Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №180210-13295321

ას-937-887-2015 10 ნოემბერი, 2015 წელი,

№ას-937-887-2015თა-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მე-ბ თა-ი (აპელანტი)

გარიგებითი წარმომადგენელი - მალხაზ გობოსაშვილი

მოწინააღმდეგე მხარე – გე- თა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის განუხილველად დატოვება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მე-ბ თა-ი (შემდგომში: „მოსარჩელე ან „პირველი აპელანტი“) და გე- თა-ი (შემდგომში: „მოპასუხე ან მეორე აპელანტი“) ძმები ა-ნ. ისინი ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მი-ში. მათი მშობლები იყვნენ მა-მ და იო-ბ თა-ები, ორივე მათგანი გარდაცვლილია.

2. 20-1 წლის 2 ოქტომბერს აწ გარდაცვლილმა მა-მ თა-მა (შემდეგში: “გამჩუქებელი“) მოპასუხეს აჩუქა უძრავი ნივთები. ჩუქება გაფორმდა წერილობით და დამოწმდა სანოტარო წესით, როგორც ამას ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 524-ე, 525.2 და 183-ე მუხლები. ჩუქების საგანს წარმოადგენდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მი-ში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი: 0.160 ჰა (საცხოვრებელი სახლის მიმდებარე სარეგისტრაციო #7-), 0.150 ჰა (აბანოსთან მიმდებარე სარეგისტრაციო #7-) და 0.44 ჰა (ბენზინის გასამართ სადგურთან მიმდებარე სარეგისტრაციო #7-).

3. 2013 წელს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

3.1. 20-1 წლის 2 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გამჩუქებლის (დედამისის) ხელმოწერა ყალბია.

3.2. კომლის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და, საცხოვრებელი სახლის 3/5 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ 1993 წელს, როდესაც მიწის რეფორმა ჩატარდა, ის კომლის წევრი იყო და აქედან გამომდინარე, კომლის სხვა წევრებთან ერთად კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრეც.

4. 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მი–ში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდებით: #72.03.1-.1-. და #72.03.0-.0-).

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

5.1. ნაწილობრივად ბათილად იქნა ცნობილი გამჩუქებელსა და მოპასუხეს შორის 2001 წლის 2 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (1600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების, მდებარე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მი-ში, საკადასტრო კოდით №72.03.1-.1-, შემდეგში: „უძრავი ქონება“) 1/9 წილის თანამესაკუთრედ.

5.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული წინამდებარე განჩინების პ.4.1.-ში აღნიშნული უძრავი ქონების 22/45 წილის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში - 2001 წლის 2 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზეც.

6. რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

7.1.მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული წინამდებარე განჩინების პ.4.1.-ში აღნიშნული უძრავი ქონების 4/9 ნაწილის მესაკუთრედ.

7.2.ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 2 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება 4/9 ნაწილში.

7.3.მოსარჩელის მოთხოვნა, გამჩუქებელსა და მოპასუხეს შორის 2001 წლის 2 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების 5/9 ნაწილის ფარგლებში ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

7.4.მოსარჩელის მოთხოვნა 0,150 ჰა და 0,440 ჰა მიწის ნაკვეთების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ამ ნაწილში არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი.

7.5.ნაწილობრივ გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №2/268-13 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით: 72.03.0-.0--) ნაწილში. ყადაღა მოეხსნა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

7.6.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 564 ლარის გადახდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7,8,9 პუნქტები და წინამდებარე განჩინების 6.4. - 6.5. და 6.6 პუნქტები) კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ (პირველი აპელანტი). საჩივრის ავტორის მოსაზრებით:

8.1. სასამართლოს მიერ კომლის ქონების გაჩუქებული ნაწილის 4/9 ნაწილზე მისი საკუთრების უფლების აღიარება ავტომატურად წარმოშობდა მის იურიდიულ ინტერესს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით.

8.2. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, არასწორად, ნაკლები დააკისრა, ვიდრე ეკუთვნოდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეცხრე პუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გაანგარიშების) ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში იმავე პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას 0,150 ჰა და 0,440 ჰა მიწის ნაკვეთების ჩუქების ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის განუხილველად დატოვებასთან მიმართებით და მიზანშეწონილად მიაჩნია, დამატებით განმარტოს შემდეგი:

11.1. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მოუთხოვია გაჩუქებული ქონების/ან მისი ნაწილის - 0.150 ჰა-ს და 0.440 ჰა-ს მიწის ნაკვეთების - (იხ. 2001 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულების ჩუქების ხელშეკრულება) მიკუთვნება, რაც გამორიცხავს ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომლის ქონების გაჩუქებული ნაწილის 4/9 ნაწილზე მისი საკუთრების უფლების აღიარება ავტომატურად წარმოშობდა მის იურიდიულ ინტერესს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

11.2. მართალია, სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის მიღებაზე უარი თქმის საფუძველია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების საფუძველზე [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)] უფლებამოსილი იყო, ამ ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგაც განუხილველად დაეტოვებინა მოთხოვნა.

11.3. რადგანაც წინამდებარე განჩინების 11.1. პუნქტის თანახმად - არ არსებობდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 72.03.0-.0--) 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის - გამოყენების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სრულიად მართებულად გააუქმა მითითებულ ქონებაზე არსებული საპროცესო-სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა.

12. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მე--ბ თა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრებული (7-8) პუნქტები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი