საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210013360111
№ას-848-798-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი,
№ას-848-798-2015გი-ძე თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვა-ი გი-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მე-ა მი-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2010 წლის 25 მარტს ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,და-ი 2008-ის“ თავმჯდომარე ი- ჩე-სა (შემდეგში:„წილის დამთმობი“) და ვა-ი გი-ძეს (შემდეგში: “მოსარჩელე ან კასატორი“) შორის გაფორმდა წილის უფლების დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, წილის დამთმობი მოსარჩელეს გადასცემდა კუთვნილი წილის უფლებას ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,და-ი 2008-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისში, ც. და-ის №141-ში, №143-ში, №145-ში, №147-ში; სვ-ის ქ. №19ა-ში, №19ბ-ში, №21, ქუჩა ლე-ის №20ა-ში, ლე-ის/ მ-ის №20ა/89-ში, ლე-ის №22-ში, მდებარე მშენებარე კორპუსში, პირველი სადარბაზო, მე-6 სართულზე არსებულ 30,72 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე ბინა №32-სა და ავტოფარეხზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 198-ე მუხლი).
2. 2013 წლის 27 თებერვალს მოსარჩელესა და მე-ა მი-ას (შემდეგში: „მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე“) შორის დაიდო წილის ნაწილისა და მოთხოვნის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხემ შეიძინა მოსარჩელის კუთვნილი წილი, კერძოდ: ქ. თბილისი, ც. და-ის №141-ში, №143-ში, №145-ში, № 147-ში; სვ-ის ქ. №19ა-ში, №19ბ-ში, №21-ში, ლე-ის №20ა-ში, ლე-ის/ მა-ის №20ა/89-ში, ლე-ის №22-ში, მდებარე მშენებარე კორპუსში, პირველი სადარბაზო, მე-6 სართულზე არსებულ 30,72 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე ბინა №32 და ავტოფარეხზე.
3. მოპასუხის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში [სსკ-ის 183-ე და 312-ე მუხლები].
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2013 წლის 27 თებერვლის წილის ნაწილისა და მოთხოვნის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, იბა ,,და-ი 2008-ის“ მშენებარე კორპუსში მდებარე ავტოფარეხის ნაწილში და ამ ნაწილში საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უფლების გაუქმება.
5. სარჩელი დამყარებული იყო იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს არ გაუსხვისებია ავტოფარეხის წილზე უფლება, რადგანაც, ეს უფლება არ ყოფილა 2013 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულების საგანი. ავტოფარეხის წილზე უფლების გასხვისებაზე მხარეები არ შეთანხმებულან და მოპასუხეს რეალურად არ გადაუხდია შეძენის თანხა. ამ უკანასკნელისათვის ავტოფარეხის ადგილმდებარეობაც კი უცნობია. 2013 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებაში ავტოფარეხის წილზე მითითება განპირობებულია იურისტის არასწორი კონსულტაციით, რაც გულისხმობდა იმას, რომ ხელშეკრულებაში ავტოფარეხის წილზე ჩანაწერის არსებობა არ იწვევდა მის გასხვისებას და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 50-ე, 52-ე, 54-ე და 327-ე მუხლები.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სასამართლომ არ ჩათვალა, რომ არსებობდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 180-ე მუხლი]. მოსარჩელემ საქმის განხილვის პროცესში დააზუსტა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი და მიუთითა, რომ, ბათილობის შემთხვევაში, მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა ამხანაგობასთან შეთანხმებით ამ უფლების გაუქმება, ვინაიდან მან (მოსარჩელემ) სრულად არ შეასრულა ამხანაგობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არქიტექტურული მომსახურების თაობაზე და, აქედან გამომდინარე, არც ავტოფარეხის წილზე უფლება არ მოუპოვებია. სასამართლომ მიუთითა, რომ დავა უფლებაზე, რომელიც მხარეს მისივე მითითებით არ გააჩნია, ბუნდოვანსა და გაუგებარს ხდის ბათილობის ინტერესს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული უფლების (ავტოფარეხის წილზე მოთხოვნა) განხორციელება სხვა მესამე პირის ინტერესებს ეხება, შესაბამისად, ჩნდება სწორედ სხვა პირის უფლების დაცვის წინაპირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ, კერძოდ, იბა ,,და-ი 2008”-ის მშენებარე კორპუსში ავტოფარეხის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე და საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე უძრავი ნივთის წილზე რეგისტრირებული უფლების გაუქმების თაობაზე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის საცხოვრებელ კორპუსს არა აქვს და არც პროექტით იყო გათვალისწინებული იზოლირებული, ინდივიდუალური ავტოფარეხები. კორპუსს გააჩნია ღია ავტოპარკინგის სართულები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ამგვარი იყო სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას და იგი არც ამჟამად შეცვლილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე ხელშეკრულებაში (25.03.2010 და 27.02.2013) ავტოფარეხის, და ავტოფარეხის წილზე მითითება გულისხმობდა საცხოვრებელი კორპუსის ავტოპარკინგისათვის განკუთვნილ სართულზე შესაბამის წილს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უფლება, რომელიც გადმოცემული ჰქონდა წილის დამთმობისაგან, მან იმავე სახით გადასცა მოპასუხეს [სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილი].
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნები.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვა-ი გი-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ვა-ი გი-ძეს (01-8) დაუბრუნდეს მ- ჩე-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #78, გადახდის თარიღი 16.09.15 სს „საქართველოს ბანკი“), 415 ლარის, 70% – 290,50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი