Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210114565845

საქმე №ას-835-786-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი

№ას-835-786-2015კა- თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს სა-ო სა-ო კო-ა კა- -KA-A (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გრ- ტრ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საგარანტიო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 3 თებერვალს შპს „გრ-ტრ-სა“ (შემდეგში: „მოსარჩელე ან ბენეფიციარი“) და შპს „სუ-ა სა-ს“ (შემდეგში: „კომპანია ან პრინციპალი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (შემდეგში: „მიწოდების ხელშეკრულება“) კონსიგნაციის წესით (გადახდის განვადებით) საწვავის მიწოდების თაობაზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და 505-ე მუხლი].

2. 2014 წლის 5 თებერვალს შპს სა-ო სა-ო კო-ა კა- - KA-A-სა (შემდგომში - გარანტი) და კომპანიას შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისად გარანტმა, მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრინციპალის ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, გასცა საბანკო გარანტია. საგარანტიო თანხად განისაზღვრა 150 000 ლარი [სსკ-ის 879-ე და 888-ე მუხლები].

3. 2014 წლის 7 თებერვალს ბენეფიციარმა პრინციპალს მიაწოდა 76 510 ლიტრი დიზელის საწვავი, რომლის ღირებულებამ 149 959,6 ლარი შეადგინა. პრინციპალმა შეთანხმებულ ვადაში არ გადაუხადა ბენეფიციარს მიწოდებული საწვავის ღირებულება.

4. 2014 წლის 31 მარტს ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს და მოითხოვა გარანტიის - 149 959,6 ლარის გადახდა [სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი], მაგრამ გარანტმა მოთხოვნილი თანხა არ აანაზღაურა.

5. 2014 წლის 13 მაისს პრინციპალმა ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება 5000 ლარის გადახდით ნაწილობრივ შეასრულა, შესაბამისად, დავალიანება 144959,6 ლარამდე შემცირდა.

6. ბენეფიციარმა სარჩელი აღძრა გარანტის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 149 959,6 ლარის გადასახდელად დაკისრება.

7. გარანტმა უარი განაცხადა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, ვინაიდან პრინციპალმა დაარღვია 2014 წლის 5 თებერვლის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მე-17 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნა და არ განახორციელა გარანტორის პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო შეთანხმების შესრულება ევალებოდა პრინციპალს. პრინციპალი ვალდებული იყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, დაერეგისტრირებინა გარანტორი პირველი რიგის იპოთეკარად. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გავლენას ვერ მოახდენს გარანტის უფლება-მოვალეობებზე ბენეფიციარის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე თავის ავტონომიურობას მაშინაც კი ინარჩუნებს, როცა საბანკო გარანტიაში კონკრეტულად არის მითითებული პრინციპალის მიერ შესასრულებელი პირობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრინციპალის მიერ მასა და გარანტს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობა არ შეიძლება გამხდარიყო ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი. ამ დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 879-ე, 880-ე და 888-ე მუხლები.

9. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება გარანტმა გაასაჩივრა აპელაციის წესით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება გარანტმა გაასაჩივრა კასაციის წესით. კასაცია დამყარებულია შემდეგზე:

11.1 გარანტია შეწყვეტილი იყო იმის გამო, რომ პრინციპალმა დაარღვია 2014 წლის 5 თებერვლის გარანტიის ხელშეკრულების მე-17 მუხლის „ა“ პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. მან არ განახორციელა გარანტორის პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია. შესაბამისად, არ არსებობდა ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

11.2 სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 881-ე მუხლი. ამ ნორმის შინაარსი, ისევე, როგორც უზენაესი სასამართლოს განმარტება საქმეზე #ას-781-996-08, გულისხმობს პრინციპალსა და გარანტს შორის არსებულ ძირითად ვალდებულებას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები არ ეწინააღმდეგება კასატორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის (საქმე ##ას-781-996-08) გადაწყვეტილებით გაკეთებულ საბანკო გარანტიის მომწესრიგებელი ნორმების განმარტებებს.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს სა-ო სა-ო კო-ა ,,კა- -KA-A“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს სა-ო სა-ო კო--ა ,, კა- -KA-A-ს“ (ს/კ 40-5) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #1441382399, გადახდის თარიღი 05.09.15 სს „თიბისი ბანკი“) 7248 ლარის 70% – 5073,6 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი