იხ. სარკინიგზო ტანკერების გაზომვის ანგარიში ს.ფ.83]
6. 2014 წლის 27 მაისს მოსარჩელემ ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. სარჩელის აღძვრის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ტვირთგამგზავნმა („ორ-ლ ოი-მ“) დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მან ვერ უზრუნველყო შესაბამის ვადებში ვაგონების დაცლა, რამაც გამოიწვია ვაგონების დაყოვნება სადგურ „ფართო წყალში“ და, შესაბამისად, მათი მოცდენა. ამის გამო მან მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 29 500 ლარის გადახდა 24 სთ-ზე მეტი მომსახურების გაწევისათვის [სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მეშვიდე, 23-ე მუხლის პირველი, 26-ე მუხლის მეშვიდე და 36-ე მუხლის მეათე ნაწილები.]
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. მათ ვაგონები არ დაუყოვნებიათ, რადგანაც ვაგონ-ცისტერნები 2014 წლის 7 მარტისათვის უკვე ყულევის შავი ზღვის ტერმინალში იყო შესული, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ შპს „ეს ჯი ეს ჯო-ამ“ აზომა ვაგონები (იხ.სარკინიგზო ტანკერების აზომვის ანგარიში ს.ფ.82-84). შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება, რომ ვაგონები სადგურ „ფართო წყალში“ მოცდა, არასწორია.
7.2. მოცდენის საფუძვლად მოყვანილი საერთო ფორმის აქტი არ შეიცავს სრულ და უტყუარ ინფორმაციას და, შესაბამისად, მის საფუძველზე დაანგარიშებაც არასწორია (იხ.ს.ფ.25)
7.3. გადაზიდვის ურთიერთობებში ვაგონების მოცდენაზე პასუხისმგებლობა ბრალის გარეშე არ დგება. ყულევის შავი ზღვის ტერმინალში ტვირთის შესვლის შემდეგ მის დროულ დაცლაზე და ვაგონების დაბრუნებაზე პასუხისმგებელი იყო ტვირთის მიმღები. სწორედ ის იყო ვალდებული, მიეღო ტვირთი. ამის შესაძლებლობას ადასტურებდა ტერმინალის ხელმძღვანელობის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილიც (იხ.ს.ფ.80).
8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 500 ლარის გადახდა.
8.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის ბრალით მოცდა ვაგონები, კერძოდ: მოსარჩელემ მოპასუხეს 2014 წლის მარტში N 394056 გადაზიდვის დავალების და საგზაო უწყისის საფუძველზე მიაწოდა ექვსი დახურული ტიპის ვაგონი რკინიგზის სადგურ „ფართო წყლის“ მე-5 ლიანდაგზე, რაზეც გაიხსნა საერთო ფორმის N 132701 აქტი და N 229139 სამახსოვრო. მან ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დროულად არ დაცალა ვაგონები, რის გამოც, მოცემულ პერიოდში, დანიშნულების სადგურში მიტანილი ვაგონები მოცდა.
8.2. მოსარჩელის დარიცხვისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის გადაანგარიშების ცხრილით №129039, ვაგონების მოცდენისათვის ჯამში გადასახდელი თანხა, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენდა 29 500.00 ლარს.
8.3. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მეშვიდე და 23-ე მუხლის პირველი ნაწილები, 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 36-ე მუხლის მეათე და 44-ე მუხლის მეორე ნაწილები, სსკ-ის 402-ე მუხლი.
9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა. კერძოდ:
9.1 სასამართლომ არასწორად დაადგინა და სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეზე დაიკითხა მოწმე (სადგურ ფართო წყლის დირექტორი), რომელმაც დაადასტურა ის გარემოება, რომ ვაგონები დასაცლელად მიეწოდა ტერმინალს, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ტრანზიტული ტვირთი. მიწოდება განხორციელდა ტერმინალის კუთვნილი თბომავლის მეშვეობით. ტერმინალი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ზონაა და არ წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიას. ვაგონების ტერმინალში ყოფნას ადასტურებს 2014 წლის 7 მარტს შედგენილი სარკინიგზო ტანკერების აზომვის ანგარიში.
9.2. სამახსოვროს მონაცემები უტყუარი ვერ იქნება. მას ხელს არ აწერს მოპასუხის წარმომადგენელი. შესაბამისად, არ არის დადასტურებული მასში შეტანილი მონაცემების სიზუსტე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სარკინიგზო კოდექსის 25.4-ე, 22.7 მუხლები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევას არ არეგულირებს. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის 36-ე მუხლთან კომბინაცია ადგენს ტვირთმიმღებისა და არა გამგზავნის პასუხისმგებლობას.
9.3 გარდა ამისა, ვაგონების მოცდენა რომც დადასტურებულად მიგვეჩნია, მაინც არ იარსებებდა მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი, რადგანაც მისი მოცულობა არ შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ დადგენილი სატვირთო გადაზიდვების ტარიფებისა და დამატებით საფასურების მე -VIII მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტებს. ვაგონები, რომელთა მოცდენისთვისაც მოითხოვს მოსარჩელე თანხის დაკისრებას, საკუთრივ რკინიგზის პარკის იყო და ფოთის სადგურიდან სადგურ ფართო წყალში გავიდნენ, რაც ზემოაღნიშნული რეგულაციის თანახმად გამორიცხავდა ერთი ვაგონის მოცდენისათვის 500 ლარის დაკისრებას თითოეულ დაყოვნებულ დღე-ღამეზე.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა:
10.1.სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ტვირთგამგზავნის მხრიდან ვაგონების მოცდენის ფაქტი 24 სთ-ზე მეტი დროით. პალატამ განმარტა, რომ სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა დასტურდებოდეს კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით. მოცემულ შემთხვევაში გადამზიდველი ტვირთგამგზავნის იურიდიული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ დოკუმენტად მიუთითებდა საერთო ფორმის აქტზე, თუმცა ამ აქტიდან არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება - 24 საათზე მეტი ვადით ვაგონების მოცდენა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თუნდაც დადასტურებულიყო ვაგონების მოცდენა, მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა დადგენილ ტარიფს სს ”სა-ს რკ-ის” სატვირთო გადაზიდვების ტარიფებისა და დამატებით საფასურების მე -VIII მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე. სასამართლოს მიერ უდავოდ იქნა დადგენილი, რომ ვაგონები, რომლებიც მოცდა, საკუთრივ რკინიგზის პარკის ვაგონებს წარმოადგენდა და ფოთის სადგურიდან სადგურ ,,ფართო წყალში“ გაჩერდნენ, რაც ზემოაღნიშნული რეგულაციის თანახმად გამორიცხავს ერთი ვაგონის მოცდენისათვის 500 ლარის დაკისრებას თითოეულ დაყოვნებულ დღე-ღამეზე.
11. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გადამზიდველმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
11.1. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ მუხლების მოთხოვნები. ვაგონების მოცდენის ფაქტი დასტურდებოდა საერთო ფორმის #132701 აქტითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების #229139 სამახსოვროთი. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა და შეაფასა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ფაქტები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 668-ე, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მეშვიდე, 23-ე მუხლის პირველი, 26-ე მუხლის მეშვიდე, 36-ე მუხლის მეათე ნაწილები და 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულაციები.
11.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს გამოიტანოს დასკვნა საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13. ტვირთგამგზავნსა და გადამზიდველს შორის 2014 წლის 1 მარტს დაიდო საზღვაო საწვავის (დიზელის) ქ. ფოთის პორტიდან რკინიგზის სადგურ ფართო წყლამდე გადაზიდვის ხელშეკრულება. [სსკ-ის 668-ე მუხლი].
14. 2014 წლის 5 მარტს მოსარჩელემ ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სარკინიგზო სადგურის „ფართო წყლის“ მე-5 ლიანდაგზე ტვირთგამგზავნს დასატვირთად მიაწოდა დახურული ტიპის ექვსი ვაგონი, რაზეც გაიხსნა საერთო ფორმის აქტი #132701 და სამახსოვრო ბარათი #229139. გადამზიდველის მტკიცებით, ვაგონები მოცდა სადგურ „ფართო წყალში“ და ამაში ბრალი მიუძღოდა ტვირთგამგზავნს.
15. გადამზიდველი ტვირთგამგზავნზე 24 სთ-ზე მეტი მომსახურების გაწევისათვის 29 500 ლარის დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმაზე, რომ ამ უკანასკნელმა ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სარკინიგზო სადგურის „ფართო წყლის“ მე-5 ლიანდაგზე ვაგონები დააყოვნა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ გარემოების დასაბუთებისას იგი ეყრდნობოდა საერთო ფორმის აქტს #132701 და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების #229139 სამახსოვროს. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მითითებული დოკუმენტები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავდნენ და მათი გამოყენება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ შეიძლებოდა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვაგონების მოცდენის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს (გადამზიდველს) ეკისრება. ამ გარემოების დასაშვებ მტკიცებულებად კანონმდებელი განიხილავს კანონით დადგენილი წესით შედგენილ საერთო აქტს [სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე და სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილები]. საერთო აქტის შედგენის წესი განსაზღვრულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას (წესები დამტკიცებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის #26 ბრძანებით). მხარეებმა საქმის საკასაციო განხილვისას დაადასტურეს, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ ზემოაღნიშნული წესებით. წესების მიხედვით, საერთო ფორმის აქტში, რომლის საფუძველზეც გადაიხდება რკინიგზის ვაგონებით (კონტეინერებით) სარგებლობის საფასური აღინიშნება ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნების მიზეზი, მისი ნომრები, დაყოვნების დაწყებისა და დამთავრების, აგრეთვე დაყოვნების ფაქტობრივი დრო [იხ. წესები მუხლი 440.“ა“]; გადამზიდველის მიერ შედგენილი საერთო აქტი #132701 კი ამ თვალსაზრისით არ წარმოადგენს სამართლებრივად დასაშვებ მტკიცებულებას, რადგანაც სრულყოფილ და საკმარის ინფორმაციას არ შეიცავს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოდგენილი საერთო აქტით #132701, მიწოდებული ვაგონების დაყოვნების დრო დაახლოებით 18 საათია და არა 24 საათზე მეტი, როგორც ამას ამტკიცებს კასატორი. აქტის მიხედვით, ვაგონები 2014 წლის 5 მარტს 18:43 წუთზე დადგა სადგურ ,,ფართო წყლის“ მეხუთე ლიანდაგზე ტვირთმიმღების მოლოდინში, ხოლო მოცდენა დასრულდა იმავე წლის 6 მარტს 11:40 წუთზე (საერთო აქტის მტკიცებულებითი ღირებულება ასევეა განმარტებული სასამართლო პრაქტიკითაც იხ. საქმე #ას-1033-968-2012, 11.10.2012 წელი და საქმე #ას-455-769-09 3.12.2009 წელი). საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს კასატორის პოზიციის უსაფუძვლობასთან მიმართებით საქმის ფურცელ 83-ზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაზე, რომლითაც დგინდება, რომ წინამდებარე განჩინების პ.4-ში მითითებული ვაგონები 2014 წლის 7 მარტისათვის სადგურ „ფართო წყალში“ აღარ იდგნენ და ისინი ყულევის შავი ზღვის ტერმინალში იყვნენ განთავსებული, სადაც ისინი შპს „SG- ჯო-----ის“ წარმომადგენელმა გაზომა.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმაშიც, რომ არც სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების #229139 სამახსოვრო არ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღინიშნა ვაგონების მოცდენის გარემოების დამადასტურებელი ერთადერთი დასაშვები მტკიცებულება საერთო აქტია. შესაბამისად, სამახსოვროს მონაცემები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთო აქტის მონაცემებს, მეორეც, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ მიხედვით, სამახსოვრო როგორც წესი, განკუთვნილია ტვირთმიმღებისა და არა ტვირთგამგზავნისათვის (იხ.წესების 355-ე მუხლი). გარდა ამისა, იგი ხელმოწერილი უნდა იყოს არა მარტო რკინიგზის წარმომადგენლის, არამედ ტვირთმიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერაც. ტვირთმიმღებს კი, მოცემულ შემთხვევაში მყიდველი წარმოადგენდა (CO--L EN---Y PTE LTD). საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ სამახსოვროს მონაცემები ვაგონების მიწოდება-მოცდენასთან დაკავშირებით არ ემთხვევა საერთო აქტის მონაცემებს. შესაბამისად, მასზე დაყრდნობით ტვირთგამგზავნის ბრალით ვაგონების მოცდენაზე დასკვნის გამოტანა არ შეიძლება.
17. ამრიგად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლის გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 408 -ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „სა-ს რკ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი