Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ 010210014620260

№ას-1104-1039-2015 10 ნოემბერი, 2015 წელი,

№ას-1104-1039-2015გო- თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „გო-“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნა- სა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გაჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნა- სა-ემ (შემდეგში: „მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „გო-ს“ (შემდეგში: „მოპასუხე ან აპელანტი“) წინააღმდეგ დამფუძნებელ წევრთა საერთო კრების მიერ 2014 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელის ამხანაგობიდან გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მან მოითხოვა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობიდან მისი ნებაყოფლობით გასულად აღიარება და კუთვნილი წილის საკომპენსაციოდ, მოპასუხისათვის 2011 წლის 20 აპრილის კრების №2 ოქმით და 2014 წლის 19 თებერვლის №7 ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების და შესაბამისად, 150 მ2 ორი ოროთახიანი საშუალოდ გარემონტებული ბინის ღირებულების 93 200 აშშ დოლარის დაკისრება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დამფუძნებელ წევრთა 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის ამხანაგობიდან გარიცხვის თაობაზე. მოსარჩელე აღიარებულ იქნა ამხანაგობიდან ნებაყოფლობით გასულად და ამ უკანასკნელის წილის საკომპენსაციოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 93 200 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. 2015 წლის 2 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა შპს „სა-ო კო-ა სა-ი კო-ას“ (შემდეგში: „ვალდებული პირი“) აკრძალვოდა მოპასუხის წინაშე 2014 წლის 4 მარტის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების შესრულება მოსარჩელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულ პირს აეკრძალა მოპასუხის წინაშე 2014 წლის 4 მარტის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების შესრულება მოსარჩელის წერილობითი თანხმობის გარეშე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 271-ე, 191-ე და 198-ე მუხლები].

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება [სსსკ-ის 194.5 მუხლი].

6. საჩივარი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:

6.1. ვალდებულმა პირმა 2014 წლის 20 აგვისტოს წერილით ცალმხრივად უარი თქვა 2014 წლის 4 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ გადაცემული მიწის ნაკვეთი ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.

6.2. მოსარჩელე უსაფუძვლოდ ედავება მოპასუხეს, რადგანაც ამ უკანასკნელს შესრულებული აქვს მის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ნაცვლად 64 კვ.მ. ფართისა, მოსარჩელეს გადაეცა 150 კვ.მ. ასაშენებელი ფართი. მოსარჩელეს შეეძლო სხვადასხვა პირობებით მოლაპარაკებები ეწარმოებინა ვალდებულ პირთან, რის შესახებაც მოპასუხემ წერილობით აცნობა მას.

7. მოპასუხის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში [სსსკ-ის 1971 მუხლი].

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

11. შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს აძლევს უფლებას, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები და გამოიტანოს განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

12. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დამფუძნებელ წევრთა 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის ამხანაგობიდან გარიცხვის თაობაზე. მოსარჩელე აღიარებულ იქნა ამხანაგობიდან ნებაყოფლობით გასულად და ამ უკანასკნელის წილის საკომპენსაციოდ მოპასუხეს დაეკისრა 93 200 აშშ დოლარის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას ასაბუთებდა იმით, რომ მოპასუხე არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას არ გააჩნდა თავისუფალი ფულადი სახსრები, მის სახელზე არ ირიცხებოდა უძრავი ქონება. ერთადერთი აქტივი, რომელიც მოპასუხეს შეიძლება ჰქონოდა, ეს იყო ვალდებულ პირთან 2014 წლის 4 მარტს დადებული უძრავი ქონების წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები (ვალდებულმა პირმა უნდა გადასცეს მოპასუხეს საკუთრებაში ჯამში 2 200 კვ.მ უძრავი ქონება).

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი ალბათობით შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მოპასუხის გადახდისუუნარობის გამო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდეს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

15. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.

16. ამდენად, საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმების დასაბუთებას იმით კი არ ცდილობს, რომ იგი გადახდისუნარიანია და შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ შეექმნება, არამედ ისეთ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა ანალიზის შედეგად კიდევ უფრო ცხადი ხდება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა, მყარდება იმის რწმენა, რომ მოპასუხე არ ან ვერ შეასრულებს სამომავლოდ გადაწყვეტილებით დადგენილ ვალდებულებას.

17. აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დასაცავად და უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე # 40765/02 „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „გო-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი