საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №020230815812321
№ას-995-939-2015 10 ნოემბერი, 2015 წელი
№ას-995-939-2015სა-ე თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „სა-ე“ (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – და- ხუ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. და- ხუ-ძემ (შემდეგში: „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა შპს „სა-ეს“ (შემდეგში: „განმცხადებელი, საწარმო ან მომჩივანი“] წინააღმდეგ საწარმოში მისი კუთვნილი 25%-იანი წილის შესაბამისად, 2012 წლის მიუღებელი დივიდენდის, 13 133,77 ლარის, დაკისრების მოთხოვნით [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 , მერვე და 57-ე მუხლები].
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც აპელაციის წესით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და განმცხადებელს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 13 133,77 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 264-ე მუხლი].
4. 2015 წლის 22 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საწარმომ. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება [სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი] შემდეგი საფუძვლებით:
4.1. საქმის განხილვის დროს განმცხადებელს არ მიეცა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. 2012 წლის მდგომარეობით, საწარმოს საგადასახადო მოგებამ შეადგინა 52 535 ლარი; 2012 წლის 6 მარტს მან სარგებელთან ერთად დაფარა სესხი, 52000 ლარი, რომელიც 2008 წელს ისესხა შპს ,,ეკ-გან”. ამდენად, საწარმოს რეალური (საფინანსო) მოგება იყო 535 ლარი, რომლიდანაც მოწინააღმდეგე მხარეს დივიდენდად უნდა მიეღო ამ თანხის 25% - 133.75 ლარი და არა სასამართლოს მიერ დაკისრებული 13 133 ლარი;
4.2. შპს ,,აუ-ტ-ფრ-ის” 2015 წლის 29 აპრილის №36 და 2015 წლის 12 ივნისის №50 აუდიტორული დასკვნებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, მიიღო რა საპარტნიორო წილის 13 811 ლარის კომპენსაცია , 2009 წლიდან დივიდენდების მიმღებ პარტნიორს აღარ წარმოადგენდა. კომპენსაციის მიღება დადასტურებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება. მორიგების ერთ-ერთი პირობა კი იყო ის, რომ განმცხადებელი უარს ამბობდა საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე - მოწინააღმდეგე მხარეს დაჰკისრებოდა მითითებული საკომპენსაციო თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ ჰქონდა. ისინი ამოიღო ფინანსურმა პოლიციამ. აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნდა მათი მოპოვებისა და სასამართლოსათვის წარდგენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაც მოწმობს, რომ საწარმოში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე დივიდენდი არ უნდა განაწილდეს, ხოლო თავისი წილის საწარმოდან გამტანი პარტნიორი კი, კარგავს უფლებას, მიიღოს დივიდენდი. განმცხადებლის აზრით ამ მტკიცებულებების სასამართლო განხილვის დროს წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად შემდეგნაირად დასაბუთდა :
5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ არის საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგანაც იმავე გარემოებებზე მიუთითებდა იგი უშუალოდ საქმის არსებითი განხილვის დროსაც და ეს გარემოებები სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანი. აღსანიშნავია ისიც, რომ აუდიტორის სამართლებრივი შეფასებები პარტნიორის მიერ წილის საკომპენსაციო თანხის მიღების შემდეგ დივიდენდის მიღების უფლების დაკარგვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების უკანონობის თაობაზე ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ ფაქტობრივ გარემოებად.
5.2. გარდა ამისა, განმცხადებელს, სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ შეეძლო ამ გარემოებებზე მითითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა საქმის არსებითი განხილვის დროს. თუ ამის ობიექტური მიზეზები არსებობდა, მაშინ მას უფლება ჰქონდა, სსსკ-ის 134-ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლებით ესარგებლა და დასაბუთებული შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, რაც მას არ გაუკეთებია.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება განმცხადებელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. საჩივრის ავტორის მოსაზრებით:
6.1. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მტკიცება, რომ აუდიტორული დასკვნის წარდგენა შესაძლებელი იყო დავის სასამართლო განხილვის დროს;
6.2. არასწორია სასამართლოს მტკიცება, რომ აუდიტორული დასკვნა არ არის ახლადაღმოჩენილი გარემოება საქმესთან მიმართებით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სახელდობრ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
11. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას ამყარებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე. იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის უსაფუძვლობას, თავის დროზე ამოიღო ფინანსურმა პოლიციამ და ამის გამო მან ვერ შეძლო მათი წარდგენა საქმის განხილვისას. გარდა ამისა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ უარი თქვა 2010 წლის დივიდენდის მიღებაზე, რაც საფუძვლად დაედო მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, მას აღარ ჰქონდა უფლება, ხელახლა განეცხადებინა იგივე მოთხოვნა [სსსკ-ის 271-ე მუხლის „დ“ პუნქტი].
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგანაც გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი აპელირებს, თავის დროზე მან ასახა საკასაციო საჩივარში (იხ.ტომი 1. ს.ფ. 250) და შესაბამისად, მათზე იმსჯელა საკასაციო სასამართლომ, რომელმაც შემდეგი დაასკვნა გამოტანა : „ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დივიდენდის გამოცხადებისა და გადახდის კომპეტენციას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი დირექტორს აკუთვნებს, დაუშვებელია დირექტორის ეს უფლება არამართლზომიერად იქნეს გამოყენებული და უსაფუძვლოდ შეზღუდოს პარტნიორის უფლება დივიდენდის მიღებაზე. ნებისმიერი სამოქალაქო უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.) და ამდენად, სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები.სასამართლოს უპირველესი ამოცანა კი, უფლების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებაა.მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად დივიდენდის განაწილების პროცედურული წესის დარღვევაზე კასატორის მითითება, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ხ-ს მიეკუთვნა საზოგადოების 2012 წლის დივიდენდი სამართლებრივად სწორია. კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ „დივიდენდების სახით პარტნიორთა შორის ნაწილდება საფინანსო მოგება და არა საგადასახადო მოგება, ხოლო დ. ხ-ს მიერ დასახელებული თანხა - 52 535 ლარი იყო შპს-ს 2012 წლის საგადასახადო მოგება. საზოგადოებას კი, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში უწევს ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ან ხდება შეზღუდული რაოდენობით მათი გამოქვითვა“, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია „მოგება“, ფინანსური გაგებით, არის მთლიანი შემოსავლისა და ხარჯების სხვაობა (არარეალიზებული შემოსავლის და ხარჯების გაუთვალისწინებლად), თუმცა კასატორის მითითებული პოზიცია შესაგებლით შესადავებელი ფაქტია, რომელზე შედავების პროცესუალური უფლებამოსილება მოპასუხემ (კასატორმა) დაკარგა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობით“ (იხ. საქმე #ას-1063-1018-2014 2015 წლის 8 აპრილი).
12. საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მომჩივანის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, მოწინააღმდეგე მხარემ დაკარგა დივიდენდის ხელახლა მოთხოვნის უფლება. მითითებული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა საწარმოში მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, 2010 წლის მიუღებელი დივიდენდისა და მისი მიუღებლობით მიყენებული ზიანის 17 490 ლარის საწარმოს დირექტორისათვის დაკისრებას. 2014 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საგანს კი, რომლის გაუქმებასაც განმცხადებელი მოითხოვს, წარმოადგენდა საწარმოში მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი 25%-იანი წილის შესაბამისად, 2012 წლის მიუღებელი დივიდენდის, 13 133.77 ლარის დაკისრება.
13. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სა-ეს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი